სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

livepress.ge: ფოტორეპორტაჟი "საპრეზიდენტო არჩევნებიდან" – სოხუმი

Livepress.ge-ს სოხუმელი კორესპოდენტი ამრა ადლეიბა იტყობინება, რომ ტყვარჩელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საპრეზიდენტო კანდიდატის ალექსანდრ ანქვაბის და რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები. მისი ინფორმაციით, ტყვარჩელის სამშობიარო სახლის მთავარმა ექიმმა ელისო კლარჯიამ, რომელიც რაულ ხაჯიმბას გუნდშია, რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ გოგუა კორუფციაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ალექსანდრ ანქვაბის მხარდამჭერმა, თემურ გოგუამ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამრა ადლეიბას ცნობით, ინციდენტი მოხდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაშიც. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, გამგებელი დიმა აბუღბა, სოფლის მოსახლეობას აიძულებდა ხმა მიეცა ალექსანდრ ანქვაბის სასარგებლოდ. რის გამოც მას მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის ოლესია ვართანიანის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისის ხელმძღვანელმა ბატალ ტაბაღუამ პრესკონფერენციაზე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალის დაბალი ზონის სოფლებში პრეზიდენტობის კანდიდატის, სერგეი შამბას შეარაღებული მხარდამჭერები გამოჩნდნენ. ტაბაღუას თქმით, აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსი იმყოფებოდა გალის დაბალ ზონაში, რომელმაც უარყო მსგავსი ინფორმაცია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 50% მივიდა. ბატალ ტაბაღუას განცხადებით, კომისიაში საარჩევნო პროცესის დარღვევების შესახებ საჩივარი ჯერ არ შესულა.

პროგრამა „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის ოლესია ვართანიანის თქმით, სოხუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე მან ისეთი ამომრჩევლები ნახა, რომლებმაც სიებში საკუთარი თავი ვერ იპოვეს, რის გამოც დამატებითი სიების შექმნა გახდა საჭირო. ჟურნალისტის თქმით, საარჩევნო უბნებზე ძირითადად, შუახნის ამომრჩევლები მივიდნენ. მისივე ცნობით, ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

livepres.ge იტყობინება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობა იძულებით მიჰყავთ. ამის შესახებ livepress.ge-ს ოკუპირებული გალიდან დღეს დილით გადმოსულმა მოქალაქეებმა ზუგდიდში უთხრეს. „იციან ვის აქვს ახალი პასპორტი, მიდიან მათთან, ეუბნებიან რომ არჩევნბში მონაწილეობა აუცილებელია და მიჰყავთ“, ამბობს გალის მკვიდრი შუახნის ქალი. რესპოდენტები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით ვინაობას არ ამხელენ, ამბობენ რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა. „პასორტი რომც მქონოდა არჩევნებზე მაინც არ წავიდოდი, აზრი არ აქვს. რუსეთს ვინც უნდა ის გახდება პრეზიდენტი. ასე ფიქრობს უმრავლესობა ჩვენთან“, ამბობს გალის მკვიდრი ქალი. რესპოდენტები ამბობენ, რომ „ზუგდიდში შემოვლითი გზებით გადმოვედით, დღეს ტრანსპორტი საერთოდ არ წამოსულა“.

Photo by Olesya Vartanyan

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100