სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ "არა" აფხაზეთის დამოუკიდებლობას

მამუკა არეშიძის წინადადებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, საქართველოსათვის გარკვეული დივიდენდების მიღების კუთხით, სულ მცირე ორი დადებითი მომენტი გააჩნია. პირველი: ამ თემის პრესაში ფართოდ გაშუქებამ დიდი რეზონანსი და დისკუსიები გამოიწვია, თუმცა მალევე ჩაცხრა. არც ის იქნება მართალი ამას დისკუსია დავარქვათ - კრიტიკის ქარცეცხლმა კავკასიის საკითხებში ექსპერტის მარგინალიზება უმალ მოახდინა და საკუთარ იდეასთან პირისპირ მარტოდ დატოვა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა - ასეთ იდეას, ნებისმიერი ფორმით გამოხატულს, ჩვენს საზოგადოებაში მხარდაჭერა არასოდეს არ ექნება. მეორე - ვინაიდან ამ იდეის ავტორის მიმართ არ განხორციელებულა რაიმე სახის რეპრესიული ქმედებები და პირიქით, მის იდეას მედიაში გარკვეული ადგილიც კი დაეთმო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო თანდათან ყალიბდება როგორც ღია საზოგადოება, სადაც პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება დაშვებულია თუნდაც ისეთ მტკივნეულ და პრინციპიალურ საკითხებზე, როგორიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა.

საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ გამოითქვას გარკვეული მოსაზრებები და შეჯამდეს ის მიზეზები, რომელთა გათვალისწინებით მამუკა არეშიძის იდეა მიუღებელია და განწირულია მარგინალობისთვის. ეს ჩვენ არ დაგვაზარალებს და სასარგებლოც კი იქნება გარეშე საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რათა ისინი უკეთესად გაერკვნენ აღნიშნულ საკითხში. მით უმეტეს, რომ მსგავსი აზრის დამკვიდრებას ხელს უწყობს ის ინფორმაციული ფონი, რომელიც აფხაზეთის საკითხის ირგვლივ რუსეთის მიერ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ყალიბდებოდა. ამიტომ სრულებითაც არ გვიკვირს, რომ არიან აფხაზური პრობლემატიკის ცუდად მცოდნე ადამიანები, თუნდაც კეთილისმსურველები, რომლებსაც სრულიად გულწრფელად ვერ წარმოუდგენიათ, თუ რატომ არ უნდა გამოიყენოს საქართველომ ადვილი შესაძლებლობა და თავიდან მოიცილოს ასეთი "ძლიერი თავის ტკივილი".

მოდით ზოგადიდან კონკრეტულზე გადავიდეთ - მენტალური ხასიათის მიზეზებიდან მშრალ პრაგმატიზმზე.

ფუნდამენტალურ ფაქტორს წარმოადგენს აფხაზეთის ადგილი ქართული საზოგადოების აზროვნებაში. პრაქტიკულად ყველა ქართველი მას საქართველოს სახელმწიფოს ორგანულ ნაწილად აღიქვამს. ასეთი აღქმა ისტორიულ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების მრავალმა თაობამ დანერგა. ამიტომ ქართველებზე არ მოქმედებს ტონობით ფსევდო-მეცნიერული ლიტერატურა, რომლებშიც რუსეთის ხელით დამკვიდრებულია ისეთი თეზისები, როგორიცაა "აფხაზეთი საქართველო არაა", "ქართველები აფხაზეთში სტალინმა და ბერიამ ჩაასახლა" (საინტერესოა ვინ ჩაასახლა აფხაზეთში დაბადებული ლავრენტი ბერიას წინაპრები?) და ა.შ. მუდმივმა პროპაგანდამ შესაძლოა სხვისი ზომბირება მოახდინოს, მაგრამ ჩვენზე ეს არ მოქმედებს, ვინაიდან ეს ჩვენს თვითშეგნებას, ჩვენს ისტორიულ "მე"-ს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ თვითშეგნების მოშლა, რაც აუცილებლად მოჰყვება აფხაზეთის აღიარებას, მიგვიყვანს ძირეულ მენტალურ ცვლილებებამდე, რაც საბოლოოდ ქართველი ხალხის აზროვნებაში სახელმწიფოებრიობის თვითიდენტიფიცირების პრინციპების მოშლას გამოიწვევს.

სრულებითაც არ არის საჭირო, რომ ქართველი იყოს ისტორიკოსი ან ფილოსოფოსი, რათა ასეთი დამოკიდებულება გააჩნდეს აფხაზეთისადმი. კოლექტიური ქვეცნობიერებიდან ვერ ამოშლი, რომ აფხაზეთი - ჩვენი მიწაა, იქ ოდითგანვე აღიმართებოდა ჩვენი უძველესი ტაძრები და განისვენებენ ჩვენი წმინდანები. ეს მიწა საერთო ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში შედის და როგორც აფხაზეთის მკვიდრთათვის, ასევე საქართველოს სხვა მხარეში დაბადებულთათვის, მაგალითად კახელისთვისაც, არის ისეთი ცნების ძირითადი შემადგენელი ნაწილი, როგორიცაა "სამშობლო". სამშობლოზე კი უარს არ ამბობენ. ამიტომაც აფხაზეთის მიცემა შეუძლებელია - ჩვენი მენტალიტეტი ვერ მიიღებს ვერანაირ "საპატიო მიზეზებს" ან ბონუსებს ასეთი ნაბიჯის გასამართლებლად. აფხაზეთი მხოლოდ შეიძლება წაგვართვან. მაგრამ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ის აუცილებლად იქნება დაბრუნებული - როგორც ეს არაერთხელ ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებთან მიმართებაში სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. ეს კი ისტორიული მეხსიერების კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც ეხმარება ხალხს ოპტიმიზმით ელოდოს და უცქიროს მომავალს.

საქართველოში ამ საკითხის დასმაც კი შეურაცხმყოფელია. მისი სერიოზული განხილვა კი იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ ქართულ საზოგადოებას არაფერი წმინდა და არავითარი მორალური ფასეულობა აღარ შერჩა. ჩვენი წინაპრები მთელი ისტორიის მანძილზე იღუპებოდნენ გაუთავებელ ომებში სამშობლოსათვის, მათი სისხლით მორწყულია საქართველოს მიწის ყოველი მტკაველი. მაშინ, როცა ჩვენი თვითშეგნება, მთელი ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, საქართველოს დაცვისა და მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მაგალითებზეა დაფუძნებული, უეცრად, ვიღაცა ცდილობს სამშობლოზე უარის თქმა საზოგადოებრივი დისკუსიის ლეგიტიმურ თემად აქციოს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი და რა შორს შეიძლება წავიდეს ფასეულობებისადმი ასეთი ცინიკური დამოკიდებულება?

ზედმეტი პათოსის გარეშე შეიძლება ითქვას ისიც, რომ აფხაზეთის არაღიარება საქართველოს უპირველესი მოვალეობაა ცივილიზებული სამყაროს წინაშე. აფხაზეთის აღიარებით ჩვენ ეთნიკურ წმენდას დავაკანონებთ და ფაშისტური წარმონაქმნის ლეგიტიმურობას მოვახდენთ. ეს იქნება რადიკალური იდეოლოგიის გამარჯვების საშიში პრეცენდენტი. ეთნოწმენდის გამოყენებით სეპარატიზმის საბოლოო და შეუქცევადი გამარჯვების პრეცენდენტი, რომლისთვისაც არავინ არავის არ მოსთხოვს პასუხს. იდეოლოგიის გამარჯვება, რომლის ფარგლებშიც თავისი ამბიციების რეალიზებისათვის აგრესიულ უმცირესობას შეეძლება მოკლას ან განდევნოს მისთვის არასახარბიელო უმრავლესობა, რის შემდეგაც განსაკუთრებულ "ხალხად" გამოაცხადოს საკუთარი თავი, ჩაატაროს რეფერენდუმები დამოუკიდებლობის შესახებ და გარეშე ძლიერ მხარდაჭერას ამოფარებულმა, მოახდინოს განდევნილი მოსახლეობის უმრავლესობის სრული იგნორირება.

საჭიროა კი იმის ახსნა, თუ როგორ გეოპოლიტიკურ ბატალიებს გამოიწვევს ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში საზღვრების ასეთი მეთოდებით გადაკერვა და მეზობლებზე ზემოქმედება? თუ ჩვენ აფხაზური სეპარატიზმის ნიადაგზე აღმოცენებულ, ფაქტიურად ნაცისტურ რეჟიმს დავაკანონებთ, მაშინ ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების გაღვივება და მათი მანიპულირება საერთაშორისო პოლიტიკის ლეგიტიმური მეთოდი გახდება. სხვანაირად კიდევ რა შეიძლება ეწოდოს წარმონაქმნს, სადაც "კონსტიტუციაში" სავალდებულოდ ფიქსირდება "პრეზიდენტის" აუცილებელი ეთნიკური კუთვნილება, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობა წარმოადგენს მკვეთრად გამოხატულ ეთნოკრატიას? თანაც არავითარი გარანტია არ შეიძლება იყოს იმისა, რომ ამ მეთოდს კიდევ ერთხელ არ გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ - შესაფერის დროს, ერთ-ერთ რომელიმე სხვა საზღვრისპირა რეგიონში.

ამ მეთოდს კი აუცილებლად, პირველ რიგში ისევ ჩვენს მიმართ გამოიყენებენ ერთი უბრალო მიზეზის გამო - ჩვენ უკვე ვიქნებით ერი, რომელიც ეროვნული დამცირების უდიდეს მასშტაბებს ნებაყოფლობით დათანხმდა. დამცირებას, რომლის განცდაც აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში მოუწევს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ღირსების შეგრძნება. გამოდის, რომ სავსებით დასაშვებია ჩვენი მოკვლა, ჩვენივე სახლებიდან განდევნა, მეორეხარისხოვან ადამიანებად გამოცხადება, ჩვენზე ფეხების შეხოცვა - ჩვენ შემდეგ ყველაფერ ამაზე ჩვენივე ნებით მოვაწერთ ხელს. ყოველივე ამის შემდეგ მორალურად გატეხილი და საკუთარი თავის წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენი ერი გავხდებით.

ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები სხვადასხვა მასშტაბებით, ყველა ჩვენს მეზობელს გააჩნია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ვალშია ყველას წინაშე, ხოლო საქართველოსი არავის არაფერი მართებს. უფრო მეტიც – თუ შევაჯამებთ ყველა გაჟღერებულ პრეტენზიას, მაშინ საქართველოსგან მხოლოდ თბილისი თუ დარჩება. ისიც კი დიდი კითხვის ქვეშაა. აფხაზეთის აღიარება კი ფაქტიურად მზა რეცეპტს და ალგორითმს მისცემს "თვითგამორკვევაზე" მომავალ მონადირეებს , ხოლო რეალურად კი საქართველოს ხარჯზე ტერიტორიების მომპოვებლებს. ეს კი არასოდეს დასრულდება. უფრო სწორად - დასრულდება საქართველოსთან ერთად.

ბატონი არეშიძე ამ ასპექტის ნიველირებას ახდენს დევნილთა პრობლემებზე დაყრდნობით. ის აცხადებს, რომ მათი საკუთარ სახლებში დაბრუნება შეიძლება განხორციელდეს აფხაზეთის ცნობის სანაცვლოდ. მაგრამ რამდენი დევნილია მზად დაბრუნდეს აფხაზეთში, რომლის დამოუკიდებლობაც გამოცხადებული იქნება მათივე ნების საწინააღმდეგოდ? ძალიან მცირე ნაწილი. ჩვენ ციფრიც კი ვიცით. ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია " Conciliation Resources "- ის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ, აჩვენა: საქართველოს მიერ აღიარებულ აფხაზეთში, მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო გარანტიით და მსოფლიო საზოგადოებრიობის დონორული მხარდაჭერის შემთხვევაში - ესე იგი, ყველაზე ხელსაყრელი პირობების სცენარით, მზად არის დაბრუნდეს იძულებით ადგილნაცვალი პირების მხოლოდ 17 %.

რამდენი მათგანი დათანხმდება აფხაზეთში დაბრუნებას მეორეხარისხოვანი ადამიანისა და საკუთარ სახლში სტუმრის სტატუსით რუსული ჯარით გაჯერებულ აფხაზეთში, რაც უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა სანდო გარანტიების არარსებობას ნიშნავს? შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს კიდეც, მაგრამ ისინი ერთეულები იქნებიან. ყველას თვალწინ გვაქვს გალის რაიონის მაგალითი და "დამოუკიდებელ აფხაზეთში" სამოქალაქო უფლებებს მოკლებული, მუდმივად გამოძალვებისა და ძალადობის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ქართველების მეტად არასახარბიელო მდგომარეობა, რომლებიც ყოველ წუთს შესაძლოა დაუსჯელად იქნენ მოკლულნი აფხაზი ბოევიკებისა და რუსი ჯარისკაცების მიერ.

ჩვენ ამჯერად ვსაუბრობთ ყველაზე უპრობლემო რაიონის შესახებ, სადაც პრაქტიკულად არ არის აფხაზური მოსახლეობა, სადაც ომამდელი მოსახლეობის 98%–ს ქართველები შეადგენდნენ. რაიონზე, სადაც არ ყოფილა შეიარაღებული წინააღმდეგობა და სისხლი მეზობლებს შორის; რაიონზე, რომლის მოსახლეობა თავის უმრავლესობაში დემონსტრაციულად არ მონაწილეობდა 1992–1993 წლების ომში, მაგრამ მაინც გახდა ეთნოწმენდის მსხვერპლი; რაიონზე, სადაც უკვე ომის შემდგომ პერიოდში, გაეროს ეგიდით მოქმედი რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" მოქმედების პერიოდში მოკლულ იქნა 2 ათასამდე ადამიანი, რომელთაც "არ გაუმართლათ" და ქართველებად დაიბადნენ; რაიონზე, რომელშიც 18 წლის განმავლობაში დაბრუნება გადაწყვიტა მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა – თანაც ამ ადამიანთა ძირითადი ნაწილი არ ცხოვრობს იქ მუდმივად. ისინი იძულებულნი არიან რისკის ფასად სეზონურად გადალახონ ენგური, რათა დაამუშაონ თავიანთი მიწა და არსებობისათვის საჭირო მინიმალური საშუალება გააჩნდეთ.

საინტერესოა, დასთანხმდებოდა კი თვით ბატონი არეშიძე ასეთ უუფლებო მდგომარეობაში ცხოვრებას?

ცალკე დგას საკითხი თვით აფხაზების მზაობისა, იყიდონ აღიარება ყველა დევნილის დაბრუნების საფასურად. ეს არაერთგვაროვანი კითხვაა, რომელზეც საბოლოო პასუხი თვით აფხაზებმა უნდა გასცენ. ჩვენ კი ამ საკითხის ცოდნისა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პასუხი ალბათ უარყოფითი იქნება, რაც აფხაზური მხარის მიერ გაჟღერებულმა რეპლიკებმა უკვე დაადასტურეს. "არეშიძის ინიციატივა კარგია მხოლოდ იმით, რომ საქართველოს არსებულ დე-ფაქტო ვითარების პოლიტიკური გაფორმების საშუალებას მისცემდა", აცხადებს გაზეთ "ეხო აფხაზიის" გვერდებზე აფხაზური პოლიტპროპაგანდის დამსახურებული მოღვაწე ნადეჟდა ვენედიქტოვა. ყურადღება მივაქციოთ ამ სიტყვებს: "დე-ფაქტო ვითარების გაფორმება". ანუ - გვაღიარეთ ჩვენ, მაგრამ სამაგიეროს არაფერს ელოდეთ.

"ჯერ გვაღიარონ, მერე კი ვისაუბროთ", - ირონიით აცხადებს თავის ბლოგზე აფხაზური "პარლამენტის დეპუტატი" ბატალ კობახია. "ვართ კი ჩვენ მზად განვიხილოთ "აღიარების ფასი", ანუ ის დათმობები, რომლებზეც ჩვენ უნდა წავიდეთ აღიარების სანაცვლოდ?- სვამს კითხვას სოხუმელი პოლიტოლოგი ირაკლი ხინთბა. - დავთანხმდებით კი ჩვენ დავაბრუნოთ ყველა დევნილი საქართველოს მხრიდან აღიარების სანაცვლოდ? საეჭვოა. დავთანხმდებით კი ჩვენ რაიმე ტერიტორიულ დათმობებს? ორმაგად საეჭვოა. ეს კითხვა ხომ შესაძლებელია სხვაგვარად ჩამოვაყალიბოთ: გვჭირდება კი ჩვენ საერთოდ საქართველოს მხრიდან აღიარება?" კიდევ ერთი "მოაზროვნე" ვიტალი შარია აღნიშნავს: "შეეკითხეთ დღეს ნებიმიერ აფხაზ გლეხს, რა ურჩევნია მას: საქართველოს მხრიდან აღიარება, თუ ოცი წლის წინანდელი დემოგრაფიული სიტუაციის და "ვინ არის აქ მასპინძელი"–ს გაუთავებელი კამათის დაბრუნება. პასუხი, ვფიქრობ, ნათელია: "ერთიც მაგათ თავიანთი აღიარებით...", - იტყვის იგი".

ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს როგორი ტონითა და როგორი მეტყველებით გაუკეთეს კომენტარი ბატონი არეშიძის წინადადებას აფხაზური საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც თავს არ იტკივებენ მეტყველების ცენზურის ეთიკის დაცვით. ყველა იმ გამონათქვამის წაკითხვით, რომლებიც დაიდო ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთის აღიარება მხოლოდ ქართველებს სჭირდებათ - აფხაზებს კი არამც და არამც. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ისინი და ასეთი შესაძლებლობისათვის მადლობაც ვუთხრათ. "რომელი დევნილები? დაივიწყეთ". თუმცა, რიგ შემთხვევებში, ასეთი ცინიზმი გამართლებულია. მყარი პრინციპების მქონე საზოგადოებას არ შეუძლია პატივი სცეს უპრინციპო ნიჰილისტურ მასას. კერძოდ, ასეთ მასად აფხაზების თვალში ქართველები გამოიყურებიან, სანამ საქართველოში არსებობენ ისეთი სუბიექტები, რომლებიც საკუთარ თავს ამგვარი თემებით სპეკულირების უფლებას აძლევენ. და ეს მაშინ, როდესაც აფხაზეთში არ მოინახა არცერთი ადამიანი, რომელიც გარისკავდა და კონსტრუქციულ რეაგირებას მოახდენდა მამუკა არეშიძის იდეაზე, და აღარაფერს ვამბობთ უკვე იმაზე, რომ დაუშვებდა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას.

აფხაზური მხარის რეაქცია სავსებით ტიპიურია და რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს. აფხაზური ეთნონაციონალიზმის ფუნდამენტალური, მამოძრავებელი ძალა იყო და რჩება აფხაზეთში დომინირებისკენ სწრაფვა. საუბარია ირაციონალურ სწრაფვაზე ნებისმიერ ფასად იყო "მასპინძელი" და დანარჩენები მორჩილად, "სტუმრის" სტატუსით გყავდეს დაქვემდებარებული. მოდით თავი დავანებოთ იმის ძიებას, თუ საიდან მოდის ასეთი მენტალური თავისებურება. საკმარისი იქნება ვთქვათ, რომ აფხაზებისთვის არ იყო საკმარისი "სატიტულო" ერის პრივილეგირებული მდგომარეობა. იმის მაგივრად, რომ უფრო მეტი ბავშვი გაეჩინათ და თანდათანობით გაეუმჯობესებინათ საკუთარი დემოგრაფიული მდგომარეობა, ისინი რუსეთის მიერ ნაჩვენები მოკლე გზით წავიდნენ. მათ უბრალოდ თავიდან მოიშორეს უმრავლესობა – ქართველები და მათდამი სოლიდარული აფხაზეთის მაცხოვრებლები. აფხაზები 17%–იანი მოსახლეობიდან ცოტა ხნით უმრავლესობად გადაიქცნენ. ეხლა კი ძლივსღა ინარჩუნებენ რაოდენობრივ პარიტეტს ერთად აღებულ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან, ინარჩუნებენ რა დომინანტურ სტატუსს ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე და დევნიან "კონკურენტებს".

ამიტომ აფხაზებისთვის დევნილთა დაბრუნება პრინციპულად ყველაზე მიუღებელი საკითხია. აქ მათ მაშინვე ერთვებათ "17%–ის კომპლექსი" და კოშმარები ელანდებათ: მერე რა რომ ქართველები აღიარებენ – ვაი თუ ქართველები, როცა გახდებიან უმრავლესობა, ჩაატარებენ რეფერენდუმს და მაშინ უნდა დავივიწყოთ "დამოუკიდებელი აფხაზეთი"?

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის დღევანდელი საზოგადოება ძალზედ ანტიქართულადაა განწყობილი სხვა მხრივაც. იმისათვის რომ "სწორი" საზოგადოებრივი განწყობა შეინარჩუნონ, მათ მუდმივად კვებავენ ყველაზე აგრესიული იაფფასიანი პროპაგანდით. მუდმივად ისმის "ისტორიები" მხეც ქართველებსა და მათ უღელქვეშ გაუსაძლისი ცხოვრების შესახებ (გვერდზე გადავდოთ ამ გამონათქვამების სისწორე – პროპაგანდა იმისთვისაც არის, რომ ადამიანებს იდეები მოახვიონ თავს). აფხაზეთის სკოლებში, უმცროს კლასებში, ტარდება გაკვეთილები, რომელზეც უყვებიან ბავშვებს ქართველების არაადამიანური ბუნების შესახებ. აფხაზეთის დღევანდელი ახალგაზრდობა ბავშვობიდან გაზრდილია საქართველოსადმი სიძულვილით. უნდა ველოდოთ კი, რომ ვინც აფხაზებს ასეთგვარად ურეცხავს ტვინს, ხვალ ეტყვის ხალხს: უკაცრავად, ყველაფერი ცოტაოდენ სხვაგვარად იყო და ქართველებთან ცხოვრება შესაძლებელიაო... ამის გაკეთების საშუალებას მათ ალბათ ელემენტარული თვითგადარჩენის გრძნობა არ მისცემს.

თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველაზე სახარბიელო პირობებშიც კი თანახმაა აფხაზეთში დაბრუნდეს დევნილთა მცირეოდენი ნაწილი – ანუ, აფხაზების პოზიცია არ არის გადამწყვეტი და აფხაზეთის აღიარებით ჩვენ მაინც ვერ ვწყვეტთ დევნილი მოსახლეობის პრობლემას. ძალით ხომ არ უნდა გავაძევოთ დევნილები უკან ენგურს გაღმა? მაგრამ, მოდით წარმოვიდგინოთ, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო მოხდა განწყობათა მკვეთრი ცვლა და ყველანი ისინი დასთანხმდნენ დაბრუნებას. მიიღეს რა "მეპატრონის" სტატუსის შენარჩუნების გარანტიები, ამას დასთანხმდნენ აფხაზებიც (თუმცა თვით საკითხის ასე დაყენება უკვე წარმოადგენს ნაციზმისა და აპარტეიდის გამოვლინებას). იბადება კითხვა გარანტიების შესახებ, რაზეც საუბრობს ბატონი არეშიძე. მრავალწლიანი და დიდი გამოცდილება, რომლის შეძენაც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა, გვკარნახობს, რომ გარანტიები უნდა იყოს საკმაოდ საიმედო და არ უნდა იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მხარეზე.

ნუ დაგვავიწყდება: ჩვენ ხელი მოვაწერეთ მშვიდობიან შეთანხმებას, რომელიც აფხაზებმა დაარღვიეს და მოაწყვეს სისხლისღვრა გაგრაში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი კიდევ ერთ მშვიდობიან ხელშეკრულებას – და ის დასრულდა სოხუმის შტურმით. ჩვენ კვლავ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, და მისი შესრულების მიზნით გავიყვანეთ სოხუმიდან საჯარისო შენაერთების ნაწილი, არტილერია და მძიმე ტექნიკა. შედეგი – სოხუმი დაპყრობილია, მთელი აფხაზეთი მოიცვა სისხლისღვრამ. შემდგომში ჩვენ კიდევ ერთხელ დავთმეთ და გავწიეთ ჯარები გვირაბიდან კოდორის ხეობაში– ერთ კვირაში აფხაზურმა ჯარებმა გაიარეს ის და მოაწყვეს სასაკლაო სოფელ ლათაში, აგრეთვე შეეცადნენ კოდორის სრულად ხელში ჩაგდებას. კიდევ ბევრის თქმა შეიძლება აფხაზებთან მიღწეულ შეთანხმებებზე – ყველა მათი ხელმოწერა რუსეთის გარანტიის ქვეშ ხდებოდა და ყველა მათგანი რუსეთის მონაწილეობით ირღვეოდა.

ამრიგად, მისაღებია მხოლოდ საერთაშორისო გარანტიები, რომლის შესრულებას ადგილზე დააკვირდებიან საერთაშორისო ძალები – სამშვიდობო, პოლიციური – დასახელებას მნიშვნელობა არ აქვს. ის, რომ მხოლოდ ქაღალდზე ხელმოწერებითა და ბეჭდებით გამაგრებულ დაპირებებს თვით ამ ქაღალდზე მეტი ღირებულება არ აქვთ, ჩვენ დაგვარწმუნა არა მარტო ჩაშლილმა მშვიდობიანმა შეთანხმებებმა, არამედ დსთ–ს, ეუთო–ს და გაერო–ს მრავალრიცხოვანმა იგნორირებულმა რეზოლუციამ. აღარაფერს ვამბობთ უკვე 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიის შესახებ. სამწუხაროდ, მსოფლიოში ბატონობს არა სამართლის ძალა, არამედ ძალის სამართალი. ასე რომ, საერთაშორისო ძალების განთავსება და რუსული ჯარების გაყვანა – აუცილებელი პირობაა. აქ ჩვენ კვლავ მივდივართ ბატონ არეშიძისეულ აფხაზეთის აღიარების კიდევ ერთი პირობამდე - რუსეთის ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე. რეალისტურია კი ეს სცენარი?

დიდი ალბათობაა, რომ აფხაზები დიდი სიხარულით დასთანხმდებიან მას – მათ სულაც არ უხარიათ რუსი ჯარისკაცების ჩასახლება-დამკვიდრება აფხაზეთში. მაგრამ ისინი ეგუებიან ამ მდგომარეობას, რადგანაც რუსეთი ჯერ–ჯერობით უზრუნველყოფს აფხაზური მოსახლეობის დომინანტურ მდგომარეობას, თუმცა მან უკვე ჩაუშვა აფხაზებისთვის არასასურველი დემოგრაფიული პროცესი, თანაც საკმაოდ საგრძნობლად მიუთითებს, თუ ვინ არის სახლის რეალური პატრონი. აფხაზურ ეთნოკრატიას არ გააჩნია რუსეთისგან საკუთარი სტატუსის მყარი, გრძელვადიანი გარანტიები და გრძნობს თავის სისუსტეს. ამიტომ აფხაზები დიდი სიხარულით მიიღებენ ასეთ გარანტიებს სხვა მხარისგან და დაუქნევენ ხელს საკმაოდ ხარბ, საკმაოდ ახლოსმყოფ და საკმაოდ ძლიერ რუსეთს. მაგრამ შეძლებენ კი ისინი ამის გაკეთებას? ამასთან უნდა ველოდოთ კი იმას, რომ თუ აფხაზები თვითონ მოითხოვენ რუსული ჯარების გაყვანას, ეს უკანასკნელები ჩაიტვირთებიან ეშელონებში და ფსოუს გაღმა გავლენ "Прощание славянки"–ს მელოდიის ქვეშ?

ასეთი სცენარის წარმოდგენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც სჯერა, რომ რუსეთი აფხაზურ სეპარატიზმს კვებავდა და მხარს უჭერდა მხოლოდ აფხაზების მიმართ უანგარო სიყვარულის გამო. თუ ჩავთვლით, რომ მოსკოვმა საქართველო თავის მტრად აქცია და პოლიტიკური იმიჯის სერიოზულ დანაკარგებზე წავიდა მხოლოდ საკუთარი მისწრაფებების რეალიზაციისათვის – მაშინ ავტომატურად გამოდის რომ რუსეთის ჯარის აფხაზეთში დისლოცირება პირველ რიგში თვით რუსეთს ესაჭიროება. აფხაზების პოზიციას რეალურ პოლიტიკაში გააჩნია იმდენი მნიშვნელობა, რამდენიც მას ძალუძს ზეგავლენა იქონიოს კრემლის პოლიტიკაზე. შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს აფხაზი ბოევიკები, რომელნიც "დამოუკიდებელი აფსნიდან" დევნიან რუსეთის ყველაზე დიდ საარმიო შენაერთს? ან რომლებიც ალყაში აქცევენ გუდაუთის ბაზას მთელი მისი შეიარაღებით? არადა მოსკოვი უკვე საუბრობს სოხუმთან კონტინგენტის გაზრდაზე. და ეს იმ დროს, როდესაც იქ ამჟამად არსებული ძალები საკმარისზე მეტია, რათა საჭიროების შემთხვევაში გაწმინდონ მთელი რეგიონი და ძირშივე მოახდინონ რუსული ჯარების გაყვანის მომხრეთა ლიკვიდაცია, თუ ისინი გადაწყვეტენ მიმართონ კონკრეტულ მოქმედებებს.

მაგრამ ესეც ფანტასტიკის სფეროა, რადგანაც აქამდე საქმე არც მივა. მთელი აფხაზური ელიტა "შეკრულია" რუსეთთან, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურები ოკუპირებულ რეგიონში აკონტროლებენ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებს. აფხაზეთზე მსჯელობისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და უნდა გამოვდიოდეთ ერთი ვითარებიდან – იგი იმყოფება რუსეთის ფედერაციის სრული კონტროლის ქვეშ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ ნარჩუნდება ასეთი მდგომარეობა, ფიქრიც კი დაუშვებელია აფხაზების დამოუკიდებლობაზე. ნებისმიერი სერიოზული ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს, ძირშივე იქნება აღკვეთილი. ამასთან ჰიპოტეტური მოლაპარაკებების შემთხვევაში მოსკოვი სოხუმის პირით მოიყვანს უამრავ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ დაეთანხმებიან ისინი რუსეთის ჯარის გაყვანას. გამოსაგონი აქ არაფერია – საკმარისია იმ თეზისის გამეორება, რომ აფხაზებს არავისი აღარ სჯერათ და არ დაეთანხმებიან იქ ვინმეს ყოფნას, გარდა რუსებისა.

ბატონი არეშიძე აცხადებს, რომ საჭიროა აფხაზების ასიმილაციისგან გადარჩენა. ამისათვის აუცილებელია მათი აღიარება და თანაც 2014 წლამდე – სოჭის ოლიმპიადამდე. იგი ამტკიცებს, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ აფხაზების ასიმილაციის პროცესს რუსები მკვეთრად დაასრულებენ. ასეთი მსჯელობის ლოგიკა გაუგებარია. თუმცა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს იმის პროგნოზირება, რომ ოლიმპიადის შემდეგ რუსეთს საბოლოოდ შეეხსნება ხელ–ფეხი და ის შეუდგება აფხაზეთის ათვისებას უფრო უცერემონიოდ, ვიდრე აქამდე. ამავე დროს თვალშისაცემია მამუკა არეშიძის პოზიციის დამთხვევა რუსეთში ზოგიერთი ადამიანის, რომელთაც კარგი ლობი გააჩნიათ, ცხოველურ სურვილთან "დამოუკიდებელი აფხაზეთის" საერთაშორისო ლეგიტიმიზაციის პრობლემა გადაჭრას ოლიმპიადის დაწყებამდე, რათა ოლიმპიური ღონისძიებების ინფრასტრუქტურულ უზრუნველსაყოფად გამოიყენოს აფხაზეთის ტერიტორია და აფხაზეთის კურორტებითა და ნაკრძალების გამოყენებით უცხოელი ტურისტების ხარჯზე საკმაოდ სოლიდური ფინანსური შემოსავალი იშოვოს.

მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, ინტერესს იწვევს ის, თუ როგორ შეუშლის ხელს აფხაზეთის აღიარება ასიმილაციის პროცესს? აფხაზეთის მიერ დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფორმალური სტატუსის მოპოვების შემთხვევაშიც კი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, რომლითაც განპირობებულია ასიმილაცია, არსად გაქრება. აქ მთავარია, როგორი აზრის არიან თვით გადარჩენის კანდიდატები? რამდენადაც ცნობილია, აფხაზები არავის არ სთხოვენ თავის გადარჩენას, განსაკუთრებით კი – საქართველოს. ასეთ მისწრაფებებს ისინი ვერ გაიგებენ, ვერ მიიღებენ და არც უნდა გვქონდეს მათი მხრიდან მადლობის გადახდის იმედი. აფხაზეთის საზოგადოებას არც კი ახსოვს ისტორიული გაგებით ახლო წარსულში საქართველოს საზოგადოების ძალისხმევა თავიდან აეცილებია მათთვის მუჰაჯირობა. ეპისკოპოს ქიქოძის სახელი, რომელმაც აფხაზების დარჩენილი ნაწილი გადაარჩინა თურქეთში გასახლებისგან მე–XIX საუკუნეში, დღეს იმ ცოტაოდენი აფხაზისთვის თუ არის ცნობილი, ვინც ღრმად არის დაინტერესებული თავისი ისტორიით. დანარჩენები კი სიამოვნებით იხსენებენ უფრო ახლო ისტორიას, როდესაც მათ იგივე რუსეთის მეშვეობით ქართველებს მოუწყვეს მუჰაჯირობა.

ამიტომ სიბრიყვე იქნებოდა დონ–კიხოტისთვის მიგვებაძა. ბოლოს და ბოლოს, აფხაზები ბავშვები არ არიან. ასიმილაცია არ აღელვებთ მათ იმდენად, რომ დასახმარებლად ვინმეს მიმართონ, მით უმეტეს ჩვენ. თავს მოვახვიოთ საკუთარი თავი? ცალმხრივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, სულ ცოტა, სასაცილოა. ყველაზე დიდი მორალისტისთვისაც კი იქნებოდა საკმარისი, რომ ჩვენ ვინახავთ აფხაზურ კულტურასა და აფხაზურ ენას საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე. სურვილის შემთხვევაში აფხაზებს შეუძლიათ ამით ისარგებლონ, როდესაც შეიცვლება სიტუაცია. აქამდე ისინი ამბობდნენ "სჯობს ოკეანეში დახრჩობა, ვიდრე გუბეშიო". იქნებ მომავალში გაიგებენ, რომ გუბე ოკეანეზე მაინც პატარაა – თუ გაუმართლებთ და ძალიან დაგვიანებული არ იქნა. ყოველ შემთხვევაში, ეს, პირველ რიგში, მათი საზრუნავია.

ბატონი არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთის აღიარების შეთავაზებით ჩვენ შევძლებთ მოვიპოვოთ უფლება დავსვათ აფხაზები მოლაპარაკების მაგიდასთან და მოლაპარაკების პროცესი მათთან "საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, რუსეთის გარეშე" ვაწარმოოთ. განა ჩვენ ეხლა არა გვაქვს ამის უფლება, ან არ გვქონდა აქამდე? აქ პრობლემა ამ უფლებების რეალიზაციაა და საქართველო აქ არაფერ შუაშია. აქ ქართველ პოლიტიკოსებს კი არ ეშინიათ ნებისმიერი დამოუკიდებელი კონტაქტებისა აფხაზეთის წარმომადგენლებთან. განა ქართველებს აკონტროლებენ ისე, რომ მათ ვერ შეძლონ ზოგჯერ საიდუმლოდ ესაუბრონ ოპონენტებს "შუამავლის" გარეშე. საინტერესოა, როგორ დააღწევინებს თავს აფხაზებს რუსეთიდან კონტროლს და მისცემს მათ საშუალებას აწარმოონ ჩვენთან დამოუკიდებელი, მოსკოვთან შეუთანხმებელი მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან აფხაზეთის აღიარება? არსებულ სამხედრო–პოლიტიკურ განლაგებაში ასეთი მექანიზმები არ იკვეთება.

ამ სტატიაში დასმულ კითხვებზე არგუმენტირებული, ამომწურავი პასუხები არ არსებობს. ამიტომაც უნდა მივიჩნიოთ, რომ აფხაზეთის აღიარება არ მოუტანს საქართველოს პრაქტიკულად არანაირ სარგებელს.

ე.ი. ეს უბრალო მშრალი პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც არ არის საჭირო. მით უმეტეს, ეს აღიარება პრაქტიკაში, თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით, საქართველოს მოუტანს არსებით ზიანს. ავიღოთ მაგალითისთვის შემდეგი მოსაზრება: რუსეთის სახით ჩვენ დღეს გვყავს ძლიერი მტერი, რომლის ინტერესები საქართველოში განისაზღვრება არა მხოლოდ ტერიტორიების წართმევით. მოსკოვი მიისწრაფვის საქართველოზე კონტროლის დამყარებისკენ, რათა დააბრუნოს იგი თავისი ზეგავლენის ორბიტაზე. ამჟამად იგი ოკუპაციის ლეგიტიმაციისათვის გარკვეულ პოლიტიკურ კაპიტალს და რესურსებს ხარჯავს. აფხაზეთის აღიარებით ჩვენ ვათავისუფლებთ აგრესორს ამ ტვირთისაგან და ვაძლევთ მას დამატებით საშუალებას გადაერთოს საქართველოს შემდგომ დასუსტებასა და დეზინტეგრაციაზე.

აფხაზეთის სტატუსის საკითხი ახლო მომავალში არ გადაწყდება. სიტუაცია დიდი ხნით არის გაყინული – მანამ, სანამ რუსეთი ინარჩუნებს თავის პოზიციებს კავკასიაში. ამიტომ ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ეხლავე შეიძლება იქნეს გადაჭრილი. ჩვენ უნდა ვაშენოთ წარმატებული, ძლიერი, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო არაოკუპირებულ ტერიტორიაზე. აფხაზეთის კონტექსტში კი – ხელი შევუწყოთ რეალურ სახალხო დიპლომატიას, ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ოკუპაციის ხაზზე, ვაჭრობას და ა. შ. აფხაზებთან კონტაქტებში უნდა ვუჩვენოთ მათ ნორმალური, თავისუფალი და მიმზიდველი სამყარო როგორც ალტერნატივა ჩვეული რუსული პირქუშობისა. უნდა შევუწყოთ ხელი მათ საკუთარ ფესვებთან დაბრუნებაში და საბჭოთა პერიოდში თავმოხვეული ეთნოფსიქოლოგიიდან გამოსვლაში, რომელიც დაფუძნებულია არქაულ მენტალობასა და ქსენოფობურ, ნაცისტურ აზროვნებაზე. თუ ამის განხორციელება მოხერხდა რაიმე დოზით მაინც, მომავალში ეს სერიოზულად გაგვიადვილებს ქვეყნის რეინტეგრაციას. მანამდე კი უნდა ველოდოთ, განვვითარდეთ და ძალები მოვიკრიბოთ. უნდა ველოდოთ იმ დროს, როცა სიტუაცია შეიცვლება და "უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა", ამჯერად XXI საუკუნის, კვლავ გახსნის "შესაძლებლობათა ფანჯარას". ისეთს, რომელმაც საშუალება მოგვცა საბჭოთა კავშირს გავქცეოდით. დრო საქართველოზე მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100