სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ-მინისტრმა შემოვლითი გზა გახსნა

მინდა იცოდეთ, რომ ორ წელიწადში ჩვენ შევძელით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი 55 კილომეტრის აშენება, მაშინ როდესაც 2012 წლამდე, 7 წლის განმავლობაში, ჩქაროსნულ მაგისტრალზე მხოლოდ 70 კმ ახალი გზის გახსნა მოხერხდა,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გზის მშენებლობის პროცესში ჩართულ პირებს და ხაზგასმით აღნიშნა იაპონიის მთავრობისა და იტალიის საელჩოს წვლილი პროექტის განხორციელებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, შემოვლითი გზა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დიდი პროექტის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. გზის დასრულება კი ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების და დამატებითი შემოსავლების გაჩენას მოსახლეობისათვის, რასაც განაპირობებს მაგისტრალის გასწვრივ განვითარებული ინფრასტრუქტურა.

“რასაკვირველია გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მე სულ ახლახან დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს აქვს სერიოზული წინსვლა და რომ მისასალმებელია ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან. ხელშეკრულების მიხედვით, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება 30 მილიონი ევროს ოდენობით რეგიონული განვითარებისთვის,” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის ძალისხმევა მთლიანად მიმართულია რეგიონების განვითარებისკენ.

“მალე საზოგადოებას წარვუდგენთ რეგიონების განვითარების კონცეფციას, რომელიც კონკრეტულ რეგიონზე მორგებული გრძელვადიანი სტრატეგია იქნება. მოვუწოდებ ბიზნესმენებს, ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან პროექტში. ახლა საჭიროა საჯარო და კერძო სექტორის გაერთიანება, რათა რეგიონებისთვის პროექტები განვახორციელოთ,”-აღნიშნა პრემიერმა.

გზის გახსნის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ავტომრბოლელებმა და ბაიკერებმა ახალი გზა ექსტრემალური და ორიგინალური შოუთი გამოსცადეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100