სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავს ზემოთ ფარი კი არის, მაგრამ ძალა - არა... საქართველო-სლოვენია: -12

ერთადერთი, რასაც ქართველი გულშემატკივარი, საქართველოს ნაკრების სლოვენიელებთან დაპირისპირებისგან მოელოდა, თანაბარი ბრძოლა იყო და, აბა, მოგებაზე ვინ ოხერი იტყოდა უარს, მაგრამ რეალური ძალთა თანაფარდობა აშკარად სლოვენიის მხარეს იყო და ეს დადასტურდა კიდეც. რადგან კალათბურთის სპეციალისტებიც კი დღემდე დაობენ იმაზე, რუსეთს უფრო ძლიერი ნაკრები ჰყავს თუ სლოვენიას, ამ თემას ჩვენც დელიკატურად ავუაროთ გვერდი, მაგრამ დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, სლოვენიის ნაკრები რომ ბევრად უკეთ გამოიყურებოდა რუსეთთან შედარებით, ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს.

ისიც ობიექტურად უნდა ვაღიაროთ, რომ სლოვენიის ნაკრებმა დღეს ჩვენს ნაკრებს თითქმის ყველა კომპონენტით აჯობა: პრესინგით, ფარიდან ასხლეტილი ბურთის დაუფლებით, უკეთესი დაცვით და ორჯერ უკეთესი შორეული ტყორცნებით, მაგრამ არის თვისება, რომელსაც ქართველები თამაშიდან თამაშამდე უფრო მეტად ამჟღავნებენ, რომელიც არ შედის თამაშის სტატისტიკის ოფიციალურ მონაცემებში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - გამარჯვებისკენ სწრაფვა და თავდადება, ანუ ის, რაც ესოდენ აკლიათ ჩვენს ფეხბურთელებს (ცალკეული გამონაკლისის გარდა) და რაც ესოდენ ჭარბად აქვთ კალათბურთელებს. ეს ისე, პარალელისთვის...

მოკლედ, იმის მიუხედავად, რომ გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით (ისევე როგორც გუშინ), მაინც ვერ გავიმარჯვეთ (ისევე, როგორც გუშინ), გამოცდილების ხარჯზე დაგვამარცხა მეტოქემ (ისევე, როგორც გუშინ), მაგრამ არაფერი დაგვითმია (ისევე, როგორც გუშინ). თუმცა, აქვე ისიც ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური სტატისტიკისთვის კი მთავარი ანაგარიში და ის +12 გახლავთ, რომელიც ამ შეხვედრაში სლოვენიამ - საკალათბურთო ევროპის ერთ-ერთმა გრანდმა - საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის დროს მოიპოვა.

როგორც მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში თქვა, საქართველოს ნაკრებს „სულ ცოტა აკლია“ და ეს „სულ ცოტაც“ მალე გვექნება...

დღევანდელ შეხვედრაში კი თავს ზემოთ ფარი კი იყო, მაგრამ იყო სლოვენიაც და აღარ იყო ძალა...

ტექნიკური მონაცემები:

ქართულ რაზმში ყველაზე შედეგიანი დღეს კაპიტანი ზაზა ფაჩულია იყო 22 ქულით, ხოლო ყველაზე მეტი მოხსნა ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ შეასრულა - 7.

საქართველო - სლოვენია 75:87

საქართველო: ფაჩულია (22 ქულა - 2 მოხსნა), მარკოიშვილი (16-2), სანიკიძე (10-3), შენგელია (6-7), ცინცაძე (5-6), გამყრელიძე (6-2), ვ.ბოისა (3-5), შერმადინი (0-3), ცქიტიშვილი (1-2).

სლოვენია: ლაკოვიჩი (22-1), ოჟბოტი (21-4).

დღევანდელი წაგების მიხედავად, საქართველოს ნაკრებს მთავარი ბრძოლა წინ აქვს - უკრაინის ნაკრებთან, რომელმაც ბოლო შეხვედრებში ტემპს აშკარად მოუმატა. ხვალინდელი მატჩების განრიგი ასეთია:

4 სექტემბერი:

16.30 საქართველო-უკრაინა

19.00 ბულგარეთი-რუსეთი

22.00 ბელგია-სლოვენია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100