სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ზესტაფონმა" მოლდოვის ჩემპიონი "დაჩია" 3:0 დაამარცხა

მატჩი, რომელშიც წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის 2 დებიუტანტი პაექრობდა, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ყოველ შემთხვევაში, “ზესტაფონმა” “დაჩიას” შანსი არ დაუტოვა და 3 უპასუხო გოლით, საპასუხო მატჩისთვის შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.
შეხვედრის პირველ ნახევარში, სტუმრებმა ვერაფერი გააწყვეს ქართველთა შემტევი დუეტის წინააღმდეგ. გელაშვილის სისწრაფეს, დვალის თავდადება და იღბალიც დაუმატეთ და საქართველოს ჩემპიონის წარმატების რეცეპტსაც მიიღებთ.
სადებიუტო გოლი, გასული სეზონის საუკეთესო მეგოლის ნიკა გელაშვილის ანგარიშზეა. ვიდრე ფორვარდამდე მივიდოდა ბურთი, ჯერ გრიგალაშვილმა უპასა აფციაურს, კაპიტანმა კი საგოლე პასი გააკეთა – 1:0.
ამის შემდეგ დვალის ჯერი დადგა. ჯაბამ 23-ე წუთზე, დაახლოებით 18 მეტრიდან, “ცხრიანში” აუღებელი დაურტყა “დაჩიას” კიპერს. პირველი ტაიმის ბოლომდე 5 წუთით ადრე კი, ყოფილმა დაჩიელმა დვალმა, ექსთანაგუნდელებს მინი-მასტერკლასი ჩაუტარა – მცველისთვის თავზე გადაგდებულ ბურთს ძირს დაშვება არ აცალა და გაიდუჩევიჩს მეორედ გაუტანა – 3:0.
მე-2 ტაიმში, სტუმართა თავკაცს ყველაზე მეტად ალექსანდრუ დედოვმა გაუმართლა, რაც აქტიურობაში და კვასხვაძის კარისკენ რამდენიმეჯერ დარტყმაში გამოიხატა. მასპინძლებს გოლის გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ დვალს, გელაშვილსა და გრიგალაშვილს სიზუსტემ უღალატა.
საბოლოოდ, ქართველთა ჩემპიონმა, რომელიც მეტოქეზე კლასით უკეთ გამოიყურებოდა, პირველ ტაიმში მოპოვებული ფორა კარგ სტილში შეინარჩუნა. საპასუხო მატჩში, რომელიც ოც ივლისს კიშინიოვში გაიმართება, დობროვოლსკის შეგირდებს საკუთარ თავზე ბევრად მაღლა ახტომა მოუწევთ.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი

“ზესტაფონი” (საქართველო) - “დაჩია” (კიშინიოვი, მოლდოვა) 3:0 (3:0)
ზესტაფონი, 13 ივლისი. “დავით აბაშიძე”, 4500 მაყურებელი.
“ზესტაფონი”: კვასხვაძე, ღონღაძე, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი, გრიგალაშვილი, აფციაური (ბაბუნაშვილი, 86), ძარია (გორგიაშვილი, 71), დვალი, გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 69).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

“დაჩია”: გაიდუჩევიჩი, ატანაკოვიჩი (მამახი, 42), გამეზარდაშვილი, დობრე, დიმოვსკი, ონიკა (ორბუ, 79), კოჟოკარი, მიხალიოვი, ტუმბაშევიჩი, სტეპანოვიჩი, ნეჩაევი (დედოვი, 46).
მთავარი მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი.
გაფრთხილებები: დაუშვილი (24), კოჟოკარი (57).
გოლები: 1:0 გელაშვილი (14), 2:0 დვალი (23), 3:0 დვალი (40).
მსაჯები: ჰალის ოზქაია, ორკუნ აკტასი, ქემალ ბინგული, ჰაკან ქეილანი (ყველა თურქეთი).

ფრიდონ კერვალიშვილი ზესტაფონიდან

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100