სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩევნები საქართველოში ანუ ვიქნები თუნდაც განტენბაინი

მას შემდეგ, რაც ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობამ არჩევნებზე ხმა „ვიქნები თუნდაც განტენბაინის“, ანუ ნებაყოფლობითი სიბრმავის პრინციპით მისცა, „ქართული ოცნება“ ასრულდა: უპერეცენდენტოდ სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ კოალიციამ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დააკომპლექტონ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლონ და ქვეყნის მომავალ მართვაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე აღიარა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, შემდეგ კი, უკვე არჩევნების მეორე დღეს, ცალსახად განაცხადა, რომ ყველანაიარად შეუწყობს ხელს ახალ პარლამენტს, რათა მან აირჩიოს თავმჯდომარე და შექმნას ახალი მთავრობა. სააკაშვილმა ისიც დაამატა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის, რომ მისთვის და მისი პარტიისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია გამარჯვებული კოალიციის ღირებულებები და რომ ნაცმოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

წესით, „ქართული ოცნება“ მის ლიდერთან ერთად უნდა გაეხარებინა პრეზიდენტის ამ განცხადებას: არჩევნებში მონაწილეობის მათი მიზანი ხომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო, რაც მიიღეს. მაგრამ მოხდა საპირისპირო: „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა (კოალიციის ლიდერმა შემდეგ უკან წაიღო თავისივე სიტყვები, რადგან ამ განცხადებას ევროპის ცალკეული პოლიტიკური პირების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა) და „ტოტალურ გაყალბებაზე“ ალაპარაკდა მაშინ, როცა უკლებლივ ყველა უცხოელი დამკვირვებელი და დიპლომატი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ არჩევნების ჩატარებით საქართველომ „დემოკრატიის გამოცდა“ ჩააბარა.

რა ხდება?

სინამდვილეში, ისეთი არაფერი, რაც ძნელად გასაანალიზებელია: სააკაშვილმა წერტილოვანი დარტყმების მიყენება მაშინვე დაიწყო, როგორც კი მისი პარტია დე-ფაქტო ოპოზიციაში აღმოჩნდა: მან მწვანე შუქი ყველა მიმართულებით დაუთმო „ქართულ ოცნებას“, მაშინ როცა ეს უკანასკნელი არანაიარად არ იყო მზად მოვლენების ამგვარად განვითარებისთვის: ივანიშვილს (დაე, იყოს იგი მუდამ ჯანმრთელი, უვნები და საღი) არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლის მთავარი მიზანი ხელისუფლებისგან სააკაშვილის ჩამოცილებაა.

ამასთან, მილიარდერის მხრიდან დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვა, მედიასაშუალებების შექმნა და უკვე არსებულის ყიდვა, აქტივობა სოციალურ ქსელებში თავიდანვე იმაზე იყო გათვლილი, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე ადვილად არ დათმობდა ხელისუფლებას. ციხის სკანდალის ვადაზე ადრე გაჟღერების შემდეგ (როგორც იცით, სკანდალური კადრების გავრცელება 29 ან 30 სექტემბერს იგეგმებოდა), ივანიშვილი (დაე, იყოს იგი მუდამ ჯანმრთელი, უვნები და საღი), მხოლოდ და მხოლოდ მდგომარეობის გართულებას მოელოდა და სწორედ ამისთვის იყო მზად: ქუჩაში გამოსვლებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ცესკოს ბლოკირებისთვის, ხმების დაცვის ეგიდით ხალხმრავალი აქციებისთვის, რომლის მთავარი მოთხოვნა სწორედ სააკაშვილის გადადგომა უნდა გამხდარიყო...

სააკაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ერთი შანსიც კი არ დაუტოვა, რათა კოალიციამ ქუჩაში დგომა გააგრძელოს და მით უმეტეს, გაამართლოს: პირიქით, ცალსახად უთხრა, მობრძანდით, გადაიბარეთ ხელისუფლება და ქვეყანას მიხედეთ, ჩვენ კი, როგორც ოპოზიცია, გაგაკონტროლებთ და თვალყურს მივადევნებთ, როგორ შეასრულებთ დანაპირებსო.

ამ უძიერესი წერტილოვანი დარტყმის მოსაგერიებლად „ქართული ოცნება“ მზად არ არის: ისინი დარჩნენ ცაიტნოტის რეჟიმში (პარლამენტის პირველი სხდომა 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს) - მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ უნდა შეასრულონ ის უაზრო დაპირებები (100 მილიონის ჩადება ზუგდიდის ეკონომიკაში, ერთი მილიარდის დაბანდება სოფლის განვითარებისთვის და სხვ.), რომლებსაც წინასაარჩევნოდ სწორედ იმ მოტივით არიგებდნენ, რომ პროცესები ქუჩაში გაგრძელდებოდა, რასაც არეულობა მოჰყვებოდა და სააკაშვილის დამხობის შემდეგ, როცა, ბოლოს და ბოლოს, მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, თავის გასამართლებლად სწორედ ეს არეულობა უნდა ჰქონოდათ და წინა ხელისუფლებისთვის უნდა დაებრალებინათ - კი გვინდოდა დანაპირების შესრულება, მაგრამ ბიუჯეტი ცარიელი დაგვხვდაო...

სააკაშვილის ამ ნაბიჯის შემდეგ კი, რომელიც არანაიარად არ ჯდება ქართულ-რუსულ გეგმაში, კოალიცია დაბნეულია: დარჩა ამბიციური დაპირებები, მომლოდინე ხალხი, ერთმანეთის მიმართ პათოლგიური ზიზღით გამსჭვალული მეოცნებე სახეები, რომლებიც ამ სიძულვილს ზოგჯერ ერთმანეთთან ტელეფონით ბინძურ ჭორაობაში იქარვებენ და დარჩა... ცოტა დრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100