მამაკაცი, რომელმაც საყვარელ ქალზე დასაქორწინებლად ბანკი გაძარცვა, საცოლემ პოლიციაში ჩაუშვა
ტექსასის მაცხოვრებელ ჰიტ ედვარდ ბამპუსს ძალიან უნდოდა საყვარელ ქალთან ულამაზესი ქორწილი გადაეხადა. მონდომების მიუხედავად, მან ვერ მოახერხა საკმარისი თანხის შეგროვება, რათა საქორწინო ბეჭედი და საპატარძლო კაბა ეყიდა. სიმართლე რომ ითქვას, არც წვეულების ხარჯებს ჰყოფნიდა მისი ხელფასი, ამიტომ ჰიტმა გადაწყვიტა, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის მოსაწყობად ბანკი გაეძარცვა.
როგორც გამოცემა Daily Mail წერს, საქმრო 4 ოქტომბერს, დილით მივიდა ქალაქ გროვტონის ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და იარაღის მუქარით მოითხოვა ფული. ძარცვის დროს ბამპუსი საკმაოდ ჰუმანურად ექცეოდა მძევლებს და ისიც კი აუხსნა მათ, რომ სინამდვილეში ყაჩაღი არაა და ფული ქორწილის გადასახდელად სჭირდება. როდესაც ფული აიღო, ჰიტმა დატოვა ბანკი და საკუთარი ავტომობილით სახლისკენ გაეშურა. გზაში იარაღიც მოიშორა და ის ტანისამოსიც, რაც ძარცვის დროს ეცვა. კამერების ჩანაწერების მიუხედავად, პოლიციამ მის კვალს ვერ მიაგნო.
იმის გამო, რომ ჩანაწერი მისი სახის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, პოლიციამ გამოაქვეყნა მამაკაცის ფოტოები და ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ ჰიტის საცოლემ ინტერნეტით გაიგო და ძებნილის ფოტოებში საკუთარი საქმრო ამოიცნო. მან დაარწმუნა მამაკაცი, რომ ჩაბარება ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. ჰიტი დათანხმდა და ქალმა მაშინვე დარეკა პოლიციაში.
ცნობილია, რომ თანხის უდიდესი ნაწილი ეჭვმიტანილმა უკვე დააბრუნა. ახლა მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით გასამართლება ელოდება.
კომენტარი