სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩემმა ქმარმა ნარკოტიკი შემომთავაზა „ერთნაირ ხასიათზე ვიქნებით“ - მეუბნებოდა... 25 წელი ვიყავი ნარკოტიკის მომხმარებელი, სანამ არ დამიჭირეს

ეკატერინე გარდაფხაძე, 55 წლის, თბილისი

„პატარა გოგო ვიყავი, როდესაც გავთხოვდი. ჩვენ დროს ჰო ასე იყო - გაკვეთილიდან უცებ გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდებოდი და ამას გათხოვება ერქვა. 16 წლისამ შვილი გავაჩინე. სკოლაში სწავლის პერიოდში ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, როდესაც ჩემმა ქმარმა ნარკოტიკი შემომთავაზა. „ერთნაირ ხასიათზე ვიქნებით, ერთნაირად ვიქნებით“ - მეუბნებოდა და მე იმის შეგნება არ მქონდა, რომ გამეანალიზებინა, თუ რა სირთულეებს და რა საშინელებებს შემოიტანდა ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში.

თავიდან არ ვიყავი ინექციური მომხმარებელი, თუმცა წამლის სიძვირიდან გამომდინარე ასე მოხდა. როცა იცი, რომ არჩევანი აღარ გაქვს და იძულებული ხარ ის მიიღო, რაც ათ დღეს გეყოფა და არა ის, რასაც ერთ დღეში გააცამტვერებ. ამ დროს ორგანიზმი ითხოვს და მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე ინექციის გზით მიიღებ ნარკოტიკს თუ სხვა.

მცდელობები მქონდა, რომ თავი დამენებებინა ამ ყველაფრისთვის და ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. ვერანაირი ექიმი და სარეაბილიტაციო ცენტრი ადამიანს ვერ უშველის, თუ ის საკუთარ თავთან არ გადაწყვეტს, რომ ნამდვილად უნდა დამოკიდებულებისგან განთავისუფლება. მე ბევრი მყავს მეგობარი ბიჭები და გოგოებიც, რომლებიც სერიოზული ნარკოდამოკიდებულები იყვნენ, რომლებიც ჩემთან ერთად „მოძრაობდნენ“ და ა.შ. მაგრამ ბევრმა მათგანმა სხვა გზა აირჩია, ცხოვრება შეცვალა და ახლა მათი უმრავლესობა ეკლესიაში მსახურობს და ხალხის სიყვარულს იმსახურებს.

მე დაახლოებით 25 წლის განმავლობაში ვიყავი ნარკოტიკის მომხმარებელი, მანამ, სანამ დამიჭერდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც გადაწყვიტეს ნულოვანი ტოლერანტობა ყოფილიყო ჩემნაირი ადამიანების მიმართ. 25 წელი მომისაჯეს, თუმცა 5 წელი ვიჯექი ციხეში, სადაც არანაირი პირობები არ არსებობდა არც ქალისთვის, არც კაცისთვის და არც, მით უმეტეს, ნარკოდამოკიდებულთათვის. იქ დიდი სირთულეების გადატანა მომიხდა. ეს იყო წამება. არანაირი დახმარება არ ყოფილა, არავის აინტერესებდა, როგორ იყავი, როგორ ვუმკლავდებოდი. მე გადავრჩი, თუმცა მყავდნენ მეგობრები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ამ ყველაფერს და გარდაიცვალნენ, ზოგი გულით, ზოგის ორგანიზმმა ვერ გაუძლო... ამის გახსენებაც კი არ მინდა, იმდენად რთული და საშინელი პერიოდი გავიარე, განსაკუთრებით, პირველი სამი თვე.

ციხეში ყოფნის პერიოდში სურვილი გამიჩნდა ქალთა ორგანიზაცია შემექმნა. ახლა უკვე გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უკვე მეხუთე წელიწადია ფუნქციონირებს. გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელშიც ჩართულები ვართ ძირითადად ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალები, რომლებიც დახმარებას სხვა ქალებს ვუწევთ, იქნებიან ესენი ორსულები, მათი შვილები, ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები (რომლებსაც უფასო ტესტირებას ვუტარებთ), თემის წევრები თუ სხვა. გვინდა ადამიანებს დავეხმაროთ, რომლებმაც ჩვენნაირად გაიარეს ის რთული და საშინელი პერიოდი და ახლა თავისუფლები არიან, თავისუფლები ნარკოდამოკიდებულებისგან.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100