ბიძინა ივანიშვილის დაცვამ პრესკონფერენციაზე აკრედიტირებული ჟურნალისტები „დაიმახსოვრა“
ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პრესკონფერენციაზე მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის ახალ მეთოდს დღეს ჩაეყარა საფუძველი: აკრედიტაცია არა პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკური პატრიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, არამედ პირადმა დაცვამ გასცა: წინასწარვე იყო გამოცხადებული, რომ განაცხადის გამგზავნი მედიასაშუალებების წარმომადგენლები აკრედიტაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ 29 ოქტომბერს, 13-დან 17 საათამდე ბიზნესმენის ოფისში პირადად გამოცხადდებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილს რომ ქართველი ჟურნალისტების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, აგდებული დამოკიდებულება აქვს, აკრედიტაციის გაცემის დროსაც გამომჟღავნდა: წინასწარ გამოცხადებული დროის ნაცვლად, ოფისში მისულ მასმედიელებს განუცხადეს, რომ აკრედიტაციის გაცემა 17.00 საათიდან დაიწყებოდა. მანამდე ჟურნალისტებს ოფისის კართან, საკმაოდ ცივ ამინდში გარეთ მოუწიათ ყურყუტი.
ერთი შეხედვით, დაცვის მიერ აკრედიტაციის გაცემაში იმდენად მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ერთ დეტალს აღმოვაჩენთ: თუკი 1 ნოემბერს უკვე აკრედიტირებული ჟურნალისტი ავად გახდა ან სხვა საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა პკ-ზე, იმ საინფორმაციო საშუალებას, სადაც ის მუშაობს, მისი ჩანაცვლების საშუალება არ ეძლევა. სავარაუდოდ, სიფრთხილის ეს ზომა ჟურნალისტთა მოსალოდნელი ჩანაცვლების თავიდან ასაცილებლად გაკეთდა: აკრედიტაცია დაცვამ გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრედიტირებული ჟურნალისტის იდენტიფიკაციაზეც სწორედ დაცვა იზრუნებს. სარწმუნო წყაროს ცნობით, დღეს ივანიშვილის ოფისში მისული ყველა ჟურნალისტი უკვე ფარულად „ჩაკარტიჩკებულია“.
ჟურნალისტების წინასწარი აკრედიტაცია ახალი ხილი არ არის - პოლიტიკურ წრეებში მსგავსი პრაქტიკა მიღებულია. ისიც მიღებულია, რომ ამა თუ იმ ბრიფინგზე გასაგზავნი ჟურნალისტის ვინაობას მედიასაშუალება წინასწარ აცხადებს, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, თვით პრეზიდენტთან გამართული ბრიფინგის დღესაც კი, თუნდაც ბოლო წამამდე, მედიასაშუალებას არ ჰქონოდეს ჟურნალისტის შეცვლის უფლება - თუნდაც რეგიონში და თუნდაც დედაქალაქში.
როგორც წესი, პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებისა თუ ბრიფინგების დროს, იმ შემთხვევაში, თუ დაცვას ეჭვი შეეპარება, რომ მის წინაშე ნამდვილად ჟურნალისტი დგას, მის მიერ პირადობის მოწმობის ან მედიასაშუალების მიერ გაცემული „პრესქარდის“ გადამოწმება, პლუს იქვე მყოფი რამდენიმე ჟურნალისტის დასტური, რომ ის მართლაც ჟურნალისტია, დასაშვებად საკმარისი ხდება ხოლმე. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამ მხრივაც გამონაკლისია - მის პრესკონფერენციაზე ან აკრედიტირებული ჟურნალისტი უნდა მივიდეს, ან მედიასაშუალება პრესკონფერენციას საერთოდ ვეღარ გააშუქებს...
კომენტარი