სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია RMG-ის განცხადება

იუნესკოს, ევროკომისიის განათლებისა და კულტურის დირექტორატს, ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მუდმივმოქმედ კომიტეტს, მსოფლიო ბანკს, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS), კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრს (ICCROM), ევროპის საბჭოს ოფისს თბილისში, ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დირექტორატს, საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს

მიმდინარე წლის 22 აპრილს გამოქვეყნდა ICOMOS საქართველოს განცხადება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დარგში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც აღნიშნულია რომ თითქოსდა კომპანია RMG-ის მოთხოვნით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ბათილად ცნო საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსი.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნული მტკნარი სიცრუე და ცილისწამებაა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმაციას და მოვლენათა განვითარების ნამდვილი არსის დამახინჯებას თუ გაუკუღმართებული სახით წარმოჩენას.

სინამდვილეში კი უტყუარად არის დადასტურებული, რომ საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება თავის დროზე გაყალბებული, ფალსიფიცირებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა, რადგანაც არგუმენტი აღნიშნული სტატუსის მისანიჭებლად იმ დროისათვის არ არსებობდა.

მეტიც – რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება: სტატუსის მინიჭება 2006 წელს მოხდა, ხოლო შესაბამისი კვლევები და მათი ოფიციალური შედეგები კი ანგარიშები შემდგომ, კერძოდ 2007-2011 წლებშია შესრულებული! უფრო მეტიც – 2007 წლის ანგარიშში წარმოდგენილი და მიმოხილულია 2008, 2009 და 2010 წლების კვლევების შედეგები! რა უნდა ვუწოდოთ ამას, თუ არა დოკუმენტების ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია?

გვინდა საზოგადოებისათვის გავხადოთ ცნობილი, რომ 2009 წელს, ანუ მაშინ როცა საყდრისს გააჩნდა დაცვის უმაღლესი დონე – ძეგლის სტატუსიც, არქეოლოგიური დაცვის ზონაც და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაც, მოხდა ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი: ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ ძეგლზე სამუშაოები ჩაატარა მძიმე ტექნიკის – ექსკავატორების და რაც მთავარია – აფეთქებების გამოყენებით!საგულისხმოა, რომ კანონის ეს მეტად უხეში და უაპელაციო დარღვევა მათსავე 2009 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

თუ ვინმეს მართლაც მიაჩნია, რომ საყდრისი ძეგლია და გულწრფელად სურს ამის დაცვა – მაშინ ყველას თანაბრად უნდა სთხოვდეს პასუხს. სამწუხაროდ ეს ასე არ არის – ჩვენ არ გვახსენდება თუნდა ერთი სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის ICOMOS-ის რაიმე სახის პროტესტი, ან თუნდაც მცირე შენიშვნა ზემოხსენებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით – იქნება ეს დოკუმენტების ფალსიფიკაცია თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფა.

დეზინფორმაციაა ის განცხადებაც, რომ თითქოს კომპანია RMG, მისივე სალიცენზიო ტერიტორიაზე, სამუშაოებს აწარმოებს კანონმდებლობის დარღვევით – ესეც მტკნარი სიცრუეა. შეგახსენებთ, რომ ვერც დღემდე არსებული დოკუმენტაციის შესწავლამ, ვერც 2013 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე პრეისტო­რიული ოქროს მაღაროს ან ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლის თუ კულტურული ფენების არსებობა ვერ დაადასტურა, რისშემდეგაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2014 წლის 13 მარტს გასცა დადებითი დასკვნა მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაობის წარმოებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის გარშემო აგორებული ტალღა მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი საქმე კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებასთან გვაქვს, რაზეც ასევე მეტყველებს ერთი და იგივე პერსონაჟების ხან კულტურული მემკვიდრეობის დამცველების, ხანაც შრომითი ურთიერთობების ექსპერტების, ხან კი ეკომონიტორების და სხვა როლში წარმოჩენა.

აქედან გამომდინარე, ისევე როგორც ICOMOS საქართველო, ჩვენც მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ზემოხსენებული ფაქტების გამოძიება და გატარდეს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები, ხოლო შედეგები ეცნობოს საზოგადოებას.

და ბოლოს: ICOMOS საქართველოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თითქოს 2014 წლის 17 იანვარს კულტურის სამინისტროს სტრატეგიულმა საბჭომ განიხილა არქეოლოგების მიერ წარმოდგენილი მასალა და ერთხმად შეიმუშავა რეკომენდაცია ძეგლის სტატუსის აღდგენაზე, რაც სამინისტრომ არ შეასრულა. ასეთი მსჯელობა წარმოადგენს კანონმდებლობის მოთხოვნების შეგნებულ დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ვინაიდან, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება ხდება არა გაურკვეველი სტრატეგიული საბჭოს, არამედ სამინისტროსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის საფუძვლეზე. ასეთი რეკომენდაცია და შესაბამისად კანონიერი საფუძველი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა არ არსებობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100