სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიუროს სხდომაზე ახალი საგადასახადო კოდექსი განიხილეს

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და ცვლილებებზე საგადასახადო კოდექსში.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მაღალი შეფასება მისცეს ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში, რაც იმედს იძლევა, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ამაღლდება. ამ თვალსაზრისით პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, სწორედ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა იაქტიურეს, რომ წინასაარჩევნო კამპანია საქმიან ვითარებაში წარმართულიყო. მთელი კამპანია მიეძღვნა არა პერსონალურ ლანძღვა-გინებას, არამედ ორიენტირებული იყო საქმეზე და ამომრჩევლების ინტერესების დაცვაზე, ამის გამო ბაქრაძემ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში, მადლობა მოუხადა.
ბაქრაძემ ქრისტიან-დემოკრატების წევრ ლევან ვეფხვაძეს მის შენიშვნაზე უპასუხა. ვეფხვაძე ეჭვობდა, რომ მმართველი პარტია პასიურობს საარჩევნო კოდექსის დახვეწასთან დაკავშირებით და ეს მაშინ, როცა ოპოზიცია იწყებს სერიოზულ კონსულტაციებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.
ბაქრაძემ მზადყოფნა გამოხატა, იმასთან დაკავშირებით რომ მმართველი პარტია აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო კოდექსის კიდევ უფრო დახვეწასთან დაკავშირებულ მუშაობაში. ამ ზაფხულს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა შედგეს შეთანხმება ფორმატზე, თუ როგორ დაიწყება მუშაობა კოდექსზე, ხოლო შემოდგომაზე ახალი ფორმატით გაგრძელდება საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მუშაობა. მით უმეტეს, რომ 2012 წლამდე ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დროა კოდექსზე სამუშაოდ.
ახალ საგადასახადო კოდექსს დავით ბაქრაძემ მოცულობითი დოკუმენტი უწოდა, რომელიც ცვლის საგადასახადო სფეროში არსებულ ვითარებას. გაადვილდება მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყება ქვეყანაში, შემოღებული იქნება დიფერენცირებული საგადასახადო რეჟიმი, მეორეს მხრივ, კანონში მინიმუმამდეა დაყვანილი ორაზროვანი პუნქტები, რომელიც როგორც წესი, ბიზნესმენებს უფრო აზარალებს. ბაქრაძის რჩევით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე აუცილებლად უნდა მიიწვიოს ბიზნესმენები და მათთან კონსულტაციების შემდეგ მიიღოს ცვლილებები კანონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100