სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აცალეთ პატარა ბაგრატიონს ბავშვობა, აცალეთ... ღმერთი არა გწამთ?

პირველ რიგში, უნდა განვაცხადო, რომ მონარქიის საკითხი, ამ პერიოდისათვის, საქართველოში დაუმუშავებელია და დაულაგებელი. თუმცა, მე პირადად, მომავალში არ ვიტყოდი უარს ამგვარ პოლიტიკურ ტექნოლოგიაზე, თუ საკითხი სავსებით დაიხვეწება და შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებებთან, ქართველი ერის ტრადიციებთან და საქართველოს გამოწვევებთან... ახლა კი ნაადრევია... მომავალში ვნახოთ, როგორც ერი გადაწყვეტს...

როგორც ცნობილია, ამა წლის 27 სექტემბერს დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილს (ასე იწერება მისი გვარი) და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის (ასე იწერება მისი გვარი) შეეძინათ ვაჟი, რომელსაც დაარქვეს გიორგი, თავისი პაპის, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის სახელი, ბაგრატიონებში, ქართველებში და ქრისტიანებში გავრცელებული სახელი.

მონარქისტული იდეოლოგიისადმი ინტერესით აღძრულმა ადამიანებმა, გიორგი დავითის ძეს უმალ უწოდეს საქართველოს ტახტის მემკვიდრე, მომავალი მეფე და სხვა. პრესაში გაისმა ფრაზები, რომ სამეფო ოჯახში დაიბადა მემკვიდრე და ა. შ.

უცებ, სად იყო და სად არა, მედიაში გამოჩნდა „საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის“ განცხადება, რაც პირადად ჩემთვის, რომელსაც არა ერთი წელი მიმუშავია მონარქისტული ლეგიტიმიზმისა და ბაგრატიონთა ისტორიის საკითხებზე, მეხის გავარდნასავით მოულოდნელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით გაუგებარი და გასაოცარი, მიუღებელი აღმოჩნდა „სამეფო სახლის კანცელარიის“ განცხადების შინაარსი...

მე ვფიქრობ, ნებისმიერი ქართველის დაბადება დიდი სიხარული უნდა იყოს ნებისმიერი ქართველისათვის, ჩვენ ხომ მცირერიცხოვანი ხალხი ვართ. მით უმეტეს, ბაგრატიონის დაბადება, იმ ადამიანისა, რომლის მამისა და დედის ოჯახები საკმაო ხნის მანძილზე დაპირისპირებულნი იყვნენ ერთმანეთთან.

აღნიშნული განცხადება არის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის კანცელარიის განცხადება. მაგრამ, ნუთუ ეს მართლა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ნებით გავრცელებული განცხადებაა?..

გასაოცარი და გაუგებარი არის ისეთი განცხადება, როდესაც პაპა, კანცელარიის მეშვეობით, შვილიშვილის ბაგრატიონ-გრუზინსკიდ, ანუ ტახტის მემკვიდრედ აღიარებაზე უარს აცხადებს, სანამ არ დაიდება ხელშეკრულება ბავშვის მამასთან (საზოგადოებამ ასე აღიქვა და მეც ასე გავიგე. კიდევ ვიმეორებ, ნუთუ ეს მართლა ბატონი ნუგზარის პოზიციაა?!).

აი ტექსტი განცხადებიდან: „საქორწინო ხელშეკრულებას დღემდე ხელი არ მოეწერა, ამიტომ საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართლით დაბადებული ვაჟი დარჩება ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური ხაზის გამგრძელებელი და არა ბაგრატიონი-გრუზინსკების სამეფო ხაზისა“.

„სამეფო კანცელარიისათვის“, მაპატიეთ და მე ესე მგონია, პაპისთვის და მამისთვის შვილიშვილი საჯილდაო ქვა ხდება (მაპატიეთ გამოთქმისათვის). როგორც „კანცელარიის“ განცხადებიდან ჩანს. თუ ახალშობილის მამა, დავით ბაგრატიონი, აღიარებს სიმამრის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უპირატესობას - საქართველოს ტახტის მემკვიდრეობას, მაშინ შეიძლება, ასე გამოდის „კანცელარიის“ განცხადებიდან, ნუგზარ ბაგრატიონმა პაწაწინა გიორგი აღიაროს თავის მემკვიდრედ, ანუ ბაგრატიონ-გრუზინსკიდ, თუ არა და ტახტის მემკვიდრე გახდება პატარა გიორგის უფროსი ნახევარდა, ირინე - რომელიც ბაგრატიონ-გრუზინსკადაა ჩაწერილი, თავისი მამის, გიორგი მალანიას ნებართვითა და „პატრიარქის სურვილით“ (განცხადების მიხედვით, შინაარსი ასეთია).

განცხადებაში კიდევ ნათქვამია, რომ ნუგზარ ბაგრატიონი განსაზღვრავს სამეფო ტახტის მემკვიდრეების რიგობითობას და რომ ნუგზარ ბაგრატიონი საქართველოს დე იურე მეფეა (თუ განცხადება დამახინჯებული არ არის).

არც კი ვიცი საიდან დავიწყო:

გასაოცარია პირდაპირ... პატარა გიორგი ბაგრატიონი ჯერ 7-8 დღისაა. ამ ასაკში ჩვილები, როგორც ამბობენ, ანგელოზებს ეთამაშებიან, და თვითონაც ანგელოზები არიან. ის ხომ ჯერ სულ პატარაა, ჩვილი, სუსტი, ფაქიზი, საყვარელი, უმწეო, რომელიც ამ დაუნდობელ, მკაცრ სამყაროს მოევლინა და დედის, მამის, პაპისა და ბებიის, ახლობლებისა და საერთოდ, მთელი საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის, სიყვარულის გარეშე ძალიან ცოდვა იქნება. როგორც ყველა ადამიანი დედამიწაზე... აცალეთ ბავშვობა, აცალეთ... ღმერთი არა გწამთ?

ხომ გაიზრდება, ხომ გაიგებს ყველაფერს და ხომ ეტკინება გული?

სულ რამდენიმე დღეა დაიბადა და (საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან აღტაცების გარდა) უკვე, მისი პოლიტიკურ-მონარქისტული მიზნებით გამოყენება დაიწყეს. მას ხომ აქვს თავისი უფლებები, იქნებ მას მეფობა კი არა, სიყვარული უნდა ყველაზე მეტად, იქნებ სულაც უბრალო, ადამიანი სითბო სწყურია. დარწმუნებული ვარ, დედისგან არ მოაკლდება, იმედია მამაც მისდამი დიდი სითბოთი იქნება გამსჭვალული (რაც უნდა პრეტენზიები გვქონდეს დავითთან). მაგრამ, პაპის კანცელარიას რაღა დაემართა. რა დროს ტახტია, რა დროს მემკვიდრეობაა, ჯერ სიხარული, თოფის სროლა... ჯერ ნათლობაც კი არ მომხდარა და უკვე ბავშვს იყოფენ თუ მისით უნდათ სპეკულაცია? რა მნიშვნელობა აქვს პრესა ვის რას დაარქმევს, რომელი ტახტი იყოფა?

ხომ ყველამ კარგად იცის, რომ დავით ბაგრატიონი არ დაუთმობს ნუგზარ ბაგრატიონს. მთელი ცხოვრება სამეფო სახლის წევრად მიიჩნევდა თავს და ახლაც უნდა რომ „სამეფო ოჯახის“ უფროსი იყოს. მაშ ბავშვი რაღა შუაშია, ბავშვი გაიჭყლიტოს უფროსების ჭიდილში?

ვინაიდან ეს მხოლოდ საგაზეთო სტატიაა, კიდევ სულ რამდენიმე მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას „სამეფო კანცელარიის განცხადებიდან“, რომლებმაც შეიძლება დააბნიოს საზოგადოება.

განცხადებაში წერია, რომ ნუგზარ ბაგრატიო-გრუზინსკი არის „საქართველოს დე იურე მეფე“ (?). იქვე ნათქვამია:

„ყველა უმაღლესი პრეროგატივა – სამეფო გერბი, ტიტული და „დე იურე სუვერენული სამეფო სახლის“ მეთაურობა – ექსკლუზიურად ეკუთვნის მის სამეფო უმაღლესობას, ბატონიშვილ ნუგზარს, ღვთის ნებითა და მემკვიდრეობის უფლებით; მის შემდეგ – მისსავე შთამომავლებს, მემკვიდრეობითი წესის დაცვით, ქალი იქნება თუ კაცი, იქამდე, სანამ ეს ხაზი იარსებებს დედამიწაზე. მხოლოდ მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილი ნუგზარის, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, პრეროგატივაა, სპეციალური დეკრეტით განსაზღვროს თავისი მომავალი მემკვიდრეობითი თანმიმდევრობა“.

ე. ი. თუ აღიარებს დავითი სიმამრის უპირატესობას მისი ვაჟი გახდება ტახტის მემკვიდრე, სიმამრის სურვილით, თუ არა იმავე სიმამრის სურვილით ვერ გახდება პატარა გიორგი ტახტის მემკვიდრე. მამის საქციელზეა დამოკიდებული შვილიშვილის ბედი?

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამი არ არის სიმართლე, ნუგზარ ბაგრატიონი არ არის საქართველოს დე იურე მეფე. ასეთი რამ რუსულ ემიგრაციას აქვს რომანოვებისათვის, მაგრამ ბაგრატიონებში ასეთი რამ არ ყოფილა (ამაში დავითიც სცოდავს, მასზეც სწედნენ დე იურე მეფეაო).

საქართველოში, „ხელმწიფის კურთხევის წესისა და განგების“ მიხედვით, მეფე ეწოდება მხოლოდ მას, ვისი კურთხევაც უკვე მომხდარია კათალიკოსის ხელით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით. ისიც, კათალიკოსმა უნდა აკურთხოს მხოლოდ უფროსი ვაჟი და ა. შ. (იხ. ჩემი წიგნი „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“, გვ. 112-117, 2007 წელი, თბილისი. წიგნი აქვს საჯარო ბიბლიოთეკას).

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი კი ჩვენს პატრიარქს არ უკურთხებია მეფედ და სახელმწიფოს ის ხელმწიფედ არ გამოუცხადებია.

ნუგზარ ბაგრატიონს და არც არავის, არ აქვს უფლება განსაზღვროს სამეფო ტახტის მემკვიდრეების რიგითობა. ასეთი რამ რუსეთშიც კი არ ხდებოდა (გამონაკლისების გარდა, როდესაც პეტრე პირველმა მოკლა თავისი ვაჟი და მერე ასეთი წესის დამკვიდრებას შეეცადა). ასეთი რამ აღმოსავლეთის დესპოტიის ქვეყნებშიც კი იშვიათი იყო. მემკვიდრეების რიგითობას განსაზღვრავს უფალი ვაჟების უფროს-უმცროსობის მიხედვით... მხოლოდდამხოლოდ უფალი და არც ერთი ადამიანი, თავად თვითმპყრობელი მეფეც კი.

როგორც ვხედავთ, „კანცელარიის განცხადებაში“ გატარებულია აზრი, რომ სამეფო მემკვიდრეობაში „ქალსა და კაცს“, საქართველოში აქვთ ერთნაირი უფლებები, რაც მართალი არ არის.

თუ გავეცნობით ნუგზარ ბაგრატიონისავე შტოს წინაპრების ნაშრომებს, დავრწმუნდებით რომ ასე არის. მაგალითად გიორგი მეთორმეტის ვაჟის, ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის, დავით გამგებლის მიხედვით, რომელმაც დაამუშავა ქართული კანონები („საქართველოს სამართლისა და კანონების მიმოხილვა“) „პრინცესებს არ შეიძლება ტახტი გადაეცეს“ ანუ მათ ტახტის მემკვიდრეობასთან კავშირი არ აქვთ. ასეთი რამ არის რუსეთში და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ჩვენ კი რუსეთი არ ვართ (იხ. ჩემი დასახელებული წიგნი, გვ. 110 ).

ასეთი რამ არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. თამარ მეფე განსხვავებულია, მისმა მამამ მოკლა ძმიშვილი და რადგან დინასტიაში ვაჟი არ ჰყავდათ, ამიტომ გაამეფეს დიდი თამარი, რომელსაც პირველი ქმრისგან შვილი არ მიეცა, ღმერთმა არ ინება, რადგან არაბაგრატიონი ვერ ავიდოდა ბაგრატოვანთა ტახტზე.

როცა მამით ბაგრატიონი დავით სოსლანი შერთეს ქმრად ჩვენს წმინდა თამარ მეფეს, დინასტია გაგრძელდა. დინასტია დედის გვარით ვერ გავცელდა “დროებითი მეფის“ რუსუდანის შემთხვევაშიც. მისი შთამომავლობა, სხვათა შორის ძალიან კარგი (დავით ნარინიდან), სამი თაობის მერე შეწყდა. საქართველოში არასდროს არ აუყვანით ქალი ტახტზე და ქალით არ გადადიოდა გვარი. ეს იყო ჩვენი ტრადიცია (იხილეთ იქვე).

რაც შეეხება იმას, რომ პატრიარქის სურვილით მისცეს ანა ბაგრატიონისა და გიგი მალანიას ქალიშვილებს ბაგრატიონ-გრუზინსკის გვარი, ეს ლეგიტიმიზმს ვერ ცვლის, პატრიარქს ის კი არ უთქვამს, ტახტზე ესენი ავლენო (ასეთ რამეს ისტორიაში არც ერთი პატრიარქი არ ამბობდა) და არც ის უთქვამს უწმინდესს - ვაჟები კი არა, ახლა ქალები გამეფდებიანო (ასეთ რამეს არც ერთი პატრიარქი არ ამბობდა ისტორიის მანძილზე). ასე რომ, პატრიარქით სპეკულირება არ შეიძლება. პატრიარქები საქართველოში არსდროს ერეოდნენ მემკვიდრეობის საკითხში, რადგან მემკვიდრეობა განისაზღვრებოდა მხოლოდ კანონით, უფლის ნებით.

გარდა ამისა, ჩვენმა პატრიარქმა კარგად იცის, რომ გვარი შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შეიცვალოს და თუ უნდა აიეტიანი, ფარნავაზიანი დაირქვას, ასეთია ლიბერალისტური თანამედროვე კანონები, მაგრამ ეს მათ ტახტისკენ გზას არ უხსნის, ეს მათ გენეტიკას არ ცვლის ეს ყველაფერი დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ჩემს დასახელებულ წიგნში.

პატრიარქს ანა ბაგრატიონის ქალიშვილები, პატარა გოგონები საქართველოს ტახტის მემკვიდრეებად არ გამოუცხადებია. ასეთ რამეს ისტორიაში არ ჰქონია ადგილი, და ეს ჩვენმა პატრიარქმა არ იცის? თუ რა გგონიათ? რას გვიმტკიცებთ?

და კიდევ, იმერეთის ბაგრატიონების ოჯახიცაა შემორჩენილი, იმერეთი კი სხვა სამეფო იყო, ქართლ-კახეთი კი, რომლის მეფის შთამომავალიც არის ნუგზარ ბაგრატიონი, სხვა სახელმწიფო. ეს ჩვენი უბედურებაა, მაგრამ ასე იყო...

იმერეთის ბაგრატიონების ერთადერთი ოჯახი, რომელიც მამრობითი ხაზით გრძელდება, ნუგზარ ბაგრატიონს არ აღიარებს სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრედ, მათ 2006 ხელი არ მოაწერეს „კანცელარიის“ მიერ მოხსენიებულ მემორენდუმს ნუგზარ პეტრეს ძის სრულიად საქართველოს ტახტის უცილობელ მემკვიდრედ აღიარების შესახებ. იმერელ ბაგრატიონებს აქვთ თავისი არგუმენტები.

გარდა ამისა, დავით მუხრანბატონიშვილის ოჯახიც არ აღიარებს ნუგზარ ბაგრატიონს სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრედ.მუხრანბატონიშვილები თავს თვლიან ვახტანგ მეექვსის აწ შეწყვეტილი შტოს, რომელიც მათი უფროსი განაყოფი იყო და რომლებიც ასევე ბაგრატიონ-გრუზინსკების გვარს ატარებდნენ, სამართალმემკვიდრედ. ნუგზარ ბაგრატიონის და მისი წინაპრების მემკვიდრეობა ვახტანგ მეექვსის შთამომავლებს არ უცვნიათ. დავით ბაგრატიონ-მუხტანბატონიშვილის პაპა, ირაკლი იყო სიძე ესპანეთისა და ბავარიის სამეფო ოჯახებისა, მისი და გათხოვდა რუსეთის სამეფო ოჯახში, მათ ცნობდნენ მთელ ევროპაში საქართველოს სამეფო ოჯახად. მათ აღიარებდა თითქმის მთელი ქართული ემიგრაცია...

დავით ბაგრატიონი (ისევე როგორც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი), თავად აცხადებს თავს საქართველოს სამეტო ტახტის მემკვიდრედ და მას თავადაც აქვს თავისი „სამეფო კანცელარია“. როგორც ვთქვი, დიდი ხანია მუხრანბატონების ოჯახი აცხადებს თავს სრუალიად საქართველოს ტახტის მემკვიდრედ... ეს ჩვენი გამოგონილი ხომ არ არის...

და დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი ამას დათმობს? დავით ბაგრატიონი ეტყვის ნუგზარ ბაგრატიონს, რომ შენ მეტი ხარ ჩემზეო? ეს ხომ გამორიცხულია... არ იცით ხალხო ეს?

ე. ი. გვაქვს ორი „სამეფო სახლი“, ოფიციალურად, და ორი სამეფო „კანცელარია“, ოფიციალურად. აქვე გავიხსენოთ იმერელი ბაგრატიონების მემკვიდრეობა, რომელზეც ისინი უარს არ აცხადებენ (ანუ მესამე სამეფო სახლი ფაქტიურად).

ამიტომ, „კანცელარიის“ ლოგიკით, ბატონმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ უნდა უარი თქვას და საზოგადოებასაც უარი ათქმევინოთ პაწაწინა გიორგის ბაგრატიონ-გრუზინსკიდ თუ ტახტის მემკვიდრედ ჩათვლაზე? ის არ უნდა ჩავთვალოთ „ტახტის მემკვიდრე ნუგზარ ბაგრატიონის“ მემკვიდრედ და მხოლოდ უბრალო „თავადის“ დავით ბაგრატიონის შვილად, მის მემკვიდრედ მივიჩნიოთ? ამას გვთავაზობთ? რა პრინციპულობაა!!!

ძალიან ულამაზოა „კანცელარიის“ ეს სიტყვები: „საქორწინო ხელშეკრულებას დღემდე ხელი არ მოეწერა, ამიტომ საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართლით დაბადებული ვაჟი დარჩება ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური ხაზის გამგრძელებელი და არა ბაგრატიონი-გრუზინსკების სამეფო ხაზისა“. ეს არის უარის თქმა, ფაქტიურად (კანცელარიის ზეწოლით) შვილიშვილზე, როგორც მემკვიდრეზე თუნდაც, ეს არის, საჯაროდ, შვილიშვილისადმი, როგორც კონკურენტისადმი, დაპირისპირების გამოხატულება (ასე აღიქვამს საზოგადოება „კანცელარიის განცხადებას“).

ეს არის შეურიგებელი პოზიციები, სიმამრსა და სიძეს შორის და ამიტომ უნდა დაიჩაგროს ჩვილი გიორგი? ამიტომ უნდა აწყენინონ, რომელსაც ჯერ ისევ, როგორც ვთქვი, ანგელოზები დასრტიალებენ თავს, როგორც ყველა ჩვილს?

ბევრს ხომ არ იღებს „კანცელარია“ თავის თავზე?

და კიდევ, რას ვიყოფთ, რისთვის ვიყოფთ? განა ჩვენ ქართველებს ამგვარი ტახტი გვინდა? ამგვარი სამეფო გვინდა? ჩვენ გვინდა, პირველ რიგში, პატარა ქართველების ბედნიერება, ბაგრატიონი იქნება თუ პეტრიაშვილი, პავლიაშვილი თუ კერესელიძე და სხვა. დანარჩენი მერე ვნახოთ.

და კიდევ, არ დამავიწყდეს -

ანასა და დავითის ვაჟს, პატარა გიორგის უკვე აქვს გვარი, მას აღარ სჭირდება პაპის მხრიდან ბაგრატიონ-გრუზინსკის გვარის მიცემა. ისე, აქვე ვთქვათ, კარგი იქნება თუ რუსეთის კირთების ქვეს დამკვიდრებულ გვარ-წოდებებს სხვა ჩაანაცვლებს. მე ვიცოდი, რა გვარსაც მისცემდა დავით ბაგრატიონი თავის ვაჟს, ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია, ასეთი პრეცედენტები არის ევროპაში და ამის დამკვიდრება სჯობს რუსულ გადმონაშთებს. მე მაქვს პრეტენზიები დავით ბაგრატიონისადმი, ბევრი რამის გამო, მაგრამ ამაში სრულად ვეთანხმები და მეც ამ აზრის ვიყავი ყოველთვის -

მაგალითად, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი გვარად ბურბონ დე ბურბონია. დავითმა და ანამ თავის ვაჟს მისცეს ახალი, ყველა ბაგრატიონისაგან გამორჩეული გვარი:

ბაგრატიონ-ბაგრატიონი!

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100