ოქრუაშვილი ივანიშვილს: ხალხს ცვლილებები აინტერესებს და არა თქვენი იოგა ან სტაფილოს წვენი
საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრი, ქართული პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. გთავაზობთ ირაკლი ოქუაშვილის პასუხს უცვლელად:
"გასულ კვირას გაზეთ "ასავალ-დასავლში" გამოქვეყნდა თქვენი ინტერვიუ სადაც მცირე პასაჟით შემოიფარგლეთ ჩემს შესახებ. საერთოდ არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, რომ არა "ქართული პარტიის" წევრთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნა ერთი წინადადება მაინც მეთქვა იმ უმძიმეს ბრალდებაზე, რომელიც მე წამიყენეთ.
საზოგადოებას რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ თქვენი შეფასება, ვახდენ ციტირებას: "ოქრუაშვილი ამათი ტიპიური სახეა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის თანამშრომლობს ამ ხელისუფლებასთან და დღესაც ამ გუნდის წევრია! მათ მოუვიდათ შიდა კონფლიქტი, თუმცა, ახლა კვლავ ერთად არიან, მე რამდენადაც ვიცი..."
გულახდილად ვიტყვი, პირველი და ემოციური რეაქცია, თქვენი ამ ფრაზების წაკითხვისას, იყო ის რომ თავი შეურაცხოფილად ვიგრძენი. გარკვეული დროის შემდეგ ემოციამ გამიარა და გაკვირვება დამეუფლა. კარგად რომ გავაანალიზე თქვენი ნათქვამი გაკვირვებაც აღარ მქონდა, იმის გამო რომ მაშინვე მივხვდი, ეს შეფასება შედეგია იმ მძიმე გარემოსი რომელშიც თქვენ იმყოფებით.
გარემოცვა რომელიც თქვენ შემოიკრიბეთ და რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფებით, ხომ დაზიანებული ატომური რეაქტორის ეფექტის მატარებელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თქვენი გარემოცვის უდიდესი ნაწილი განსაკუთრებით პირადი მოტივების გამო საკუთარ მტრად მიმიჩნევს, ყველაფერი გასაგები ხდება. იმასაც თუ დავამატებთ, რომ თქვენი პიროვნება ცნობილია იმით, რომ ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, ამის შემდეგ ნამდვილად არ ვარ არათუ შეურაცხყოფილი, არამედ გაკვირვებულიც.
გასული წლის მაისის წარუმატებელი მოვლენების შემდეგ, რომელშიც უდაოდ ჩემი წვლილიცაა, როგორც ჩემთვის ასევე ყველა ქართველისთვის, ერთგვარი მოჯადოებული წრე შეიკრა. ალბათ დიდხანს ვერაფერი უშველიდა იმ უიმედობას, რომელმაც მაისის მოვლენების შემდგომ დაისადგურა ქვეყანაში, რომ არა თქვენი პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენა, რამაც მეც, ისევე როგორც, "ცვლილების" მსურველ ყველა ქართველს იმედი აღმიძრა. მიუხედავად თქვენი პირველი და საკმაოდ ნეგატიური შეფასებისა "ქართული პარტიის" მიმართ, არანაირად არ გამნელებია ის დადებითი ემოცია, რაც თქვენი პოლიტიკაში ჩართვამ გამოიწვია.
ასევე მიუხედავად იმისა, რომ გამოჩენიდან ხუთი თვის განმავლობაში, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, თქვენი მხრიდან "ტალახის სროლის" გარდა არაფერი მიუღია ჩვენს გუნდს, არც ერთ ჩვენგანს ერთი წუთითაც არ გვინანია ის სიახლე რაც თქვენ შემოიტანეთ ოთხი წლის განმავლობაში დაჭაობებულ სივრცეში. იმ ფაქტსაც შევეგუეთ და სიჩუმით შევხვდით, საკუთარი პარტიის თავმჯდომარე "თამარ ქალივით" რომ მოგვტაცეთ, რაზეც ყველა თავმოყვარე ორგანიზაცია თქვენ თუ არა მას მაინც საკადრის პასუხს გასცემდა.
არც მაშინ არ ვთქვი არაფერი, როდესაც მე და ჩემს პარტნიორს ორი წლის განმავლობაში წვალებით შექმნილი "რუსთავის მედიის მართვის კომპანია" თქვენი მოქმედებებითა და განცხადებებით დაგვინგრიეთ.
არც ეხლა არაფრის თქმას არ ვაპირებდი, რადგან დღესაც მიმაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც დადებით როლს თამაშობთ იმ ბოროტების წინააღმდეგ, რაც სააკაშვილი და მისი გუნდია.
7 თვეზე მეტია საჯარო აქტიურობა სრულიად შევწყვიტე, არც ერთ პოლიტიკოსთან არ ვკონტაქტობ, არანაირი პოლიტიკური თუ სხვა პროექტის კეთებით აღარ ვარ დაკავებული და ამის ფონზე ოდნავ გამიკვირდა თქვენი ესეოდენ დიდი ყურადღება და ეპითეტები ჩემდამი. მიზეზი გასაგებია. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, თქვენი გარემოცვის დიდ ნაწილს პირადი ზიზღი ამოძრავებს ჩემს მიმართ და მათი გავლენის ქვეშ იმყოფებით.
აქ ერთ გარემოებას უნდა გავუსვა ხაზი, თქვენი გარემოცვის თქვენზე ზეგავლენა ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებით ვერანაირი უარყოფითი შედეგის მომტანი ვერ იქნება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე მიგიდგებათ საქმე და მაშინ ჩაერთვება თქვენი გარემოცვა ეს შეიძლება სავალალო შედეგების მომტანი გახდეს ქვეყნისათვის.
ნურც იმის მტკიცებას დაუწყებთ ხალხს თუ როგორი დამოუკიდებელი ხართ და ერთპიროვნულად იღებთ გადაწვეტილებებს და არაფერს ეკითხებით თქვენს გარემოცვას, რადგან სწორედ ასეთი ერპიროვნულობის შედეგებს ვიმკით სააკაშვილისაგან დღეს. ისე, მაგ "უნიკალური" გარემოცვით თვით ზვიად გამსახურდიას გარემოცვასაც უდაოდ დიდ კონკურენციას გაუწევდით. ცხონებულმა კი კარგად გემახსოვრებათ საკუთარი გარემოცვის წყალობით როგორ დაამთავრა მოღვაწეობა.
ხუთი თვეა რაც პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდით და მეტწილად იარლიყების მიკერებით, ოპოზიციაში პოლიტიკური დესტრუქციით თუ სხვა პოლიტიკოსების ლანძღვით უფრო მეტად ხართ დაკავებული, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკით. ეს კი თქვენს სისუსტეზე მეტყველებს. კარგად თუ გადაავლებთ თვალს თქვენს ხუთთვიან მოღვაწეობას მკაფიოდ დაინახავთ რომ ნათელაშვილი უფრო მეტჯერ გყავთ გალანძღული, ბურჯანაძე უფრო მეტჯერ გყავთ გაქილიკებული, გამყრელიძეზე უფრო მეტი აუგი გაქვთ ნათქვამი, ქართულ პარტიაზე აღარაფერს ვამბობ, ვიდრე სააკაშვილი და მისი გუნდი გყავთ გაკრიტიკებული.
ურთულეს გზას ადგახართ და იქნებ სააკაშვილზე და მის რეჟიმთან ბრძოლაზე უფრო მეტი კონცენტრაცია მოახდინოთ, ვიდრე ჩვენზე, ჩვეულებრივ მოკვდავნზე კრიტიკას გადააყოლოთ დრო. თორემ სხვაგვარად მეც და ბევრი ჩემნაირი ადამიანიც ჩათვლის რომ სხვებივით ოპოზიციაში ადგილის დასამკვიდრებლად და სააკაშვილისათვის ხელისუფლების გასაყოფად უფრო იბრძვით, ვიდრე მასზე გასამარჯვებლად. ხალხი თქვენგან ყოველდღიური სასიკეთო ცვლილების გეგმის მოსმენას უფრო ელის ვიდრე იმის მოსმენას დილით იოგას აკეთებთ თუ სტაფილოს წვენს მიირთმევთ.
საზოგადოებას თქვენგან ის უფრო მეტად აინტერესებს, მოქალაქეობა თუ ვერ აღიდგინეთ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თქვენს მეუღლეს დაგვისვამთ პრემიერ-მინისტრად თუ პარლამენტის თავმჯდომარედ თუ თქვენი გარემოცვის რომელიმე "ღირსშესანიშნავ" წარმომადგენელს, ვიდრე ის ჯაკომეტის ქანდაკებაში (ჩემის აზრით ძალიან უგემოვნო, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ) 110 მილიონი გადაიხადეთ თუ 120. იქნებ აჯობებდა 20 მილიონად ათასი ქართველი (მათ შორის ჟურნალისტი) გაგეგზავნათ საზღვარგარეთ სასწავლებლად და ამით შეგეწყოთ სამოქალაქო საზოგადოების შექმნისათვის ხელი.
გულით მსურს ცვლილება მოხდეს ქვეყანაში და მაგ ბოროტებას ბოლო მოეღოს, ამის გამო ვსარგებლობ და თავს უფლებას ვაძლევ კეთილი რჩევები მოგცეთ, განსხვავებით თქვენი გარემოცვისაგან.
ყველაზე რთულია როდესაც აბსურდზე თავის მართლება გიწევს ადამიანს, თუმცა თავის მართლებას იმაზე, რაც თქვენ დამაბრალეთ ნამდვილად არ ვაპირებ. თქვენც ბევრჯერ მოგიწევთ მაგ მდგომარეობაში ყოფნა. მე რომ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა მინდოდეს სულ დეტალურად ჩამოგითვლიდით იმ უამრავი ტყუილის შესახებ, რასაც თქვენს მიერ ხელისუფლების, განსაკუთრებით პოლიციის თუ თავდაცვის სფეროს დაფინანსებაზე ამბობთ იმავე ინტერვიუში, სადაც მე მდებთ ბრალს. თქვენი მხრიდან ტყუილის თქმას ერთი პლიუსი უდავოდ აქვს, ეგ პოლიტიკოსის თანმდევი უარყოფითი თვისებაა ანუ პოლიტიკოსად უკვე შემდგარი ხართ.
და ბოლოს, საზოგადოებამ აუცილებელია იცოდეს მართლა ვთანამშრომლობ ხელისუფლებასთან და მითუმეტეს დღესაც მათი გუნდის წევრი ვარ თუ არა, როგორც თქვენ ამას ამტკიცებთ. თუ უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენთ ჩემი ხელისუფლებასთან კავშირის "ოდნავ დამაჯერებელ" მტკიცებულებას მაინც, საჯაროდ ვდებ პირობას რომ არათუ პოლიტიკას დავემშვიდობები სამუდამოდ, არამედ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან განზრახვაზე - საქართველოში დაბრუნებაზე ასევე სამუდამოდ ავიღებ ხელს. თუ თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, მეც და ბევრი სხვაც ჩათვლის, რომ თქვენც ისეთივე ტყუილისა და სიყალბის გზას ადგახართ როგორსაც სააკაშვილი.
გისურვებთ წარმატებებს.
პატივისცემით,
ირაკლი ოქრუაშვილი
P.შ. თუმცა, შესაძლოა, ეგ ყოველივე ისევე უპასუხისმგებლოდ წამოგცდათ, როგორც განცხადება იმის შესახებ რომ საფრანგეთის მოქალაქეობა გქონდათ მიღებული, რის გამოც დაკარგეთ საქართველოს მოქალაქეობა."
კომენტარი