სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპერაცია „მომხსნეს“: ოპოზიციას უნდოდა „წინაზე უკეთ“, გამოუვიდა – „როგორც ყოველთვის“

ოპერაცია „მომხსნეს“ ფბ–ზე „დაიმუხტა“ და დაიგეგმა

როგორც კი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ რობერტ სტურუამ მისი გათავისუფლების ბრძანების ფოტო ატვირთა, ახალი მუხტის ძიებაში გაწაფული და დადარაჯებული პოლიტიკოსები და პოლიტიკურად აქტიური ფბ–მასა მაშინვე მოფუთფუთე სკას დაემსგავსა. ალბათ, ფბ–ს ინტერნეტსივრცის ქართულ ნაწილს აქამდე არც ახსოვს ერთი ფოტოს ინტენსიური გაზიარების ისეთი ტემპი, როგორიც სტურუას ბრძანების ფოტომ გამოიწვია. გარკვეულწილად, სტურუას ქმედება და კომენტარის სახით დაწერილი ერთი სიტყვა თითის გატკაცუნებას ჰგავდა და იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ისედაც მოუთმენლად ელოდნენ სტურუასთან დაკავშირებული ამბების განვითარებას, გზავნილი მიიღეს. შეიძლება ითქვას, რომ ახალი პოლიტიკური ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „მომხსნეს“ ფბ–დან და იმ წუთიდანვე დაიწყო, რაც რობერტ სტურუას პროფილის კედელზე ფოტო და კომენტარი გაჩნდა.

„აჰა, ამასაც მოვესწარით!“; „ვის ეხებიან, აზრზე ხართ?“; „მორჩა! ამათ თავიანთი ხელით გაითხარეს სამარე!“; „ბოლოს და ბოლოს, კატასავით ამოთხარეს დანა და აწი ნახონ!“ – ასეთი დამუხტული სტატუსები გაჩნდა იმ საღამოსვე. მერე შეიქმნა უამრავი ჯგუფი. ზოგი სერიოზული („დაუბრუნეთ სტურუა თეატრს“), ზოგიც პირიქით („სტურუა წმინადანად“). მერე დაიგეგმა აქცია კულტურის სამინისტროსთან...

ცხელი აგვისტოს ტოპ–თემა

რობერტ სტურუას თემა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა უკვე ყველა მხრიდან დამუშავებული და გამოწვლილვით შესწავლილი ჩანს, მაინც აქტუალურია. ზოგს ის აინტერესებს, დარჩება თუ არა თეატრში, ზოგს ის – წავა თუ არა მოსკოვში ან ლონდონში. თვითონ რეჟისორი უფრო მეტად უცხოურ მედიასაშუალებებს სწყალობს, თანამემამულეებს კი, ძირითადად, „ფეისბუქით“ ეკონტაქტება. მაშინ, როცა მისთვის წამებულის მანტიას გამალებით კერავენ და ზოგი ამისთვის ფბ–ზე, ზოგიც კულტურის სამინისტროსთან, ზოგი კი, სულაც „მარშრუტკებში“ აქტიურობს, რობერტ სტურუა არც მადას უჩივის და არც განწყობას: „არ გეგონოთ, რომ ისე ვარ... მძინავს, ვქეიფობ, ხილს ვჭამ (მგონი, ზედმეტიც ვჭამე)“, – აბარებს იგი ანგარიშს თაყვანისმცემლებს – რა თქმა უნდა, „ფეისბუქზე“ და, რა თქმა უნდა, ლათინური შრიფტით...

„...უბრალო ხალხი რაღას ამბობს?“ (მეფე არტური, „კამელოტა“)

საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სტურუაზე ლაპარაკი, უბრალოდ, მობეზრდა, რა თქმა უნდა, არავინ უწევს ანგარიშს. ასეთები კი არცთუ ცოტანი არიან და ამაზე „დრონი.ჯი“–ს გამოკითხვაც მეტყველებს. გუშინ დაწყებულ გამოკითხვაში ამ სტატიაზე მუშაობის დროისთვის 100–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, რას მოიმოქმედებს რეჟისორი რობერტ სტურუა?“ – პასუხები მეტყველებს, რომ უმრავლესობა ამ თემის მიმართ ინდიფერენტულია: „არ მაინტერესებს, როგორ მოიქცევა“ – ეს პასუხი უმრავლესობამ, გამოკითხულთა 35 პროცენტმა აირჩია.

მეორე, შედარებით მცირერიცხოვანი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ რობერტ სტურუა სამუშაოდ რუსეთის რომელიმე თეატრში წავა – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 31 პროცენტი. ბევრად ნაკლებს, 12 პროცენტს მიაჩნია, რომ რეჟისორი სამუშაოდ არა რუსეთში, არამედ ევროპის რომელიმე ქვეყნის თეატრში წავა.

მხოლოდ 11 პროცენტი თვლის, რომ რობერტ სტურუა დარჩება რუსთაველის თეატრში, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის გარეშე – რეჟისორად, დაახლოებით ამდენივე გამოკითხული, 11 პროცენტი კი თვლის, რომ რობერტ სტურუას რომელიმე ოპოზიციური გაერთიანების სახედ ვიხილავთ.

უნდოდათ "წინაზე უკეთ", - გამოუვიდათ "როგორც ყოველთვის"

მოკლედ, მას შემდეგ, რაც ჩათვალეს, რომ ოპერაცია „მომხსნეს“ ფბ–ზე საკმაოდ დაიმუხტა, პოლიტიკოსები თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელოვანები და ინტელიგენცია კონკრეტული აქციის დაგეგმვაზე გადავიდა. „ფეისბუქით“ რევოლუციები რომ მომხდარა, ეს აზრი თავში ხომ სასიამოვნოდ უღიტინებთ და მოსვენებას არ აძლევთ, ამიტომაც, ამ სოციალურ ქსელს არ ეშვებიან და კულტურის სამინისტროსთან აქციაც სწორედ ფბ–ს მეშვეობით დაანონსეს.

კონკრეტული ადგილი, კონკრეტული დრო და იმ კონკრეტულ ადგილზე მისული ინტელიგენცია...

ნაცნობი, ძველი სახეები: „პოკლონნაია გორაზე“ მოქვითინეები, წვერებიანები, უწვეროები და აღშფოთებულები. იმდენად აღშფოთებულები, რომ თურმე, მუდმივად წნევა უწევთ, მუდმივად თავბრუ ეხვევათ, მუდმივად იმედგაცრუებულნი არიან... სწორედ ასეა გურანდა გაბუნია, რომელიც „პოკლონნაია გორაზე“ სულაც არ გამოიყურებოდა სუსტად და თავი საკმაოდ ყოჩაღად ეჭირა. როგორც ჩანს, საქართველოში ხდება ცუდად და ამას არც მალავს:

„ცუდად ვარ. იცით, რა ცუდად ვარ? ეს შლიაპაც იმიტომ მახურავს, რომ თავი მტკივა, სულ წნევები მაქვს... ეს რა ხდება? სტურუა არის გენიოსი, ის ისეთ სპექტაკლებს დგამდა, товарищи!“რუსულად ესაუბრებოდა გურანდა გაბუნია რუს ჟურნალისტებს. საქართველოზე დარდში დამაშვრალა და მთლად გალეულა სამშობლოდან „მაესტროებთან“ ცოტა ხნით წასული გოგა ხაინდრავა, რომელმაც განაცხადა, რომ აქ უფრო მეტ ხალხს ელოდებოდა, ვიდრე ხედავს: „როგორც ჩანს, გადაშენების გზაზე ვდგავართ. მე მახსოვს, დარბაზები ინგრეოდა, რომ როგორმე ხალხი რობიკო სტურუას სპექტაკლზე მოხვედრილიყო, აქ კი რა ხდება... ეს ხალხი პარტერსაც ვერ შეავსებს, ვინც დღეს აქ არის...“ – ჩიოდა იმედგაცრუებული გოგა ხაინდრავა.

მოკლედ, ერთი რუსი კომიკოსის ცნობილი ფრაზა რომ გამოვიყენო, ქართულ რეალობას იგი ამ პერიფრაზით მოერგება: „უნდოდათ „წინაზე უკეთ“, გამოუვიდათ – „როგორც ყოველთვის“. ამიტომ, სხვა არაფერი დარჩენიათ, იმის გარდა, რომ ისევ ახალ მუხტზე იფიქრონ. როგორც იტყვიან, ხალხი ბრძენია და ძალიან კარგადაც იცის, სად მივიდეს და ვინ დაიცვას. ისე კი მათ, ვისაც აქციაზე ათასობით ადამიანის გამოსვლის იმედი ჰქონდათ, არ აწყენდათ, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საკუთარი ცენტრი შეექმნათ, რადგან ანალოგიური, მათ შორის უცხოური ორგანიზაციების მიერ დადებული შედეგების მაინც არ სჯერათ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100