ჯარისკაცების მიერ თალიბების გვამების წაბილწვის გამო პენტაგონი განრისხებულია (ვიდეო)
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ „უკიდურესად დასაგმობი“ უწოდა მოქმედებას, რომელსაც ასახავს ვიდეოჩანაწერი, რომ ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი შარდავს ავღანელი თალიბების გვამებზე.
პანეტას განცხადებით, უკვე გაცემულია დავალება ვიდეოჩანაწერის გამოძიების შესახებ და ინციდენტის მონაწილე ჯარისკაცებს სათანადოდ გაასამართლებენ. დღეს უფრო ადრე გავრცელდა აშშ-ის საზღვაო კორპუსის განცხადება, რომ ჯერ არ არის დადასტურებული ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოჩანაწერის წარმომავლობა და არც მისი ავთენტურობა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩანაწერში ასახული ქმედება არ შეესაბამება საზღვაო ქვეითთა ფასეულობებს. ვიდეოჩანაწერზე ასახული ქმედება დაგმეს ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმაც.
პრესმდივანმა კარსტენ იაკობსონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აშშ-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას.
უცნობია ვიდეოჩანაწერის ავტორი და ინტერნეტში გამავრცელებელი. თალიბანის პრესმდივანმა ვიდეოჩანაწერს „ბარბაროსული“ უწოდა. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოხატავს მთავრობის „ღრმა შეშფოთებას“ ჩანაწერთან დაკავშირებით.
ბმული ვიდეოზე: ABC News
კომენტარი