სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაღათურია: ვისაც ვისთან უნდა, იმასთან ილაპარაკებს...

რუსეთი საქართველოსადმი აგრესიული პოლიტიკის შეცვლას ვითომდა ემბარგოს მოხსნით და ჩარტერული ფრენების აღდგენით ცდილობს. ამ საკითხებზე სასაუბროდ კი რუსეთში ქართველ პოლიტიკოსებს ეპატიჟება.
ამასობაში ქართული ოპოზიციის ნაწილი ისეა ადგილობრივ არჩევნებში ჩაბმული, რომ არ უნდათ რაიმე კომენტარები და შეფასებები გააკეთონ რუსეთის მთავრობის ე. წ. ლოიალურ პოლიტიკაზე.
კოლეგა ოპოზიციონერებისგან გამონაკლისი „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია აღმოჩნდა, რომელსაც „დრონი. ჯი“ ესაუბრა:
„დრონი. ჯი“: როგორ შეფასებთ ოპოზიციისა და ინტელიგენციის ბოლოდროინდელ შეხვედრას? შეხვედრაზე „კომბლებით პარლამენტში შევარდნაზეც“ იყო საუბარი...
ჯონდი ბაღათურია: ყველა ის პროცესი, რომელიც კანონიერად მიმდინარეობს დემოკრატიულ ჩარჩოებში ზის. შეიძლება კონკრეტულმა ოპოზიციონერმა ჩაიდინა რაიმე უკანონობა, მაგრამ მთლიან ოპოზიციურ სპექტრს კანონდარღვევით ჯერ არაფერი გაუკეთებია.
ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ჩვენს ყველა განცხადებაზე წინასწარ იცის აჟიოტაჟის ატეხა. ოპოზიციისა და ინტელიგენციის შეხვედრაზე არავის არ უთქვამს, რომ იარაღის ძალით დავამხობთ ხელისუფლებასო.
ტერმინი, კომბალი ადამიანმა შეიძლება ფიგურალური მნიშვნელობითაც გამოიყენოს. ხელისუფლება კომბლებზე და ჩვენს ლექსიკაზე, რომ ლაპარაკობს ჯობია ჯერ თავისი გაიხსენოს. უმრავლესობას უნდა, ოპოზიცია მუდმივად თავის მართლების პოზიციაში ჩააყენოს. არავის საქმე არაა, ვისაც ვისთან უნდა იმასთან ილაპარაკებს.
- ნოღაიდელი-პუტინის შეხვედრა არაერთგვაროვნად შეფასდა, თქვენ როგორ შეაფასებთ?
- კაცი შეხვდა პუტინს, ამაში რაა ცუდი. პუტინი მსოფლიო გავლენის პოლიტიკოსია. ეს შეხვედრა რატომ უნდა შეაფასო ან კარგად ან ცუდად. მე ვერ შევაფასებ, რადგან არ ვიცი საუბრის თემა და მომავალში შედეგი.
- რამდენად შეძლებს ნოღაიდელი პუტინის დარწმუნებას ემბარგოს მოხსნის თაობაზე? ამ საკითხზე ის უკვე ესაუბრა პუტინს...
- ეს ნოღაიდელმა კი არა დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. თუ ნოღაიდელმა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა შესძლო, წინააღმდეგი არავის წავა.
- რუსულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს მომავალ პრეზიდენტად ნოღაიდელს ხედავს...
- რაც რუსულ პრესაში იბეჭდება ყველაფერზე კომენტარი ძნელია გააკეთო. ყველას აქვს უფლება პროგნოზი გააკეთოს და ან შეცდეს, ან არა. მცდარი პროგნოზები შესაძლებელია ძლიერმა ლიდერებმაც გააკეთონ.
პრეზიდენტობის სურვილი, ნოღაიდელის შემთხვევაში, ეს არის კონკრეტული პარტიის ლიდერის სურვილი, რომლის მსგავსი სურვილები საქართველოში ბევრი პოლიტიკური პარტიის ლიდერს აქვს.
- ადგილობრივ არჩევნებში რამდენად აქვს ოპოზიციას შანსი სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს?
- ხელისუფლება ოპოზიციის დაქსაქსულობით სარგებლობს. მაგრამ თუ ოპოზიცია გაერთიანდება, ეს მითიც დაიმსხვრევა.
- როგორ ფიქრობთ ოპოზიცია შეძლებს გაერთიანებას და ერთიანი ლიდერის დასახელებას?
- ჩვენ რესურსი ნამდვილად გვაქვს, რომ გავერთიანდეთ. რამდენად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას ეს უკვე სხვა საქმეა.
- ოპოზიციაში არსებული კანდიდატების ფონზე ვის აქვს შანსი გახდეს ლიდერი?
- ვისაც ოპოზიცია დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, რომ, ამ შემთხვევაში, პრაიმერი არაა აუცილებელი.
პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ უნარი, რომ დასხდნენ და პრაიმერისა და შანტაჟის გარეშე მოვილაპარაკოთ. ფხიზელი გონებით გავაანალიზოთ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება. უნდა გავარკვიოთ მომავალში ვის აქვს პერსპექტივა და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ.
პოლიტიკოსთა ჯგუფი ზოგჯერ შანსს და რესურსს ვერ იყენებს. არ მინდა, რიმ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდეს. ჯერ ვარაუდებს ვერ გამოვთქვამ, ვინ გახდება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ან საერთოდ თუ მოხდება. თვით პუტინიც კი შეიძლება შეცდეს და არ გამართლდეს მისი ვარაუდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100