სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთი იყიდება ხელახლა, თან სასწრაფოდ და იაფად!!!

აფხაზეთში უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვის მსურველთა რიცხვი რუსეთში თანდათან მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის განაცხადა – ოფიციალური თბილისის გვერდის ავლით, აფხაზეთის ნებისმიერ ქალაქში ნაყიდი ნებისმიერი ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი, წამოწყებული მშენებლობა უკანონოა და იგი ჩამორთმევას ექვემდებარება.
რუსეთის მოქალაქეების დაინტერესება აფხაზეთში ქონების შეძენით გასაკვირი სულაც არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ აფხაზეთის ზღვისპირეთში სახლის ან სააგარაკე კოტეჯის შეძენა ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე თუნდაც აფხაზეთთან ყველაზე ახლომდებარე საზღვაო ქალაქ სოჭში. აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რუს ბიზნესმენებს, ინვესტორებს, რიგით მოქალაქეებს სასათბურე პირობები შეუქმნან. აფხაზეთში მცხოვრები ადგილობრივი აფხაზი უფრო მეტ ბიუროკრატიულ ბარიერს აწყდება, ვთქვათ, სახლის შეძენისას, ვიდრე რუსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე. მეტიც, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, რუსეთის რომელიღაც მიყრუებული სოფლიდანვე შეიძინონ სასურველი უძრავი ქონება. ამისათვის მათ კომპიუტერი, ინტერნეტი და, ყველაზე მთავარი – ფული სჭირდებათ.
გასაკვირი სულაც არ არის, რომ ზღვისპირა სახლებს სოხუმში, გაგრასა თუ ბიჭვინთაში, ძირითადად, "ახალი რუსები" ყიდულობენ. სულ რაღაც ორი წლის წინ, აფხაზეთში ქონების შეძენის მსურველებს მხოლოდ რამდენიმე საიტი ემსახურებოდა, სადაც შეხვდებოდით განცხადებებს გასაყიდი სახლების შესახებ, ახლა კი ასეთი საიტების რიცხვმა ორნიშნა ციფრს მიაღწია და გადააჭარბა კიდეც. დაიხვეწა მომსახურების პირობები, საიტების დიზაინი.Yყველა საიტზე შეხვდებით "აფხაზეთის ისტორიად" გასაღებულ ცნობებს, სადაც, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი საქართველოზე, თითქოს აფხაზეთი ცალკე კუნძული ან სახელმწიფო წარმონაქმნი იყოს.
აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის განყოფილებაში კი საუკუნეების წინ შექმნილი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშების (მაგ. ილორი) ერთადერთ შემქმნელად და მემკვიდრედ აფხაზი ხალხია დასახელებული, ხოლო ლევან მეორე დადიანის მიერ აგებული ე.წ. აფხაზური კედელი ერთ-ერთ საიტზე "აფხაზი მეფის, ლეონ მეორის მიერ აგებულადაა" გამოცხადებული და მითითებულია, რომ ამ მეფის სახელობის ჯილდო უმაღლესია აფხაზურ არმიაში.

"გეპატიჟებით მიწიერ სამოთხეში!"; "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სულიერი სიმშვიდის ქვეყანაში!~; "აქ სამოთხის საუკეთესო ნაკვეთები იყიდება" – ეს ფრაზები საიტების მთავარ გვერდებზე უკვე კარგა ხანია არავის აკვირვებს, თუმცა რუსებს შორის ბევრია ისეთი, რომლებზეც ეს სიტყვები მაგიურად მოქმედებს. ერთ-ერთ საიტს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ასე ჰქვია: "მიმოზების ქვეყანა".
ეტყობა, სახელწოდება ძველი, საბჭოური წლების ნოსტალგიით შეპყრობილთათვისაა განკუთვნილი, რომლებისთვისაც მოსკოვში აფხაზეთიდან (ზოგადად, დასავლეთ საქართველოდან) სარვამარტოდ დიდი რაოდენობით მიმოზები ჩაჰქონდათ.
თუკი საიტებზე მანამდე მხოლოდ სახლების ყიდვა-გაყიდვის შესახებ მწირ განცხადებებს შეხვდებოდით, ახლა განცხადებების რიცხვთან ერთად, შემოთავაზებული პროდუქტების რიცხვმაც იმატა: ბინები, სახლები, აგარაკები, აქა-იქ – მშენებარე კორპუსებიც. მარტივი დაკვირვების შედეგად აღმოაჩენთ, რომ ყველაზე მეტი განცხადება გასაყიდი სახლების შესახებ სოხუმიდან და გაგრიდან ქვეყნდება... თუ ადრე განცხადების ავტორები თავიანთი ვინაობის გამხელასაც არიდებდნენ თავს, ახლა გასაყიდი სახლის ფოტოებიც ატვირთულია და მათ მფლობელთა ტელეფონებიც – მითითებული. სულაც არაა გამორიცხული, სოხუმიდან ან გაგრიდან დევნილი რომელიმე ქართველი, ამ საიტების თვალიერებისას, გასაყიდ ობიექტთა შორის საკუთარ სახლსაც წააწყდეს. ზოგიერთ განცხადებაში პირდაპირაა მითითებული: "საბინაო წიგნი დაკარგულია", რაც, ალბათ, იმის მინიშნებადაც შეიძლება მივიღოთ, რომ სახლი ქართველს ეკუთვნოდა.

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ "დრონი.ჯი"-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს სახლები და მიწა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა, მათი გაყიდვა უკანონოდ ხდება. მიუხედავად ამისა, აფხაზური მხარე მაინც საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კანონის მიხედვით მოქმედებს, რაც მარიონეტული რეჟიმისგან მოსალოდნელი იყო და უსისხლო გენოციდის მცდელობაა.
გია გვაზავა: "აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი წლებია ამას ამზადებს, რაც უსისხლო გენოციდის სახეა. ისინი საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მიღებული კანონით მოქმედებენ, რომლის მიხედვითაც, თუ მიტოვებულ სახლს მეპატრონე 15 წლის მანძილზე არ გამოუჩნდებოდა, ის ავტომატურად მუნიციპალური კუთვნილება ხდებოდა.
მიწების ამგვარი მითვისება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა გალში შევიდნენ, მაშინ გადაწვეს 2800 სახლი, რადგან საბჭოთა კანონმდებლობით, მიწა, რომელზეც სახლი დგას, სახელმწიფოს კუთვნილებაა, სახლი კი მეპატრონის. თუ სახლებს დაწვავდნენ, მიწა სახელმწიფოს საკუთრება გახდებოდა, რაც იქიდან ქართველების საბოლოო მოკვეთას ემსახურება".

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საბჭოეთში მიღებული კანონი მიწის საკუთრების შესახებ აამოქმედა.
მისივე თქმით, აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში კი საერთაშორისო კანონმდებლობით, სახელმწიფომ გაყიდული სახლის ნამდვილი მეპატრონისა და მყიდველის ქონების კომპენსირება უნდა მოახდინოს.
აფხაზეთში მცხოვრებლებს გასაყიდად სახლებთან ერთად მანქანებიც გამოჰყავთ. სეზონისდა მიხედვით კი, გასაყიდთა ნუსხაში, შესაბამის კატეგორიებში კვადრო და ჰიდროციკლების, საწვავზე მომუშავე კატერების, თოვლმავლების ყიდვაცაა შესაძლებელი.
საიტების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, რუსულია.Fფაქტობრივად ვერ შეხვდებით საიტს აფხაზურ ენაზე. სულ ახლახან შეიქმნა პორტალი, სადაც აფხაზეთში გასაყიდი ავტომანქანების ფოტოები, მონაცემები და ფასებია გამოქვეყნებული. ჰოდა, თუ თქვენ 90-იანი წლების ბოლოს ახალი ავტომანქანა მოგპარეს და მის შესახებ ჯერაც არაფერი იცით, დიდი ალბათობა არსებობს, მას ამ საიტზე შეხვდეთ: http://abkhaz-auto.ru/
რასაკვირველია, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ყველა მანქანა მოპარული და მერე აფხაზი კრიმინალებისთვის მიყიდულია, მაგრამ გასაყიდი მანქანების მონაცემების შესწავლა ცხადყოფს, რომ უმრავლესობა სწორედ იმ წლებშია გამოშვებული და, ძირითადად, გერმანული წარმოებისაა, ქართველებს კი ახალი მოდელების გერმანიიდან ჩამოტანას ვერც მაშინ გვასწრებდა ვინმე და ვერც ახლა გვასწრებს. საინტერესოა მანქანების მარკებიც. საიტზე განთავსებულ განცხადებებში შეიძლებაDდათვალო, რომ დღევანდელი მონაცემებით აფხაზეთში ყველაზე მეტი, 43 ერთეული, 1990-97 წლებში გამოშვებული "მერსედეს-ბენცის" მოდელი იყიდება, ამასთან, შეგიძლიათ დაათვალიეროთ და სათქვენოდ შეიგულოთ 16 "ოპელის", 12 "ნისანის", 12 "მიცუბიშის", 10 "აუდის", 4 "მაზდას" ფოტო. ასე განსაჯეთ, გასაყიდ ავტომობილთა შორის აშშ-დან ჩამოყვანილ "ფორდს" და 1998 წელს გამოშვებულ "ალფა რომეოსაც" კი შეხვდებით, რომლის ფასად 45 000 რუბლია (დაახლოებით 2.700 ლარი) დასახელებული და იქვე მითითებულია, რომ შესაძლებელია ფასზე შეთანხმება.

რაც მთავარია, ყველაფერი ძალიან იაფია და ყველა საიტზე მითითებულია, რომ აფხაზეთში ნებისმიერი შენაძენი გათავისუფლებულია ყოველგვარი ბიუროკრატიული მექანიზმებისგან და გადაფორმება სწრაფად, იაფად და ხარისხიანად ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100