სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 მაისი და ჩვენებური ომის ვეტერანები

ოთხმოციანი წლების მეორე ნახევრიდან, საბჭოთა იმპერიაში ისეთი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომლის თაობაზეც, მარქსიზმის თეორეტიკოსები, კლასთა ბრძოლის მათთვის ჩვეული შეფასებით, იტყოდნენ: „როდესაც ზედა ფენებს ძველებურად აღარ შეეძლოთ და ქვედა ფენებს ძველებურად აღარ უნდოდათ“. ამან განაპირობა, ერთის მხრივ, „პერესტროიკის“ ლოზუნგით, ზემოდან მავალი, ეგრეთ წოდებული „დემოკრატიზაციის“ სახელით საზოგადოებრივი ცხოვრების ლიბერალიზაცია და, მეორეს მხრივ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მზარდი აღმავლობა. გარემოებებთან შესაბამისობით, ერთბაშად იცვალა სახე იდეოლოგიისა და კულტურის სფეროში არსებულმა მდგომარეობამ და პრესიდან და ტელევიზიიდან ზვავად მოაწყდა მართალი სიტყვა თავისუფალ აზროვნებას დახარბებულ ადამიანებს.

მაგრამ იყვნენ კი ეს ადამიანები მზად თავისუფლებისა და მართალი სიტყვისათვის? ამის გასარკვევად ერთ-ერთი საჯილდაო ქვა აღმოჩნდა იმხანად, 1990 წლის მაისში ქართულ პრესაში დაბეჭდილი წერილი, სათაურით: „რას ვზეიმობთ 9 მაისს?“, სადაც იმ დროისათვის სრულიად ახლებურად იყო მეორე მსოფლიო ომთან ქართველების დამოკიდებულება შეფასებული და სადაც ასეთი უჩვეულო ფრაზები იხილვებოდა:
„დააკვირდით, თუ როგორ ერთნაირად ამკობდნენ საბჭოთა რუსეთი და გერმანია ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე - ერთნი ამბობდნენ: „ გერმანია პირსისხლიანი ჯალათია და ჰიტლერი - ტყიდან გამოვარდნილი ნადირიო“, ხოლო მეორენი - „საბჭოთა კავშირში კაციჭამია ველურებით ცხოვრობენო“.

არცერთი მხარე არ ცდებოდა მაშინ ერთმანეთის შეფასებაში. იდეოლოგიაც ისე ჰქონდათ თვალის ასახვევად მოგონილი - კომუნიზმი და ფაშიზმი - რომ თავიანთ ნამდვილ მიზნებს მარავდნენ, თორემ ჯერ ხომ ნახევარი ევროპა გაიყვეს და მერე ერთმანეთს დაერივნენ მთელ მსოფლიოში მბრძანებლობისა და ბატონობისათვის.
რა უნდოდა მათ ომში პატარა საქართველოს? ეს ამბავი რუსეთმა იცოდა ყველაზე კარგად: ომამდე ოცი წლით ადრე ჯერ სიმწრით მოპოვებული თავისუფლება წაართვა ხელმეორედ და ახლა იარაღი მისცა ხელში: მიდი, იომე, თორემ შემოვა გერმანია და დედაბუდიანად აგყრის და გადაგასახლებსო. კაცმა არ იცის, მართლა რას იზამდა გერმანია, ის ომი რომ მოეგო და - კეთილი დამპყრობელი ჯერ არ დაბადებულა ქვეყნად, მაგრამ ნიკიტა ხრუშჩოვს რონ სულ არ დასჭირვებია გერმანელები, ციმბირში რომ დაგვიპირა გადასახლება, გამოცდილი გვაქვს ეს ამბავი და არ უნდა იყოს დიდი განსხვავება, მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ტურა. ჰოდა, ღირდა უმადური და დაუნახავი ხალხისთვის რომ გაწყდა ამდენი ქართველობა? ადრეც დაღვრილა ისტორიის ბნელ პერიოდებში ჩვენი სისხლი ხან არაბებისათვის, ხან მონღოლებისთვის, ხან სპარსელებისთვის და ისე დაიღვარა ახლაც რუსებისათვის...

რუსებმა მოუგონეს ქართველებს სატყუარა და თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად ქცეულ ცარიზმის დროს ანექსირებულ ქვეყანას ახლა „საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა“ დაარქვეს, ხოლო რუსეთის იმპერიას - „საბჭოთა კავშირი“ და თავიანთ დამპყრობლურ ომს „სამამულო ომის“ სახელი უწოდეს ყველა ხალხისათვის. დაიჯერა ეს ამბავი ბევრმა და იმაზეც კი არ დაფიქრებულან, რომ გაუგონარია, სხვის მიწაზე მებრძოლ კაცს იმ მიწისთვის „მამული“ დაეძახოს! „სამამულო“ თუ იყო ეს ომი ვინმესთვის, ფინელებისთვის იყო ის ომი, მაგალითად, „სამამულო“ - ერთი მუჭა ხალხი უზარმაზარ ქვეყანას არ შეუშინდა და ფეხი არ შემოადგმევინა თავის სამშობლოში!“

უნდა გენახათ, რა ამბავი მოჰყვა ამ წერილს - აღშფოთების გამომხატველი კორესპონდენციების ზღვამ წალეკა რედაქცია - ომის ვეტერანთა რამდენიმე ათეული წერილი შემოვიდა სარედაქციო ფოსტაში, რომლებიც ახალ თაობებს ბრალად სდებდნენ ქვეყნის წარსულისა და ერის წინაშე ვალმოხდილი თაობების მიმართ უმადურობაში და მოითხოვდნენ ავტორისათვის პუბლიცისტიკაში მოღვაწეობის აკრძალვას, მის პასუხისგებაში მიცემას და საქართველოდან გასახლებას.
მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა მათი გაგება: როდესაც1990 წელს ვეტერანი ნამუსს უნახავდა რუსებს, მისთვის შორეული იყო 1921 წლის საქართველოს ბოლშევიკური ანექსია და კიდევ უფრო შორეული - 1801 წელს დაკარგული სამეფო ტახტი - მაგრამ დღეს? დღეს საიდანღა ჩნდებიან მათი იდეური თანამგრძნობელნი, როდესაც მათ წინ არის მომხდარი 1991-92 წლების საქართველოს მესამე ანექსია, 2008 წლის ომი და წართმეული სამაჩაბლო და აფხაზეთი; როდესაც საქართველო სავსეა რუსების მიერ საკუთარი სამკვიდროდან გამოძევებული ლტოლვილად ქცეული ქართველებით?!
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს ჩვენში საცხრამაისო განწყობილება, ერთადერთ ორგანიზაციას - რუსეთის ადეპტობის ღიად განმცხადებელ ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ჰქონდეს, რომელიც 7 მაისის პუტინის ინაუგურაციის ზეიმს 9 მაისის დღესასწაულს გადააბამს, ხოლო რა ეზეიმება დანარჩენ საქართველოს?

ის დროა, მთელი დანარჩენი საქართველო ილიას სინანულიანი სიტყვებით დაეკითხოს 9 მაისის აღლუმში მონაწილეობის განზრახვის მქონე ომის ვეტერანს, ხელისუფლების მოხელეს თუ ნებისმიერ სხვა მოხალისეს:
„შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველ ჩრდილოეთსა?“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100