სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის პატრიარქი: „საქართველოს ეკლესიასთან განსაკუთრებით ძმური ურთიერთობა გვაქვს..“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორე კიევში ვიზიტის შესახებ საქართველოს საპატრიარქო შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს.

საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 26 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერის რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს შეხვდა. შეხვედრას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი და დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი ესწრებოდნენ.

პატრიარქებმა ერთმანეთი გულთბილად მოიკითხეს. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ იგი მოხარულია ბოლო წლებში საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების წარმომადგენელთა ხშირი შეხვედრებით. რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესიას არცერთ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ისეთი ძმური ურთიერთობა არ გააჩნია, როგორიც საქართველოსთან. მან ბრძანა, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები არ არის მარტივი და როდესაც ეს ურთიერთობები სუსტდება, ერებს შორის შუამავლის როლი ეკლესიამ უნდა იტვირთოს - "ეკლესია ხომ მშვიდობისკენ მოგვიწოდებს, ისევე როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე".

"გადის დრო და პოლიტიკური სიტუაციები იცვლება, მაგრამ მეზობელი ხალხი ერთმანეთთან თანაცხოვრებას განაგრძობს. ღმერთმა ქნას, ჩვენმა დღევანდელმა შეხვედრამ ქართველი და რუსი ერების მომავალ ურთიერთობებზე კეთილი გავლენა იქონიოს" - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს უკრაინაში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ხშირი და მეგობრული შეხვედრები უნაყოფოდ არ ჩაივლის.

"პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ხოლო ხალხი მეზობლურ თანაცხოვრებას განაგრძობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები მეგობრული, ძმური და თანასწორი იყოს" - დასძინა უწმიდესმა.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქების შეხვედრამ ერთ საათს გასტანა, რის შემდეგაც საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების პირველმა პირებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრით კიევო-პეჩორის უძველესი ლავრის კედლებში, საიდანაც რუსეთში ქრისტიანული სარწმუნოება შევიდა.

"ეს განსაკუთრებულად წმინდა ადგილია. ამიტომ მქონდა შეგრძნება, რომ შეხვედრას, სადაც პრობლემებზე ვსაუბრობდით, თითქოს პეჩორის წმინდა მამები ესწრებოდნენ. აქ ხომ წმინდა მამათა უხრწნელი ნაწილებია დაბრძანებული და ისინი ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ. ორი ძმური ეკლესიის მეთაურის შეხვედრა ამ სულიერად ამაღლებულ გარემოში გაიმართა. ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და ასევე, ზოგადად მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, უწმინდესთან შეხვედრის დროს ახლაც სულში უდიდესმა კეთილგანწყობილებამ დაისადგურა. ჩვენ ხომ პირველად 1968 წელს შევხვდით ერთმანეთს. დღეს ძმურ და მეგობრულ გარემოში რთული საკითხები განვიხილეთ. ცხადია, საპატრიარქოს კანონიერი იურისდიქცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ამჟამად მოუწესრიგებელია. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ვნებს იქ მცხოვრები მოსახლეობის სულიერ ცხოვრებას. ამიტომ ღია, მეგობრულ გარემოში ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ საუბრები, რათა ამ რეგიონებში კანონიკური წესრიგი დამყარდეს, რაც ხელს შეუწყობს ორი მართლმადიდებელი ერის დაახლოებას, ურთიერთობას და სულიერ სიმშვიდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ასევე განვიხილეთ ზოგადმართლმადიდებლური საკითხები, რომლის შესახებ ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს. აზრთა ამ თანხვედრისათვის ღმერთს მადლობას ვუხდი. მინდა, მივესალმო ამ წმინდა ადგილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩამობრძანებას", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის მხრივ, პატრიარქ კირილეს კიევში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

"ამ წმინდა ქალაქში პირველად ვიმყოფები. ამ ქვეყანამ და ხალხმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენი მოლაპარაკებები და ის საკითხები, რომელიც ჩვენს წინაშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დგას, იმაზე მეტყველებს, რომ ამ საკითხებს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. დიდ მადლობას ვუხდი უწმინდეს კირილეს, რომ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ერთ მოსაზრებაზე ვდგევართ მართლმადიდებლურ საკითხებში და მომავალშიც კიდევ მრავალჯერ შევხდებით ერთმანეთს. ეს არის დასაწყისი მომავალში მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ გულთბილი მიღებისათვის" - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100