სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ავირიდოთ თავიდან საახალწლო ”ზედმეტი კილოგრამების” ათვისება

ერთი კვირაც აღარ დარჩა ახალ წლამდე. რამდენიმე დღეც და ყველა ოჯახში სასიამოვნო ფუსფუსი დაიწყება: ნაძვის ხის მორთვა, თოვლის ბაბუისთვის საპატიო ადგილის მიჩენა... და რაღა თქმა უნდა, საახალწლო სუფრისთვის მზადება: აქეთ - გოზინაყი და ფელამუში, იქით - "ოლივიე" და საცივი. ერთი სიტყვით, საცდური უხვადაა. ცოტა ვინმე თუ გაუძლებს ასეთ ცდუნებას. მაშ რა ვიღონოთ?

ალბათ, თავადაც ხვდებით, რომ საახალწლო დღეები არა მარტო სასიამოვნო მოგონებას, არამედ რამდენიმე ზედმეტ კილოგრამსაც დაგვიტოვებს. იმისთვის, რომ ინდაურის საცივსაც გავკრათ კბილი და გოზინაყიც მშვიდად შევახრამუნოთ, ორგანიზმი წინასწარ უნდა მოვამზადოთ დიდი სადღესასწაულო ტრაპეზისთვის.

თუ როგორ - ახლავე მოგახსენებთ. ეცადეთ, დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე მსუბუქად იკვებოთ. საუზმედ მიირთვით ხილი, რძიანი ბურბუშელა, იოგურტი ან წვენი. ყოველი ჭამის წინ თითო-ოროლა ხილი ან ბოსტნეული, მაგალითად, სტაფილო ჩაახრამუნეთ. ასე ორ კურდღელს დაიჭერთ - შიმშილსაც მოიკლავთ და თან, ვიტამინებით მდიდარ და კალორიებით ღარიბ საკვებსაც მიიღებთ. გარდა ამისა, ეცადეთ, ხშირად და მცირე ულუფებით იკვებოთ. არამც და არამც არ გირჩევთ მკაცრ დიეტაზე გადასვლას. დიეტით განწყობილებას გაიფუჭებთ და ახალ წელს ხალისიანად ვეღარ შეეგებებით. წონა რომ შეინარჩუნოთ, ამისათვის საკმარისია, კვების ჩვეულება ოდნავ შეიცვალოთ:

მიირთვით ნელა, 15 წუთი მაინც არის საჭირო, რომ თავის ტვინმა კუჭიდან დანაყრების სიგნალი მიიღოს. ასე რომ, ნუ აჩქარდებით, ლუკმა ნელ-ნელა დაღეჭეთ. პირველი კერძის მირთმევის შემდეგ, 15-იოდე წუთი შეისვენეთ და მეორეზე ისე გადადით.

კერძი სწრაფად მოამზადეთ, მით უფრო, თუ დაუძლეველი შიმშილის გრძნობა დაგეუფლათ. ასე ნერვულ სისტემასაც გაუფრთხილდებით დადროსაც დაზოგავთ.

მომზადებისას კერძს რაც შეიძლება იშვიათად გაუსინჯეთ გემო. კბილები ყოველი ჭამის შემდეგ გამოიხეხეთ, ასე უფრო იოლად დაამარცხებთ შიმშილის გრძნობას, რომელიც მსუბუქი წახემსების შემდეგ გაგყვებათ ხოლმე. ხშირად სვით წყალი. ეცადეთ, საკვების მიღებამდე და ყოველ ორ საათში ერთხელ თითო ჭიქა მაინც დალიოთ. უკეთესია, თუ მინერალურ წყალს მიირთმევთ. ამ გზით კუჭს უფრო იოლად მოატყუებთ.

კუჭის მოტყუებაში შემდეგი ხრიკებიც დაგეხმარებათ:

კერძს რაც შეიძლება მეტი საკაზმი უყავით. შეკაზმული წვნიანი თუ სალათა გაცილებით იოლად მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. შაქრის მაგივრად გამოიყენეთ შემცვლელები. შაქარი დესერტსაც დააკელით, სამაგიეროდ, მეტი ვანილი და მიხაკ-დარიჩინი უყავით.

მომზადებისას კერძს ცხიმი მთლიანად მოხადეთ. ზოგადად კი უპირატესობა ვეგეტარიანულ კერძებს მიანიჭეთ - სწრაფადაც დანაყრდებით და არც ჭარბ კალორიებს შეიძენთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100