2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.
21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი კანდიდატად რეგისტრაციაზე; აქედან, ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში, ხოლო ერთ პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს - მათ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის უარის შესახებ განკარგულებები უფლებამოსილი პირების მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
კომენტარი