გურამ დოჩანაშვილზე მომზადებული ერთი სიუჟეტის ისტორია (ვიდეო)
ჩემს კოლეგასა და მეგობარს, თეა ადეიშვილს, ისევე, როგორც ყველა ნამდვილ ჟურნალისტს, კარგა ხანია, გათავისებული აქვს, რომ თუკი სიუჟეტის მოსამზადებლად კარიდან არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე და მაინც გადაიღო... სწორედ ამ რწმენით და მხოლოდ ნიჭიერი ჟურნალისტებისთვის დამახასიათებელი სიჯიუტით მოახერხა მან „პოსტსკრიპტუმისთვის“ სიუჟეტის მომზადება მაშინ, როცა ბატონი გურამ დოჩანაშვილი სათოფეზეც არ იკარებდა ჟურნალისტებს.
საბოლოოდ, სიუჟეტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ბატონ გურამს იმდროინდელი ისტორიის გახსენებაზე დღესაც გულიანად ეღიმება... თავდაპირველად თეა ადეიშვილი, როგორც წესი და რიგია, ტელეფონით ცდილობდა ცოცხალ კლასიკოსთან გადაღებაზე შეთანხმებას. ბატონი გურამი ჩვეული თავმდაბლობითა და ტაქტით „იგერიებდა“ ჟურნალისტის შემოტევებს - მიზეზად ხან რას იგონებდა და ხან რას.
საქმეს ვერც ის წაადგა, რომ ბატონი გურამის ქალიშვილი, ქეთევან დოჩანაშვილი თეა ადეიშვილის მხარეს იყო - გურამ-ბატონი გაუვალი გახლდათ, როგორც... კაატინგა პრუდენსიომდე, ოღონდ, ორი განსხვავებით: არავის ფხაჭნიდა და ნამდვილი კაატინგასგან განსხვავებით, არც იმას დაგიდევდათ, იყო თუ არა „კანუდოსთან“ მიახლების ღირსი თეა ადეიშვილი - უარს ამბობდა და მორჩა.
მაშინ თეამ გეგმა მოიფიქრა და მისი დეტალები ქეთევან დოჩანაშვილს გაუმხილა. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ გეგმა „დამტკიცდა“: ქეთევანი ერთ-ერთ პრესტიჟულ, ქართულ-ბრიტანულ კერძო სკოლაში ასწავლიდა. რა თქმა უნდა, ბატონ გურამს არაფერი უეჭვია, როცა შვილმა განუცხადა, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მისი სკოლიდან დიდ მწერალთან შეხვედრა და მასთან მის მოთხრობებსა და რომანზე საუბარი სურდათ. გურამ დოჩანაშვილი ბავშვებს უარს როგორ შეჰკადრებდა და წავიდა. გზად ქალბატონმა ქეთიმ სიტყვა ჩამოუგდო, ჩვენი სკოლისთვის კადრებსაც გადაიღებენო. ბატონ გურამს „ჩვენი სკოლისთვის“ არ გაუპროტესტებია - მთავარი ის იყო, რომ ქეთიმ „ტელევიზია“ არ ახსენა.
სკოლაში მისულმა ბატონმა გურამმა, რა თქმა უნდა, თეა ადეიშვილი და „რუსთავი-2“-ის ოპერატორი ვერ იცნო, მით უმეტეს, რომ თეამ წინასწარ მიიღო სიფრთხილს ყველა ზომა - ვიდეოკამერას „რუსთავი-2“-ის ლოგოც კი მოაშორა დროებით...
დანარჩევი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო: ბავშვებთან შეხვედრის უნიკალური კადრების შემდეგ სიუეტში ის კადრებიც მოხვდა, როგორ ტკბილად მუსაიფობენ ბატონი გურამი და თეა ადეიშვილი ქუჩაში და როგორ დასთამაშებს დიდ მწერალს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უალალესი ღიმილი. დიდმა მწერალმა ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად სახლშიც კი შეიპატიჟა - მათ ხომ „ფილმი“ იმ სკოლისთვის უნდა გადაეღოთ, რომლის მოსწავლეებმაც კლასიკოსი ასე ძალიან ასიამოვნეს...
სიუჟეტის ეთერში გასვლის დროს ქეთიმ იზრუნა იმაზე, რომ იგი მამასაც ენახა. ბატონი გურამი გაოცდა და ხელები გაშალა: „ამ რუსთავმა როდისღა გადაიღო, კაცო!..“ ქეთიმ ყველაფერი აუხსნა, რის შემდეგაც ბატონმა გურამმა ბევრი იცინა. „რა გინდა, მშვენივრად გაუკეთებია“, - თქვა მან თეა ადეიშვილის მისამართით. მოგვიანებით თეა ადეიშვილი იტყვის, რომ მთელი მისი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო და ყველაზე მთავარი შექება, რაც სიუჟეტის მომზადებისთვის მიუღია...
ვიდეო: სიუჟეტი "პოსტსკრიპტუმში"
კომენტარი