სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიციამ პირდაპირ ეთერში მიკროფონი გამორთო

ამ წუთებში ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციიდან ჩვენი კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ ოპოზიციის ლიდერთა მოთხოვნით აქციის მთავარ სცენაზე დამონტაჟებული მიკროფონი გამორთულია და პირდაპირი ტელეტრანსლაცია მეორე არხზე ხმის გარეშე მიმდინარეობს.

სცენაზე დამონტაჟებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკროფონის გამორთვის მოთხოვნით ოპოზიციამ ტელევიზიის ხელმძღვანელობას დღეს მიმართა. ლიდერები, სავარაუდოდ, მიკროფონს მაშინ ჩართავენ, როცა მიტინგი დაიწყება.

შესაბამისი წარწერა, მორბენალი სტრიქონის სახით, მეორე არხის პირდაპირ ეთერშიც გამოჩნდა.

სავარაუდოდ, ლიდერებმა მიკროფონის გათიშვის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ჩართულ მიკროფონთან ახლოს ყოფნამ რამდენიმე მათგანი არაერთხელ ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში. ხმის წყაროს მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე, პროფესიონალურმა მიკროფონმა, მაგალითად, გუშინ დააფიქსირა ნინო ბურჯანაძის საუბარი მობილური ტელეფონით, რომელიც რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ბურჯანაძე აქციებზე საუბრობდა. ბევრმა მიიჩნია, რომ იგი მოსკოვში, უცნობ პირს ანგარიშს აბარებდა – მსგავსი მოსაზრებები გუშინ საღამოს სოციალურ ქსელებში გაჩნდა. თუმცა, ბურჯანაძის მომხრეების განცხადებით, იგი ერთ–ერთ რუსულ მედიასაშუალებას ესაუბრებოდა.

მეორე არხში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაირთვება მიკროფონი – ისინი ოპოზიციის ლიდერთა მითითებას ელოდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100