სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 დეკემბერს ღამით ჩაფიქრებული სურვილები ახდება - ასტროლოგის რჩევები

26 დეკემბერს მზის დაბნელებასთან ერთად ახალი მთვარეც არის. როგორ იმოქმედებს ეს მოლენა ადამიანებზე რა უნდა გავაკეთოთ და რისგან შევიკავოთ თავი. აღნიშნულ საკითხებს ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში დეტალურად განიხილავს.

"26 დეკემბერს საქართველოში ნაწილობრივ დაბნელებული მზე ამოვა (პირდაპირი გაგებით).

საინტერესო ისაა, რომ დაბნელების მაქსიმალური მაჩვენებელი ჩვენთვის 08:26 სთ-ზე დაფიქსირდება, ზუსტად იმ დროს, რა დროსაც მზე ამოდის. ამავე დროს, 09:13 სთ-ზე გვაქვს ახალი მთვარეც. აღსანიშნავია, რომ ახალი წელი მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის ხვდება. რა ტენდენციების მატარებელი იქნება ეს ენერგია და რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ.

დაბნელება ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ძირითად ცვლილებებზე მიუთითებს. ესაა სიმწიფისა და ყველაფერი იმის დასრულების პერიოდი, რაც სასარგებლოს არაფერს გვაძლევს. დაბნელება საკმაოდ ძლიერი კოსმიური ენერგიის მატარებელია, რაც გვიბიძგებს ისეთ საკითხებზე წერტილის საბოლოოდ დასმისკენ, რომელსაც უკან აღარასდროს დავუბრუნდებით. მით უფრო მნიშვნელოვანია ეს დაბნელებები, რომ ახალი წელი, როდესაც მაქსიმალურად ვკონცენტრირდებით ჩანაფიქრებსა და მომდევნო წლის გეგმებზე, ე.წ. დაბნალებების დერეფანს ემთხვევა (26 დეკემბერი - 10 იანვარი), დროს, როდესაც ნებისმიერი აზრი და გაფიქრებული სურვილიც კი ძლიერია და მატერიალიზების დიდი პოტენციალი გააჩნია.

დაბნელების ენერგია ბევრი ადამიანისთვის მტკივნეულ ცვლილებებთან ასოცირიდება, ბევრისთვის კი უკეთესობისკენ გარდაქმნის იდეალურ დროსთან. აქ მთავარი სწორედ ჩვენი მიდგომა და მზაობაა იმისთვის, რომ მივიღოთ და გავაცნობიეროთ საკუთარი რეალობა ზუსტად ისეთად, როგორიც არის. მით უფრო, რომ საქმე ეხება სატურნის მიერ მართულ, ზე-პრაქტიკულ ნიშან თხის რქას.

ახალი მთვარე და მზის დაბნელება თხის რქას მე-5 გრადუსზეა შეერთებებით იუპიტერთან და სამხრეთ კვანძთან და ტრინით ურანთან კუროში.

თხის რქას მმართველი პლანეტა სატურნი ერთ-ერთი ყველაზე "მძიმეწონიანი" პლანეტაა ასტროლოგიაში, რომელიც სერიოზულობასა და ზრდასრულობასთან ასოცირდება. როდესაც სატურნი ჩვენს პირად პლანეტას ეხება, ხშირად შესაბამის სფეროში შენელებას, იმედგაცრუებასა და გარკვეულ წნეხს იწვევს, თუმცა უმიზნოდ ნამდვილად არა. სინამდვილეში, ეს პლანეტა ჩვენგან სიბრძნესა და შინაგან თავისუფლებას მოითხოვს, რომელიც სწორედ რეალობისთვის თვალის გასწორების შემთხვევაში გვეძლევა. სატურნი გვაიძულებს, ვიცხოვროთ დღევანდელი რეალობით, ვიგრძნოთ მეტი პასუხსმგებლობა იმაზე თუ რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ და დრო მხოლოდ ისეთ რამეებში ვხარჯოთ, რაც სასარგებლო შედეგების მომტანი იქნება. არ იფიქროთ, რომ სატურნს ჩვენი მიწასთან გასწორება "სურს". ის უბრალოდ გაუაზრებელი გადაწყვეტილებების, დროის ფუჭად ხარჯვისა და ილუზიებისგან თავის არიდებას ითხოვს.

სატურნისთვისაც და თხის რქისთვისაც აუცილებელი საჭიროებაა დაფასება და აღიარება (როგორც მე-10 სახლის მმართველისთვის), თუმცა არა მარტივი გზების, არამედ მძიმე შრომის ხარჯზე. ეს არის დრო, როდესაც უნდა შევქმნათ ან აღვადგინოთ წესრიგი და გავაკეთოთ მხოლოდ ის, რაც გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე და სამომავლო შედეგებზე გათვლილი იქნება, თუნდაც ეს ყველაფერი დღევანდელი სიამოვნებისა და კომფორტის დათმობის ხარჯზე მოგვიწიოს. სატურნისთვის მიუღებელია დაუფიქრებლად და ნაჩქარევად გადაწყვეტილებების მიღება. მისთვის მთავარი არის შედეგი. არ აქვს მნიშვნელობა, ამ შედეგის მისაღწევად რა დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო. ყველაფერი, რაც მყარად იქმნება, დიდ დროს საჭიროებს.

ახალ მთვარეს ჰარმონიული ასპექტი აკავშირებს ურანთან, რაც სიახლეებისა და თავისუფლების სურვილს საკმაო დოზით ზრდის, თუმცა ამჯერად თავისუფლების დეფინიციის დროსაც დაგვჭირდება სატურნის პრინციპების გათვალისწინება. სატურნი გვასწავლის, რომ თავისუფლება არ ნიშნავს წესების დარღვევასა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. პირიქით, მისთვის სწორედ ჩვენი შესაძლებლობების გაცნობიერებაა თავისუფლება და გვაჩვენებს, რომ ჩვენზე გამოცდილი ადამიანებისგან მიღებულ რჩევებთან ერთად განვითარების გზა საკუთარი წარსული შეცდომებისა და წარმატებების გათვალისწინებაა. ეს არის დრო, როდესაც უნდა მოვიშოროთ თვითგამანადგურებელი დამოკიდებულებები (მათ შორის მავნე ჩვევები, მსხვერპლის როლში ყოფნა და ა.შ.), გავაცნობიეროთ სად ვაჭარბებთ მოლოდინებით და აღმოვაჩინოთ უფრო მეტად "ჩვენი", რეალისტური მიზნები და ამოცანები. ახალი მთვარე და დაბნელება შეერთებაშია სამხრეთ კვანძთანაც, რაც იმის მანიშნებელია, რომ სწორედ წარსულში მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას უნდა დავეყრდნოთ სიახლეების დაგეგმვისას და მივუბრუნდეთ ან დავასრულოთ წარსულში დაწყებული საქმეები.

ახალ მთვარე შეერთებაშია იუპიტერთან, პლანეტასთან, რომელიც ზრდის, წარმატებისა და განვითარების მომტანია. თუ სატურნი გარკვეულ შეზღუდვებსა და საზღვრებს გვიწესებს, სატურნის ნიშანში იუპიტერის მესიჯი არსებული გარემოებების პირობებში რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მცდელობაა. ეს შეერთება რატომღაც იგავ-არაკს "მეფე და მხატვარი" მახსენებს

"იყო ერთი ცალთვალა მეფე. ჰყავდა ერთი ხელოვანი მხატვარი. მეფეს უნდოდა ამ მხატვრისთვის რამე მიზეზი ეპოვნა და უბრძანა: ჩემი სახე უნდა დახატოო. მხატვარმა იფიქრა: ახლა კი მოვიდა ჩემი უკანასკნელი დღე, ბრმა რომ დავხატო, მომკლავს - როგორ მაკადრეო, ორი თვალით დავხატო და თავს მომჭრის, როდის არის ჩემი მსგავსიო. იფიქრა და ეს ხერხი მოიფიქრა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი დააჭერინა, ცალი თვალი დაუხუჭა და დამიზნებული გამოხატა. მიართვა მეფეს. მეფემ მიზეზი ვერაფერი უპოვა და ასე გადარჩა მხატვარი."

ალბათ მიმიხვდებით, ამ იგავით რისი თქმაც მინდა: მოვერგოთ შეზღუდვებს და გარკვეულ საზღვრებში დავინახოთ შანსები და პერსპექტივები.

გაცნობიერებული და საფუძვლიანი ცვლილებებისკენ მოგვიწოდებს სატურნისა და პლუტონის შეერთებაც თხის რქაში, რომელიც მთელ 2020 წელს გაყვება ლაითმოტივად. ეს ენერგია ნელ-ნელა უფრო გამოიკვეთება და პირველი ზუსტი შეერთება იანვრის შუა რიცხვებში გვექნება. ამ თემაზე მომდევნო სტატიებში უფრო ვრცლად გესაუბრებით, თუმცა იქამდე უნდა ვთქვათ, რომ ამ ორი მძიმეწონიანი პლანეტის შეერთება სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს როგორც საზოგადოებრივ, ისე პერსონალურ დონეზე. ამჯერად ხელოვნური, მიფუჩეჩებული და ნახევრად გაკეთებული საქმე ვერ იქნება გამოსავალი.

თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა არ არის ან თხის რქაში არ გაქვთ არცერთი პლანეტა, ნუ იფიქრებთ, რომ ეს სტატია თქვენ არ გეხებათ. ჩვენ ყველას გვაქვს რუკაში სადღაც ეს ნიშანი და ერთ-ერთ სახლს მართავს. სახლი კი ჩვენი ცხოვრების რომელიღაც სფეროს უკავშირდება. იმისათვის, რომ მიხვდეთ, რა თემებს ააქტიურებს ეს ახალი მთვარე და დაბნელება თქვენს ცხოვრებაში, მოძებნეთ რომელი სახლის გასწვრივ ხვდება თქვენს რუკაში თხის რქის მე-5 გრადუსი და სწორედ იმ სფეროში ეცადეთ გაითვალისწინოთ თხის რქისა და სატურნის პრინციპები და დაგეგმოთ საჭირო ცვლილებები.

ამ ახალი მთვარისა და დაბნელების ენერგიას სხვებთან შედარებით უფრო მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვის რუკაშიც პლანეტები და კუთხოვანი სახლები კარდინალური ნიშნების (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) 0-10 გრადუსებს შორის მდებარეობს.

უშუალოდ 25-27 დეკემბერს ნუ იკამათებთ, მაქსიმალურად აარიდეთ თავი გაუგებრობებს. სიფრთხილეა საჭირო საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან. ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი და მძიმე საკვები. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას⚕ კარგია გეგმების შედგენა (განსაკუთრებით 26 დეკემბერს), მაგრამ ნუ დაიწყებთ ნურაფერს ახალს. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გსურთ, რომ მოხდეს. შეგიძლიათ, მომდევნო წლის სურვილებიც თამამად ჩამოწეროთ (მხოლოდ ახალი მთვარის პიკის მომდევნო წუთებში). არ დაგავიწყდეთ პოზიტიური მიდგომა სურვილებთან და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოვა .

თუ გსურთ, პირადად თქვენთვის შევადგინო და გავაანალიზო რუკა, მომწერეთ შეტყობინებაქრთად დავგეგმოთ თქვენი მშვიდი და წარმატებული 2020 წელი!" - წერს ასტროლოგი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100