თიბისი ბანკმა 30 მლნ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი მიიღო
თიბისი ბანკმა ფონდებთან, European Fund for Southeast Europe (“EFSE”) და Green for Growth Fund (“GGF”) 30 მლნ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხის მიღების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა. თითოეულმა ფონდმა თიბისი ბანკს 10 წლის ვადით, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო, რაც მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისა და ენერგოპროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
”თიბისი ბანკი საუკეთესო პარტნიორი ინსტიტუტია EFSE-სთვის მისი ფართო სამომხმარებლო ბაზისა და საუკეთესო პოზიციონირების გამო მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტში. დარწმუნებული ვართ, რომ მიღებული ფინანასური რესურსით, თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის დაფინანსებას კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ სეგმენტის განვითარებაში,“-აღნიშნა EFSE-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მონიკა ბექმა.
„თიბისი ბანკს ძლიერი პოზიციები აქვს საქართველოს საბანკო სექტორში, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებას საქართველოში.“ -განაცხადა GGF -ის თავჯდომარემ, ქრისტიფერ ნოულესმა.
„მოხარული ვართ, რომ ასეთი მნიშვენლოვან ხელშეკრულებებს მოვაწერეთ ხელი. აღნიშნული რესურსი კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისი ბანკის მეორად კაპიტალს და მოგვცემს საშუალებას, განვაგრძოთ მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, EFSE-ს და GGF -ს საუკეთესო თანამშრომლობისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა ასეთივე წარმატებით გაგრძელდება მომავალში.“- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
EFSE შეიქმნა 2005 წელს, KfW-ს ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური ხელშეწყობით. მისი მიზანია ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპასა და სხვა რეგიონში. EFSE მხარს უჭერს ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს მდგრადი დაფინანსების მოძიებაში.
GGF აფინანსებს ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებს ძირითადად ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონის ჩათვლით.
კომენტარი