სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა სახელაშვილმა შვებულება შეწყვიტა და სამსახურში გამოცხადდა, რომ ომში წასულიყო...

24 ივლისს გოგონა შეეძინა. 7 აგვისტოს შვებულებაში იყო, მაგრამ თავად გამოცხადდა სამსახურში, რომ ომში წასულიყო. მამამ პოლიციის განყოფილებაში რომ მიაკითხა, უკვე მანქანებში სხდებოდნენ და მიდიოდნენ. გიგაც რომ ჩაჯდა, მამას ცრემლი მოერია. „რა გატირებს მამა, ჩემს ჩამოსვლამდე ცოლ-შვილს მიმიხედე“, – უთხრა

და ომში წავიდა... წავიდა და ვეღარ დაბრუნდა...

გივი (გიგა) სახელაშვილი 1980 წლის 2 თებერვალს, ქუთაისში დაიბადა. ოჯახში პირველი შვილი იყო. უშიშროების აკადემიის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 2006 წელს გადავიდა შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა...

შიო სახელაშვილი, მამა: „თვალებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, იმდენად კარგად გვესმოდა ერთმანეთის. თქმაც არ მჭირდებოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ბავშვობიდანვე სულ წიგნებში იყო ჩაფლული, ბევრს კითხულობდა. ქუთაისთან ახლოს, სოფელი გვაქვს, მე რომ არ მეცალა, მიდიოდა და ყველანაირად გვერდში ედგა, დაუზარებლად ეხმარებოდა ბაბუამისს. ბაბუამისი გიჟდებოდა გიგაზე, მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ცოლი რომ მოჰყავდა, პირველი ბაბუას გაუმხილა. საოცრად მეგობრობდნენ ერთმანეთთან ბაბუა და შვილიშვილი და ძალიან უჭირს მამაჩემს ამ ამბავთან შეგუება...

უნივერსიტეტში რომ ჩააბარა, მასთან ერთად სწავლობდა ერთი ხევსური ბიჭი. გვერდში დაუდგა, ყველგან დაატარებდა, ჩვენს სახლში გაიზარდა ეს ბავშვი ფაქტობრივად, მერე ძმობა შეჰფიცეს ერთმანეთს ხევსურული წესით, გაიჭრეს თითები და სისხლი მისცეს ერთმანეთს...“

შიო სახელაშვილი: „მსგავსი სიყვარული, რაც ჩემს შვილსა და რძალს ჰქონდათ, არა მგონია ბევრს ჰქონდეს. ოდნავ თუ გაფუჭდებოდა ამინდი, ეგრევე ურეკავდა - თამუ, არ გამოხვიდე გარეთ, წვიმაა, არ დასველდე, ან ყინვაა, ფეხი არ გაგიცივდეს, მოგაკითხავ მანქანით, მე წამოგიყვან... საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ... პირველი შვილი ბიჭი შეეძინა, საოცრად გახარებული იყო. "

ომამდე ორი კვირით ადრე, გიგა სახელაშვილს მეორე შვილი - დეა რომ შეეძინა, ოთხი დღე არ უძინია, სულ ბავშვთან ერთად იყო, სურათებს, ვიდეოებს უღებდა... გოგონა ცოტა მერე უნდა გაჩენილიყო, მაგრამ გიგამ დააჩქარა, საკეისრო კვეთით გააჩენინა ბავშვი, ალბათ, რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა, ეჩქარებოდა...

ომში წასვლამდე, 5 აგვისტოს ახალშობილი სოფელში ამოიყვანა ბებიასთან და პაპასთან, აუცილებლად უნდა ვანახოო. ეუბნებოდნენ რა აუცილებელია, დღეების ბავშვი ამხელა გზაზე რომ არ ატარო, მერე ანახეო. არა, იმათ არ შეუძლიათ ქალაქში ჩამოსვლა და ასეთი პატარა უნდა ვაჩვენოო... გახარებულმა შვებულება აიღო, მაგრამ როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა, თავად გამოცხადდა სამსახურში.

გიგა სახელაშვილი ონის რაიონის სოფელ წედისში დაიღუპა 8 აგვისტოს, გამთენიისას.

გიგას და მის თანამებრძოლებს მთაზე პოზიცია უნდა დაეკავებინათ. მანქანები ამ მთის ძირში დააყენეს, გზა ფეხით უნდა გაეგრძელებინათ.

მამა: „უფროსს უთქვამს გიგასთვის, ორი კაცი აქ დარჩით და მანქანებს უდარაჯეთო. გიგას უარი უთქვამს, ჩემი ძმები მიდიან და მე სად დავრჩებიო... ბიჭებს გადაღებული აქვთ ტელეფონით სურათები, მთაზე რომ მიდის და რაღაცებს ხუმრობს. ამ ბიჭებისგან ვიცი გადმოცემით, რომ, როდესაც ესენი მთისკენ დაძრულან, მეორე მხარეს ჩასაფრებულ ოსებს ცეცხლი გაუხსნიათ...

გიგას სნაიპერის ნასროლი სამი ტყვია მოხვედრია და ადგილზევე დაღუპულა. ბიჭებს რამდენიმე კილომეტრი უტარებიათ ცხედარი, მაგრამ ბოლომდე ვეღარ შეძლეს, თურმე და დაუტოვებიათ ტყის ფოთლებში გახვეული. როდესაც დაბრუნებულან ეს ბიჭები და უფროსს, ბატონ მამუკა დათიაშვილს გაუგია გიგას ამბავი, უთქვამს, მე მისი ცხედრის გარეშე აქედან არ წავალო. მთელი ორი დღე მიდიოდა მოლაპარაკება, ცხედართან ჩასაფრებულები იყვნენ სნაიპერები და ფულს ითხოვდნენ.

როგორც ვიცი, შედგა მოლაპარაკება ოს კრიმინალებთან, გადაიხადეს, როგორც მითხრეს, 2 000 დოლარი და ისე გადმოსცეს ჩვენებს გიგას ცხედარი“.

გიგა სახელაშვილი დაკრძალულია ბაბუის სოფელში, ოდილაურის ეკლესიის შესასვლელი კარის წინ...

გმირის ბიჭუნა ხუთი წლის იყო, მამა რომ გმირულად დაეღუპა.
შიო სახელაშვილი, მამა: „ბიჭს კარგად ახსოვს მამა, დღე არ გავა, რომ არ მოინატროს და არ გაიხსენოს. კომპიუტერს გახსნის თუ არა, რომ ვაკვირდები, ყოველთვის გახსნილი აქვს მამის ფოტოები და უყურებს...“

გაზეთ "პრაიმტაიმის" წერილების ციკლის "გმირები" მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100