სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ჟანგისფერა”- ნოველა, რომელიც გავს ცხოვრებას

მას ძალიან კარგად იცნობენ ინტერნეტსივრცეში. კითხულობს ყველა, უყვარს ყველას: თავის თანატოლებს, უფრო უფროსებს და კიდევ უფრო უფროსებს. კითხულობს დედაჩემიც, 92 წლის მოხუცებული. კითხულობენ ჩემი მეხუთეკლასელი და მეთორმეტეკლასელი მოსწავლეებიც.

ერთი სიტყვით, ის უკვე შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში და ეს წერილი ჩემი ხელდასხმით მისი გაცნობის მიზნით კი არა, ჩემი მის მიმართ დიდი სიყვარულის გამო იწერება. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ. მე ის თვალში მხვდებოდა თავისი ძალიან სწორი, თხელი,თხელი მხრებით და ჩემთვის რომ არ დაესწროთ ასეთი პერსონაჟის შექმნა, ვიქნებოდი ორიგინალური თუ ვიტყოდი, რომ მას ამ ბავშვურად სიფრიფანა, თითქმის გამჭვირვალე მხრებით დაჰქონდა მზიანი და უძველესი ეგვიპტე.

მე არ ვიცოდი, რომ ის წერდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ის მშვენიერი იყო. ახლა კი ვიცი,რომ ის კარგი ნოველისტია. მის ნაწერებში არის დიდი ქალური სილაღე, შეფარული, მე ვიტყოდი, ქართული პროზისათვის ცოტა უჩვეულო იუმორი. არის სევდა, არის სიმარტოვე, ოღონდ არა მარტოსულობის სიმარტოვე, არის სიმარტოვე მიტოვებულობის გამო. ამიტომაა ეს სიმარტოვე ასეთი მძაფრი, აუტანელი და შეუგუებელი,ამიტომ გადაჰკრავს მას ჟანგისფერი.

ქართველებს, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ტანში გვზარავს მოხუცთა თავშესაფრების ხსენებაზე. ქართველები, საბედნიეროდ, ვკიცხავთ მათ,ვინც იქ წასაყვანად გაიმეტა ნაამაგარი ადამიანები, მაგრამ, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენც გვაქვს ჩვენი ,,ორიგინალური თავშესაფრები”, ნამდვილი,, ქართული თავშესაფრები”- ჩვენივე ნაჭირნახულევი სახლები, ჩვენი ხელისგულებით ნალესი ქოხები, სადაც ჟანგისფერას ამარა დარჩენილი მოხუცები გამოკეტილან. ,,ჟანგისფერას” თემა ხომ ძველია და მაინც ყოველთვის გვიახლებს ტკივილებს.

როცა ამ ნოველას კითხულობ, შეუძლებელია , არ გაგახსენდეს ნოდარ დუმბაძის გუდული, გუდული ბერეჟიანი, ვინც დინჯად გამოკრა ხელი ჩახმახს, რადგან სწორედ იმ დილით, როცა ასი წლის გახდა, ლაჯებს შორის სისველე იგრძნო.

მილეთი ხალი დაესწრო მის დაკრძალვას. სიცოცხლეში კი მხოლოდ ბებერი ძროხა ჰყავდა ხმის გამცემი,ბებერი ძროხა და უჩა მელომანიძე, მეზობლის პატარა ბიჭი. ჭირისუფლებიც მოზღვავდნენ,მაგრამ.......უფროსი ვაჟი უმადურობას აბრალებდა: ,,კლებოდა მაინც რამე, ამ ზაფხულს ჩემმა ცოლმა თბილი საცვალი ჩამოუტანა პარიზიდან”...

,,ჟანგისფერა” გვახსენებს ბებიასაც, რევაზ ინანიშვილის ,,მარტოობიდან”, შვილიშვილების მოლოდინით თვალებდაწყვეტილ ბებიას,რომლის უხმო მწუხარების თანამგრძნობელი მხოლოდ მურაა. ,,ჩამოდით,ჩამომხედეთ ,შვილებო.....ჩამოდით,შვილებო....” შვილები, ალბათ, ჩავლენ. ალბათ, იქაც მივა ქელეხზე მილეთის ხალხი და გადაჯეგავენ ეზოში მოდებულ ბალბას და ჭინჭარს.
,,ჟანგისფერაში” კი... როგორ ხელშესახებადაა აქ აღწერილი მიტოვებულობის სევდა , მოხუცი დედის მოლოდინი! მკითხველსაც როგორ უფართხალებს გული, როგორ ცმუკავს ჟანგისფერასთან ერთად და ხედავს სიმარტოვეში გამოკეტილი ქალის ყოველი ჟესტი როგორ გამოსცემს მოუთმენელ ძახილს-ჩქარა,ჩქარა!

შვილი კი,რეგვენი შვილი არ ჩქარობს.....რა ეჩქარება? მეზობლისას თქვლეფს მწვადებს და იმადლოვება თავის ჩამოსვლას. მერე ფეხაბლანდული გვერდს აუქცევს საკუთარ ჭიშკარს, გულგრილად მიალაჯებს მისი მოლოდინით გათანგულ შარაგზაზე და გუმანითაც ვერ გრძნობს რა უფსკრული აშორებს ამქვეყნად ყველაზე ძვირფასს- სიყვარულითა და მოლოდინით დაღლილ ათრთოლებულ გულს.

ჩვენ არ ვსაჭიროებთ მოხუცთა თავშესაფრებს,ჩვენ გვაქვს ჩვენი ჟანგისფერი სიმარტოვის სევდიანი სახლები...

ჟანგისფერა (ნოველა)

ნათია როსტიაშვილი

დიდი ხნის უნახავი, ერთადერთი შვილი ჩამოსდის ქალაქიდან.

ასაკისთვს შეუფერებლად სწრაფად დადის ეზოდან სახლში, სახლიდან - ბოსტანში... მეზობელს გასძახა, ერთადერთი, კვერცხისმდებელი დედალი რომ ჰყავდა, ის დააკვლევინა. გალეული ხელებით გაპუტა, თან მხიარულად ღიღინებდა: ,,დივლი-დივლი ლალებიიი... გზისკენა მაქვს თვალებიიი...”

დიდი ხნის უნახავი, ერთადერთი შვილი ჩამოსდის ქალაქიდან...

მილაგებულ ოთახს თვალი მოავლო. წარბი შეკრა.

- მტრისას იყოს გაჩერებული, ჩემო ჟანგისფერავ. - გასძახა.

ჟანგისფერბეწვიანმა ძაღლმა პასუხად კუდი ააქიცინა. მოსაუბრედ, აბა, როგორ ივარგებდა, მაგრამ უბადლო მსმენელი კი გახლდათ. ხმის გამცემს დანატრებული მოხუცი მას უზიარებდა ხოლმე თავის დარდს, ფიქრს... ისიც უსმენდა, თვალებში შესციცინებდა. ჟანგისფერას კუდის გაქნევ-გამოქნევა ადამიანის თავის დაქნევის ტოლფასი იყო მარტოქალისთვის.

- მტრისას იყოს გაჩერებული. - ახლა საკუთარ თავს გაუმეორა და მოლაყლაყებული სკამებიდან შედარებით გამძლე შეარჩია, კედელს მიადგა. რის ვაი-ვაგლახით ავიდა ზედ. ძლივს მისწვდა ძველებურ, დამტვერილ საათს. მტვერი გადაწმინდა, მომართა. დრომ სვლა განაგრძო...წვალებით გახსნა სკივრის ჩაჟანგებული საკეტი. საკუთარი ახალგაზრდობის სურნელმა შეუღიტინა ნესტოებში.

ან კი როგორ გამოარჩია ნესტისა და ნაფთალინის სუნში... მზითვის თავშალი და წინსაფარი ამოიღო, ნაქარგებიანი. შავი, გახუნებული თავშალ-წინსაფარი მოიხსნა. გული ამოუჯდა. ძნელი სათქმელია, მზითვმა გაახსენა დაწყვილების სიხარული თუ ძაძებმა - კენტად დარჩენის სევდა, გული ამოუჯდა კია...

ცრემლები წინსაფრის ბოლოთი შეიმშრალა, თავს შეუძახა, ჩემს ბიჭს მხნედ და ლამაზად უნდა დავუხვდეო, დედის იმედსო... ძაღლმა კუდი ააქიცინა. რა ხანია, მხოლოდ ნათქვამზე კი არა, ნაფიქრზეც ,,პასუხობდა” პატრონს.

- ჩემი სავარცხელი ხომ არ იცი სადაა, ჟანგისფერავ? იქნებ იცოდა კიდეც, მაგრამ აბა როგორ უპასუხებდა...

მზის ოქროსფერი, გაბნეული სხივები და მოხუცის ვერცხლისფერი, ნაწნავად შეკრული თმა აირეკლა კედლის გაბზარულმა სარკემ.

,,დივლი-დივლი ლალებიიი...”

სოფლის ძაღლებმა ერთმანეთს პატრონების ამბები გადაუყეფეს...

,,გზისკენა მაქვს თვალებიიი...”

მშვიდი დღე გაუთენდა სოფელს...

სოფლის დასაწყისში ბიჭის ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს. ბიჭმა ჭიშკარში თავი შეყო, დაიძახა. მასპინძელმა ხელი მოიჩრდილა, იცნო, გაიხარა:- შენა ხარ? ო, შე ქალაქელო, შენა! სად დაგვეკარგე, ბიჭო, რატომ არ ჩამოდიოდი, საწყალი დედაშენი მაინც არ გენატრებოდა?! - გადაეხვიე და სახლში შეიპატიჟა.

შებინდდა. დედის ძველი თავშლისფერი შეეპარა ჰაერს. შვილი არ ჩანდა...დაბალ, სამფეხ მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი. მოხარშული ქათმის ხორცი უკვე გაციებულიყო, ჩაციებული ღვინო კი - გამთბარიყო... სკამზე ჩამოსძინებოდა თვალცრემლიან მოხუცს.უადგილოდ ნათქვამ სიტყვას ჰგავდა საზეიმო, ნაქარგი თავშალი...ენაგადმოგდებული ჟანგისფერა ჯოხის რიტმს აყოლებდა თვალს, მოხუცის მუდამ ათრთოლებულ ხელს რომ ეჭირა. ჯოხი ფხიზლობდა. სამფეხა მაგიდასთან მიახლოებას ვერ ბედავდა ოთხფეხი.

სოფლის შარას არეული ნაბიჯით მიუყვება ვიღაც. ერთ-ერთ ჭიშკართან შეჩერდა, დააკვირდა. უზომოდ მთვრალს მხედველობის დაძაბვა უჭირდა.- ჟჟჟანგიანია... ნტ, ეეეს არააა!.. - სლოკინი ამოაყოლა სიტყვებს და გზა განაგრძო. ჟანგიანი ჭიშკრის იქიდან, ჟანგისფერი ძაღლი კუდს უქიცინებდა და კმაყოფილი წკმუტუნებდა. რამდენჯერმე წამოიყეფა კიდეც, მაგრამ მთვრალმა ყურადღება არ მიაქცია, გზა განაგრძო. ძაღლმა ერთი კი გაიფიქრა, უკან ხომ არ გავედევნოო, მაგრამ გადაიფიქრა. თავის სამალავს დაუბრუნდა და მოხარშული დედალის ნარჩენები ნერწყვიან ლაშებში მოიქცია...

ძაღლის კუდის, მოხუცის აკანკალებულ ხელში ჩაბღუჯული ჯოხისა და ძველებური საათის ქანქარის მოძრაობა ერთ რიტმს იმეორებდნენ. დრო გადიოდა.

ჟანგისფერი მოიგდეს მთებმა კინკრიხოზე. სოფელში თენდებოდა...

ნათია როსტიაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100