სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უძველესი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო და ოჯახური ტრადიცია, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაგრძელდა - „მზეი“ ადგილობრივ ბაზარს სწრაფად ითვისებს

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამას ყველა ერთხმად აღიარებს. ჩვენს ქვეყანაში ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ტრადიცია არსებობს. მისი ისტორია ერთ-ერთი უძველესია ევროპის ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, საქართველოში 7000 წლის წინ ღვინის არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში.

თავის მხრივ, ქართული ღვინოები გამოირჩევა განსაკუთრებული არომატითა და დამზადების თავისებური ტექნოლოგიებით.

ადგილობრივ ბაზარზე უამრავი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩამოსხმულ ღვინოს ვხვდებით და არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. მას კიდევ ერთი ბრენდი, ბიო ღვინო - „მზეი“ შეემატა, რომლის დამფუძნებელმაც ძველი ოჯახური ტრადიცია გააგრძელა და ღმერთების სასმელს იმ ტექნოლოგიით ამზადებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

გთავაზობთ ინტერვიუს ზურა მოგელაძესთან, რომელიც ბიო ღვინო „მზეი“-სა და აქამდე განვლილი გზის შესახებ უამბობს მკითხველს:


- ბატონო ზურაბ, როგორ შექმენით კომპანია და რა გამოცდილებას დაეყრდენით?

- ჩვენ ვართ აფხაზეთიდან, კერძოდ განთიადიდან. ბაბუაჩემი იყო მეღვინე და გვქონდა ოჯახური მარანი, სადაც ღვინოს აყენებდა როგორც ქვევრში, ისე მუხის კასრებში.

ძირითადად იყო ციცქა-ცოლიკაური. მთელი ოჯახი იყო მეღვინეობაში ჩართული, თუმცა აფხაზეთის ომის შემდეგ დავკარგეთ ყველაფერი, ბაბუაჩემი საკუთარ სახლში მოკლეს, სახლი და მარანი გადაგვიწვეს.

მე საფრანგეთში მომიწია ცხოვრება, მორაგბე ვარ და იმ ქალაქში ვიყავი, სადაც მეღვინეობას მისდევენ. გამიჩნდა სურვილი, აღმედგინა ოჯახური ტრადიცია და 2012 წელს, როდესაც ჩამოვედი, ვიყიდე ნაკვეთი კახეთში. გადავწყვიტე გამეშენებინა ვენახი და დამეწურა ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთა ღვინო ზუსტად იმ ტექნოლოგიით, რასაც ჩემი წინაპრები იყენებდნენ.

- რომელი ჯიშის ყურძენი მოგყავთ ვენახში?

- მოგვყავს რამდენიმე ჯიში - რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ვარდისფერი რქაწითელი... ვენახი გაშენებული გვაქვს 5,5 ჰექტარზე. ავაშენეთ მარანი, რომელიც გათვლილია მარტო ჩვენი მოსავლის ტევადობაზე - 30 ტონა ყურძენზე.

მარანს აქვს თავისი სარდაფი, რომელშიც განთავსებულია 13 ტონა მოცულობის 32 ქვევრი. ჩვენი მიზანი იყო რომ ყოველი მოსავლიდან ღვინო დაგვეძველებინა. კახეთში მოყვანილი ყურძენი ხომ მაღალმჟავიანობით გამოირჩევა, რაც დაძველების დიდ პოტენციალს იძლევა. შესაბამისად, სამომავლოდ, ჩვენი პროდუქციის 30% დაძველებული საკოლექციო ღვინო იქნება.


- რაიმე განსაკუთრებული ტექნოლოგია თუ გაქვთ შემუშავებული, რითაც თქვენს მიერ წარმოებული ღვინო სხვა კომპანიების მიერ წარმოებულისაგან განსხვავდება?

- კი, რა თქმა უნდა. ეს არის ბიოლოგიურად სუფთა ღვინის დამზადების ოჯახური ფორმულა, რომელიც ჭაჭის სინთეზის შედეგად სასმელის ტანინიანობას განაპირობებს.

- რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს წარმოებაში?

- გარდა ოჯახის წევრებისა, კიდევ გვყავს დასაქმებული 25-მდე ადამიანი.

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ „მზეის“ წარმოებასთან დაკავშირებით?

- გვინდა გვქონდეს საკოლექციო ღვინოები, რომლებიც დაძველებული იქნება სულ მცირე სამი წლით. ამჟამად ათვისებული გვაქვს ქართული ბაზარი, თუმცა ვგეგმავთ, რომ გავიტანოთ ჩვენი ღვინო საქართველოს ფარგლებს გარეთაც - იმპორტზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100