ხუდონის ინვესტორები: "ხუდონზე ბევრად უფრო დიდი პროექტები გვაქვს წარმატებით განხორციელებული"
ვინ არიან ხუდონის ონვესტორები? ეს არის კითხვა, რომელსაც მუდმივად სვამენ პროექტის ოპონენტები და საზოგადოებაში ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ მათ შესახებ არავინ არაფერი იცის.
ხუდონის პროექტის განმხორციელებელი კომპანიის "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" ინვესტორები მოჰინდერ ვერმა და ბუპენდრა კანსაგრა მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძლდა და თითქმის ყველა კითხვას გაეცა პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს.
მოჰინდერ ვერმა, "კონტინენტალ კონსტრაქციონ კორპორაციის" მფლობელი და ხელმძღვანელია, პროფესიონალი ინჟინერ მშენებელი, რომელსაც განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. კომპანიას 60 წლიანი მუშაობის გამოცდილება გააჩნია ჰიდროენერგეტიკის, ირიგაციის და საზღვაო მშენებლობის ბიზნესში, აშენებული აქვს დიდი ჰიდროელექტროსადგურები, წყლის ირიგაციული სისტემები მრავალ ქვეყანაში. სწორედ ამ კომპანიის სახელს უკავშირდება ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება, მათ შორის - ბეტონის ჩასხმის უახლესი მეთოდოლოგია, საზღვაო მშენებლობების კონტროლი და მათი ხარისხობრივი შემოწმება.
"კონტინენტალ კონსტრაქციონ კორპორაციის” (რომელიც "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" პარტნიორი და აქციონერი კომპანიაა) აქტივში კონსტრუირების და მშენებლობის სფეროში მოღვაწეობის 60 წელზე მეტ ხნიანი გამოცდილებაა.
"დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაპროექტებული და აშენებული გვაქვს 50-1500 მეგავატამდე 30-მდე ჰიდროელექტოსადგური. როდესაც ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიცოდით რასაც ვეჭიდებოდით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროექტის განხორციელებას ყველა სტანდარტის დაცვით შევძლებთ. აქვე გეტყვით, რომ ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩატარებულ კვლევებში უამრავ საერთაშორისო და მაღალკვალიფიციურ ორგანიზაციას აქვს მონაწილეობა მიღებული" _ განაცხადა მოჰინდერ ვერმამ.
ბუპენდრა კანსაგრა, ცნობილი ინდური ოჯახის კანსაგრების შთამომავალია, იგი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია. მათ შორის AGM- ქიმიური წარმოება, სამეფო ჰოლდინგი (სპაის ჯეტ), "ბიშოპვუუდ" - უძრავი ქონება, ასევე ფლობს კენიაში ნავთობ საბადოებს. მისი სახელი უკავშირდება საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგებს, მებაღეობას, მინერალური წიაღისეულის გადამუშავებას, სასტუმროების ბიზნესს და უძრავ ქონებას. მისი ბიზნესები განლაგებულია დიდ ბრიტანეთში, კენიაში, ტანზანიაში, მოზამბიკში, სუდანში, ნიგერიაში და ინდოეთში. ნიგერიაში ზღვის შელფში არსებული ნავთობის ბლოკებზე სხვადასხვა დროს მისი პარტნიორები იყვნენ შევრონი და ტეკსაკო.
"როგორც კი მშენებლობის ნებართვა გვექნება, რათა თავიდან ავიცილოთ ინტერესთა კონფლიქტი, მშენებლობას განახორციელებენ მაღალკვალიფიციური ევროპული კომპანიები, ამისთვის საკმარისად გვაქვს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური რესურსი. აქვე გეტყვით, რომ ხუდონჰესზე გაცილებით დიდი მასშტაბის პროექტები გაგვიხორციელებია და ძალიან დიდი წარმატებით. აქვე მინდა განვმარტო, რომ ხუდონჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯია" საქართველოშია რეგისტრირებული და ყველა გადასახადს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაიხდის, ოფშორში კი მხოლოდ მის მფლობელ ერთ-ერთი კომპანიას აქვს რეგისტრაცია გავლილი, რაც საგადასახადო ფაქტორებს უკავშირდება. ყველა ოპერაციას და დაფინანსებას ქართული კომპანია შეასრულებს. ჩვენ ვდგავართ ამ ოფშორების უკან, ჩვენი დაფუძნებულია და ეს ყველაფერი რისკების შემცირებისთვის გაკეთდა. რისკების შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისრება, პროექტის რისკი არის ინვესტორების და მისი განმხორციელებლის რისკი. ძალიან ბევრი სერიოზული და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა ოფშორში რეგისტრირებული და ეს საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის უკან რაიმე საეჭვოა. ეს მიღებულია მთელს მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ გიმეორებთ, საგადასახადო ფაქტორებს უკავშირდება. ხუდონჰესთან დაკავშირებით, ყველანაირი საგადასახადო ოპერაცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდება" -განაცხადა ბუპენდრა კანსაგრამ.
ხუდონჰესის პროექტის ინვესტორების განცხადებით, ისინი ინტესიურ რეჟიმში აწარმოებენ მოლაპარაკებას საქართველოს მთავრობასთან, რათა მაქსიმალურად წარმატებით მოხდეს პროექტის განხორციელება, მიღწეული იქნეს კონსენსუსი ყველა მხარესთან და რაც მთავარია პროექტის განხორციელების არეალში მოქცეულ მოსახლეობასთან. "სოფლის მოსახლეობასთან დისკუსიებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. უნდა გამოინახოს ფორმა, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები", _ განაცხადა მოჰინდერ ვერმამ.
ხუდონჰესის, ენგურჰესის შემდგომ სიდიდით მეორე ჰიდროსადგურის მშენებლობის საკითხი უმნიშვნელოვანესია და სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ხუდონჰესის პროექტი საქართველოში ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც აქამდე განხორციელებულა ან მომავალში განხორციელდება. ხუდონჰესის პროექტის განხორციელება დაგეგმილია სვანეთში, მდინარე ენგურის ზედა ბიეფში, დაბა ხაიშის ტერიტორიაზე. პროექტის წარმატებით განსახორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და სვანეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რითაც შესაძლებელი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ეს თავის მხრივ კი გამოიწვევს მიგრაციისგან დაცლილი სვანეთის გადარჩენას. ხუდონჰესის პროექტის განხორციელება რამდენჯერმე გაზრდის სვანეთის-მესტიის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტს, რასაც შესაბამისი ეკონომიკური ეფექტი ექნება სვანეთისთვის.
ხუდონჰესის აშენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას. ხუდონჰესის აშენება ენგურის კასკადს საშუალებას მისცემს დამატებით გამოიმუშავოს 470 მლნ.კვტ.სთ-მდე ენერგია. მშენებლობის 6 წლიან პროცესში დასაქმდება 4 ათასი ადამიანი, უმეტესობა ადგილობრივი მკვიდრი, ხოლო ექპსულატაციის პერიოდში მუდმივად 250 ადამიანი იქნება დასაქმებული.
ფოტოზე: 2010 წლის ნოემბერში პრეზიდენტ ობამას ვიზიტის დროს ინდოეთში, ხუდონჰესის ინვესტორის ბუპენდრა კანსაგრას შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან.
კომენტარი