მნიშვნელოვანი პროექტი, რომლისთვისაც სამინისტრომ მხოლოდ 2 კვირა გამოყო
2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანების პროექტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების სრულყოფისა და საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“. განაცხადში აღნიშნულია, რომ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულმა მხარეებმა სამინისტროს უნდა მიაწოდონ 2014 წლის 6 იანვრამდე.
ორკვირიანი ვადა ამ მნიშვნელობის პროექტის განხილვისა შენიშვნების მომზადებისთვის ძალიან მცირეა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართა პრემიერმინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მოითხოვა ჩატარდეს სამთავრობო განხილვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იქნებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლი ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და სხვა). მიმართვაში აღნიშნულია, რომ განხილვა ქვეყანას ააცილებს გაუაზრებელი ან შეგნებულად დაგეგმილი საეჭვო რეგულაციების მიღების საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა უკიდურესად გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი.
„სექტორული გზამკვლევების შემუშავების პროცესში არ ყოფილა ჩართული არც ერთი დარგობრივი სამინისტრო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, შრომის. სოც. უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, დეველოპერი კომპანიები, როგორც დაინტერესებული მხარე და ასევე არც ერთი ცნობილი ქართული სპეციალიზირებული საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნია და კარგად იცნობს როგორც განვითარებადი ქვეყნების რეალობას, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას.“ - ნათქვამია მიმართვაში.
უცნობია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების პოზიცია აღნიშნულ დებულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განვითარების პერსპექტივები.
კომენტარი