სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუშინ, რუსთავი 2-ზე გასულ გადაცემა „პოზიციაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ხუდონჰესის აშენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დღეს საქართველო 75 პროცენტით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა, საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა ბუნებრივი რესურსების საშუალებით იყოს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა. დამეთანხმებით, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არის თითქმის ტოლფასი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია.

აღნიშნული რესურსები რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. რაც შეეხება ახალ ქვესადგურს, რომელიც ახალციხეში გაიხსნა, ამით ჩვენ გვექნება საშუალება განვახორციელოთ ელექტროენერგიით ვაჭრობა თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში. ვფიქრობ უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის კუთხით საქართველო გახდება ექსპორტიორი ქვეყანა და ეს ნამდვილად მისასალმებელია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოში არის, ეს არის დასაქმების პრობლემა, და თუ ჩვენ არ შევქმენით ჩვენი საკუთარი ქარხნები, ჩვენი საკუთარი საწარმოები, შეუძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ჩვენ ენერგეტიკულად უზრუნველყოფილები უნდა ვიყოთ და ამიტომ ის რესურსი, რომელიც დღეს ქვეყანას გააჩნია, მნიშვნელოვანია იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის განვითარების და ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

ხუდონჰესი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, იმისთვის რომ ქვეყანამ მიიღოს დამატებითი ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში, მაშინ როდესაც ჩვენ განსაკუთრებით გვიჭირს ელექტროენერგია. რა თქმა უნდა ამ პროექტს პრობლემები ახლავს, რომელთა შორის ყველაზე მძიმე, ყველაზე მტკივნეული ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, რომელსაც ჩვენ ძალიან განვიცდით. ეს ძალიან ფაქიზი თემაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვეუბნები ჩვენს ძმებს სვანებს, რომ აუცილებლად თითოეული იქ მცხოვრები ადამიანის ინტერესები იქნება გათვალისწინებული და მხოლოდ ასე მოხდება ამ პროექტის განხორციელება“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100