სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპროტესტო აქციები, უფასო წიგნები და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 8 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტამბულში მკურნალობს. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: თურქეთში ვიზიტის ფარგლებში 6 აპრილს შედგა საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკება და სადილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მომდევნო დღეს, ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტაბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია. შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს.

2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა.

აეროპორტის ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. ლიანდაგიდან გადავარდნილი 60 ტონიანი ცისტერნებიდან დიზელის საწვავი დაიღვარა. ლიანდაგებიდან გადავარდა 4 ცისტერნა, მათ შორის - მემანქანის კაბინა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრეებისა და მაშველების ჯგუფები და ცისტერნებში დარჩენილი ნავთობპროდუქტების ამოსატუმბი სპეცილური ტექნიკა.

საქართველოში ვიზიტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები იმყოფებიან. დელეგაციის წევრებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გაეცნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩეკომს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზები დასახეს.

დაბი-ჯგუფისაქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. “ დაბი-ჯგუფის” თავმჯდომარე, კულტურის, ახალგაზრდობისა და სათემო განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანი დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და განათლების მინისტრები, ასევე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დაბი-ჯგუფის“ ხელმძღვანელი საქართველოს შვილებთან ერთად სტუმრობს. 20 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან დუბაის კომერციული ბანკის თავმჯდომარე საიდ გობაში, ემირატების სადაზღვევო კომპანიის თავმჯდომარე ფადელ ალ დარმაკი და სხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

დღეს .გორში, იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენცია გამართა. თეა წულუკიანი მედიას იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კანონი „პროკურატურის შესახებ", შრომის ახალი კოდექსი, ელექტრონული პირადობის მოწმობა; იუსტიციის სახლები, პრობლემური იპოთეკური სესხები - ამ ძირითად საკითხებზე შეაჩერა საზოგადოების ყურადღება იუსტიციის მინისტრმა.

მთავრობის კანცელარიასთან მოშიმშილეების აქცია გრძელდება. მარტვილიდან ჩამოსული პარტია "ქართული ოცნების" მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. თუ რა მოთხოვნა აქვთ მათ ბიძინა ივანიშვილთან, აქციის მონაწილეები არ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ ამას პირადად პრემიერს გააცნობენ. პროტესტის ამ ფორმას პარტიის 25-მა წევრმა გუშინ მიმართა. მოშიმშილეთა განცხადებით, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოშიმშილეები პირს ამოიკერავენ.

გორის რაიონის სოფელ დიცის მაცხოვრებლებმა ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათი თქმით, სოფელში არსებული სარეზერვო მიწის ნაკვეთი, რომელსაც საძოვრებისათვის იყენებდნენ, ნოემბერში ინდოელმა კერძო პირებმა შეიძინეს. როგორც დიცის მაცხოვრებლები აცხადებენ, მიწა სოფლის საკუთრებაში იყო და მათთვის უცნობია, ვის მიერ ან რა გზით მოხდა მიწის გასხვისება. ისინი არსებული საქმის შესწავლას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ამ საკითხთან ერთად, სოფლის ძირითად პრობლემას გაუმართავი წყლის სისტემა წარმოადგენს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა აქცია გამართეს. დევნილები სამ ობიექტზე ელექტროენერგიის დავალიანების გადახდას მოითხოვენ. მათი თქმით, სამინისტრო აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე მათ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სამინისტრო დავალიანების ნაწილს გადაიხდის. სამინისტროს წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ სამინისტრო შუამდგომლობას გაუწევს "თელასთან", რათა მოხდეს თანხის გადანაწილება და დევნილებმა შეძლონ თანხის ეტაპობრივი გადახდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეები გაბილ ჯულფაევი და მანსურ ნამაზოვი დააკავა. ბრალდებულები მარნეულის რაიონის სოფლების სამეურნეო მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლნენ. მათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში შეძენის დამადასტურებელი ყალბი ცნობა წარადგინეს, რის საფუძველზეც აღნიშნული ნაკვეთები გადაიფორმეს, ხოლო მოგვიანებით ინდოეთის მოქალაქეებზე გაყიდეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ითვალისწინებს.

გვიან ღამით თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, დიდუბეში მოხდა. ახალგაზრდა დანით გულმკერდის არეში იყო დაჭრილი. იგი ახლობლებმა ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივნად პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი დაინიშნა. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ დღეს მიიღო, რომლის მდივანი ელისო ჩაფიძე, ხოლო აღმასრულებელი მდივანი გივი ჭიჭინაძეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100