სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამა პეტრე: ადამიანად ყოფნა უფრო ძნელია ღმერთო

ლოცვის თქმა მინდა, მაგრამ გულში სხვა რამეს ვამბობ,
სენაკის კართან თეთრი ჩოხით იღვიძებს დილა.
და სარეცელთან შიშველ სხეულს ცოდვებით ვამკობ,
მერე კი ჩემს ჯვარს ავიღებ და გავდივარ ფრთხილად.

წუთიდან წუთი საუკუნო განაჩენს მიქსოვს,
რეკავენ ზარებს, მაგრამ გულში სხვა მაქვს ხმაური,
უფალთან ყველა დაფიქრებით რაღაცას ითხოვს.
ო, ელი, ელი, ამაცდინე ეს საზღაური.

უფალო, იქნებ ცოტა ხანი გავცვალოთ როლი,
შენ გახდი პეტრე და მიხვდები ძნელია ერთობ,
კაპერნაუმში ვიცხოვრებ და არ მინდა ბროლი,
შენ ჩემი ზიდე, მე გოლგოთას ავყვები ღმერთო.

სინედრიონთან უფრო მეტად ავიტან შოლტებს,
გაჩენის დღიდან ისედაც ხომ ამკიდეს ჯვარი,
და ასე ვივლი უსასრულოდ, მოვკვდები ოდეს.
ფარისეველთა რა ხანია დამყვება ჯარი.

შვიდგზის და ბევრჯერ მოთმინებით ავიტან შიმშილს,
ეკლისგან ისევ დავიკაწრავ უფერო სახეს,
ავიტან ბრბოსაც, ყოველთვის რომ ყველაფერს მიშლის,
რა მოხდა მერე, გუშინ თურმე ზაქესთან მნახეს.

ცოტაც და ქარში, თავისუფად გავივლი ზღვაზე,
წელგამართული მოვიტოვებ მე განცდის ფერდობს,
მერე დიდებით გამოვცნდები საყვირის ხმაზე,
ადამიანად ყოფნა უფრო ძნელია ღმერთო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100