"შემომხედა და ამოილუღლუღა - გადამარჩინეთ!" - აი რას იხსენებს სასწრაფოს ექიმი 16 წლის მოზარდების მკვლელობიდან
"გუშინ, ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი:- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!ჩვენ რა თქმა უნდა არ დავყოვნდით, მისამართის მიღებიდან 5 წთ-ში აღნიშნულ მისამართზე მივედით. ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. შევედით ეზოში და აი ისიც, დათო სილარიძე, თავისივე სისხლის გუბეში ჩაწოლილი, კანი ცივი, ფერმკრთალი, ღრმად დაბინდული ცნობიერებით. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ვხვდებოდი, რომ მისი გადარჩენა რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა... მან შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!"
ელვისებური სისწრაფით გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ღმერთს ვევედრებოდი გული არ გაეჩერებინა მისთვის და დედისთვის შვილი არ წაერთმია. დავითს კი ვთხოვდით თვალები არ დაეხუჭა და ებრძოლა სიცოცხლისათვის. ჩაძახილზე თუ როგორ ესმოდა ჩვენი - ის, თითების ჟესტით გვანიშნებდა, რომ მას ჩვენი ესმოდა. სტაციონარის ეზოში შესვლისას თვალები დახუჭა, სუნთქვას აჩერებდა. სასწრაფოდ შევიყვანეთ კლინიკაში და იქვე გული გააჩერა. მთელი კლინიკის ექიმები მობილიზებულნი იყვნენ, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის რითმი მალევე აღდგა. მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს. ის სიცოცხლისათვის 23 სთ-ი იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა. ლევან დადუნაშვილი მე არ მინახავს, მას სხვა ბრიგადა ემსახურებოდა, ისეთივე უმწეო, ისეთივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით იყო როგორიც დათო, ის კლინიკაში მისვლამდე, სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა..." - წერს "ფეისბუქზე" თამუნა საგარეიშვილი.
"შეგახსენებთ, რომ თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა ხორავას ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა. შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას #4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ერთ-ერთი მოზარდი გზაში, მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. 16 წლის ბიჭს სადისტური დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. პაციენტის სიცოცხლისთვის ექიმთა დიდი ჯგუფი იბრძვოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
კომენტარი