სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ნოღაიდელი „დრონი.ჯი“-ს ჟურნალისტებს ემუქრება

ზურაბ ნოღაიდელი „დრონი.ჯი“-ს ჟურნალისტებს დაემუქრა. ექს-პრემიერ მინისტრმა, ინტერვიუზე მისულებს ზედმეტად გაღიზიანებულმა და გაბრაზებულმა განგვიცხადა, რომ მის მიმართ მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, თორემ... ნოღაიდელს არ დაუკონკრეტებია როგორ აპირებს „დრონი.ჯი“-ს ჟურნალისტების დაშინებას, მათი საქმიანობის ხელის შეშლასა და საერთოდ, ჰოლდინგის წინააღმდეგ მუქარანარევი პოლიტიკის გატარებას.
თუმცა, ფაქტი, რომელიც მოხდა, საკმაოდ დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია. ადამიანი, რომელსაც ძალაუფლება არ გააჩნია და უკვე ბედავს და ჟურნალისტებს ემუქრება, ხომ წარმოგიდგენიათ რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელისუფლებას ჩაიგდებს ხელში.

ნოღაიდელის განმარტებით, მას აღიზიანებს ის სტატიები, რომლებიც ჩვენს გაზეთსა თუ ინტერნეტგამოცემაში ქვეყნდება.

დრონი.ჯი: თქვენ თქვით, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართული ჯარი მოსკოვში 2015 წლის 9 მაისის აღლუმში მონაწილეობას მიიღებს, რას ნიშნავს ეს განცხადება, როცა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი არ არის გასული?

ზურაბ ნოღაიდელი: მე, სხვა რამ ვთქვი, 2015 წლისთვის ჩვენ გვაქვს ორი ალტერნატივა: ან იქნება სააკაშვილის რეჟიმი და ამ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობები კვლავ დაძაბული იქნება, შესაბამისად საქართველო სამუდამოდ დაკარგავს გაერთიანების შანს. ამ ვითარებაში ცხადია, არანაირ აღლუმში ქართული ჯარი მონაწილეობას არ მიიღებს, მეორე ალტერნატივაა, რომ საქართველოში სწრაფად შევცვალოთ სააკაშვილის რეჟიმი, აღვადგინოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და შესაბამისად, ქართული ჯარის აღლუმში მონაწილეობას აზრიც ექნება.

ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს 9 მაისი, ის წილი და ის მსხვერპლი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ამ ომში გაიღო. ცხადია, ჩვენ ისტორიაში არის შავი მომენტებიც, რომელთა გახსენებაც არ მოგვინდება, 8 აგვისტო მაგალითად, მაგრამ თუ საქართველოს გაერთიანება გვინდა, ამისთვის აუცილებელია ქართულ-რუსული ურთიერთობების გამოსწორება და ჩვენ უნდა ვიფიქროთ არამარტო შავ თარიღებზე, არამედ ისეთ თარიღებზეც, რომლებიც იქნება გამაერთიანებელი და საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ასეთი სწორედ 9 მაისია.

- როგორ აპირებთ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას და საქართველოს გამთლიანებას, როგორ უნდა დავბრუნდეთ ოსების და აფხაზების გულებში?

- ჩვენ, უნდა ვესაუბროთ აფხაზებს და ოსებს, მათთან უნდა გვქონდეს მოლაპარაკებები წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე. ომზე საუბარი უნდა შეწყდეს და ომი დამთავრდეს. ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ შეუძლებელია ცხინვალთან და სოხუმთან მოლაპარაკების დაწყებაც კი თუ - პარალელურად გაგრძელდა რუსეთთან ეს უაზრო კონფრონტაცია.
- თუ გქონიათ თქვენს პარტნიორ „ედინაა რასიასთან“, იგივე პუტინთან საუბარი საქართველოს გამთლიანებაზე და რის ხარჯზე დაგვიბრუნებენ ტერიტორიებს?

- ჩვენ დღეს ვერ გვექნება მოლაპარაკებები, რადგან ისინი ხელისუფლებაში არიან ჩვენ კიდევ დღეს ხელისუფლებაში არ ვართ, ამიტომ კონკრეტულ მოლაპარაკებებს რა რის ხარჯზე უნდა მოხდეს ვერ დავიწყებთ, ნუ აზრიც არა აქვს. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ ხედვას თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს გაერთიანება, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და მოლაპარაკეკბები იქნება ხვალ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ.

- ლავროვმა განაცხადა რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაიხედება, გაუგებარია თქვენი ვიზიტების აზრი...

- ცხადია, მოლაპარაკების წარმართვა ადვილი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ სწორად და თანმიმდევრულად ვიმოქმედებთ საქართველოს გაერთიანებას შევძლებთ. აბა, დღეს, ლავროვმა რა უნდა თქვას გადაიხედება პოზიციაო? ნოღაიდელი ერთხელ ჩამოვიდა და მისი ხათრით პოზიციას შევიცვლითო? ამას ელოდებოდით? მაგარი მოლოდინები გაქვთ რა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იქ ძალიან სერიოზულ ადამიანებს ველაპარაკებით და ცხადია, არავინ არ მოგვცემს არაფრის წინასწარ პირობას. მძიმე და რთული მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და ბევრ კომპრომისზე მოგვიწევს წასვლა, იმისთვის რომ საქართველო გამთლიანდეს, უნდა მოვემზადოთ დიდი მსხვერპლისთვის.

- ზოგიერთი ოპოზიციონერისთვის მიუღებელი იყო თქვენი აღლუმზე დასწრება და სრულიად არ შეგქმნიათ დისკომპორტი იქ ყოფნისას?

- ოპოზიციის შეფასება რაში მაინტერესებს. აღლუმზე ყოფნა, რომ არ მდომებოდა არც ვიქნებოდი. სადაც არ მინდა ყოფნა, იქ არც ვარ კიდეც..

- ბიშკეკიზაციის განმეორებას უწინასწარმეტყველებთ ხელისუფლებას, რის საფუძველზე ემუქრებით მას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ძალადობრივი გზით აპირებთ ხელისუფლების შეცვლას...

- ბიშკეკით არასდროს არავის დავმუქრებივარ და მეტიც, იმედი მაქვს, ბიშკეკი საქართველოში არ განმეორდება. ისე, არც მჯერა, რომ ბიშკეკი საქართველოში შესაძლებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლება უკეთესად არის მომზადებული ვიდრე ყირგიზეთის, ამ შემთხვევაში ძალოვნებს ვგულისხმობ, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო მომთხოვნია სამართლიანობისა, ვიდრე ყირგიზეთის საზოგადოება იყო. ამიტომ ის რაც ყირგიზეთში მოხდა საქართველოში არ განმეორდება, მაგრამ თუ არჩევნები გაყალბდება ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ.
- თქვენ ხშირად იმუქრებით ხელ-ფეხის დამტვრევით და ბრძანეთ კიდეც ,,რევოლუციის სუნი მცემსო”, დააკონკრეტეთ რას აპირებთ?

- ჩვენ დავიცავთ ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, რომელსაც ცვლილებები და საქართველოს გაერთიანება უნდა. ადრე თუ გვიან აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. რაც შეეხება, დამუქრებებს, ვიმეორებ, ყველა ადამიანი, რომელიც კანონის დარღვევით შეეცდება ხელისუფლება შეუნარჩუნოს ,,ნაციონალურ მოძრაობას” აუცილებლად იქნება დასჯილი და ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.

პერმანენტული აქციები დაიწყება, თუ არაპერმანენტული ჯერ არ ვიცი. ისე მოვიქცევით როგორც იქნება სწორი. ერთი რამ ცხადია, საბოლოო ჯამში ეს აქციები თუ რაც იქნება ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

- 6 მაისს გამოჩნდა, რომ საზოგადოება ხელისუფლებას სწყალობს და საპროტესტო მუხტი დაბალია, ექსპერტების თქმით და სოციოლოგიური გამოკითხვებით, უგულავა ლიდერობს და ხელისუფლებას სულაც არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, ამ ფონზე თქვენი წინასწარი საუბრები გაყალბებაზე რაზე მიანიშნებს?

- ახლა, არც იქნება პროტესტი. დღეს, საპროტესტო მუხტი საკმარისი არ არის და არც უნდა იყოს, არჩევნების წინ არც ღირს განსაკუთრებული პროტესტის მოწყობა. უნდა დაველოდოთ არჩევნების შედეგებს და არჩევნების შედეგებით ვიმსჯელებთ. ერთი რამ ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ არჩევნების გამყალბებელთა წინააღმდეგ ბრძოლას და ყველა ვინც უკანონოდ ეცდება ხელისუფლების უზურპაციას, დაისჯება. უგულავა არის უკეთესი კანდიდატი თუ სხვა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს. თქვენ რა გინდათ მითხრათ, რომ უგულავას შეუძლია საზოგადოების, რომელიმეს პრობლემების მოგვარება? კარგით რა.

- თქვენ ხშირად გიყენებენ ბრალდებებს, რომ ხელისუფლების პროექტი ხართ და ოპოზიციის გახლეჩვის როლი გაკისრიათ, ისე თვლით თუ არა თავს ოპოზიციის გაერთიანების შემაფერხებელ ფაქტორად და ცისკარიშვილმა განაცხადა, ნოღაიდელის მივლინება ოპოზიციაში მალე დასრულდებაო, ამაზე რას იტყვით?

- ოპოზიციაში დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ. საკმაოდ მალე ვაპირებ ხელისუფლებაში დაბრუნებას. მე არ ვარ ამ სიტყვის, ასე ვთქვათ, კლასიკური გაგების, როგორც საქართველოში ესმით ოპოზიციონერი და სხვებივით 15-20 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნას არ ვაპირებ. რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ცუდია ერთიანი კანდიდატით რომ ვერ წარვდექით, მაგრამ ცხადია, მე ამ საქმეში უარყოფითი როლი არ შემისრულებია.

ყველამ კარგად იცის, რომ ,,ეროვნული საბჭოს” გარეშე გამარჯვება არ არსებობდა და არც ახლა არსებობს. მოლაპარაკებები ყოველთვის იწყებოდა სხვების ინიციატივით და მოლაპარაკების დასაწყისში არავის უთქვამს შენთან ურთიერთობა არ მინდოდაო და საჯაროდ რას რატომ ამბობენ არ ვიცი.

- ამბობენ, მოსკოვში დაფინანსების მიზნით ჩადიხართ და ჩვენი ინფორმაციით, კრემლში მითითებებს იღებთ თუ როგორ მოაწყოთ საქართველოში ბიშკეკიზაცია და საჭიროების შემთხვევაში მოსკოვი იარაღითაც მოგამარაგებთ (ამის შესახებ ჩემმა კოლეგამ, სოსო დევდარიანმა სტატიაც კი გამოქვეყნა „დრონი.ჯი“-ს ინტერნეტგამოცემაში)...

- ერთს გეტყვით, თქვენ ცოტა ზრდილობიანად და კორექტულად ილაპარაკეთ ყველამ... „დრონი. ჯი“-შიც და ყველგან, სხვაგან. გირჩევთ, ფრთხილად იყავით, მართლა გეუბნები, სერიოზულად ვამბობ, ვიმეორებ, ფრთხილად იყავით, თქვენს შეფასებებში და დამოკიდებულებებში. ნურც თქვენ და ნურც თქვენი კოლეგები ,,დრონი. ჯი”-ში, თუ სხვაგან, ზღვარს ნუ გადადიხართ, იცოდეთ ვის რა უნდა ელაპარაკოთ, რა.

რედაქციისგან: მედია-ჰოლდინგი „დრონი.ჯი“, ზურაბ ნოღაიდელის სიტყვებს, ჩვენი ჟურნალისტების მიმართ, აფასებს როგორც მუქარას, დაშინების მცდელობას და კატეგორიულად მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს ამგვარი გამოხტომებისგან, როგორც ჩვენი ჰოლდინგის ჟურნალისტების, ისე ზოგადად, მედიის წარმომადგენლების მიმართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100