სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

53 წლის ასაკში ნატო-ს ექსპანსიის მხარდამჭერი რონალდ ასმუსი გარდაიცვალა

30 აპრილს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა საგარეო პოლიტიკის ექსპერტი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე რონალდ ასმუსი, რომელიც ცივი ომის შემდეგ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოვების გულმხურვალე მხარდამჭერი იყო

ასმუსი ბრიუსელის კლინიკაში კიბოს დაავდებით გარდაიცვალა. ის ბრიუსელში ”მარშალის ფონდის” პასუხისმგებელი თანამშრომელი იყო. ფონდი საჯარო პოლიტიკის ფარგლებში ტრანსატლანტიკურ საკითხებზე მუშაობს.

ნატო ალიანსის სახით ცივი ომის დროს ჩამოყალიბდა და იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირისგან მომავალ საფრთხეს უპირისპირდებოდა, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში კომუნისტური სახელმწიფოების დაშლასთან ერთად, საგარეო პოლიტიკურ წრეებში სერიოზული კამათი გაჩაღდა იმის თაობაზე, თუ როგორი კავშირები უნდა დაემყარებინა ალიანსს ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის ყოფილ საბჭოთა სატელიტებთან.

ასმუსმა, რომელიც იმ დროს Rand Corporation-ის კვლევით ცენტრში ანალიტიკოსად მუშაობდა, გამოსთქვა მოსაზრება რომ ნატო-მ ეს ქვეყნები ახალი წევრების სახით საკუთარ რიგებში უნდა მიიღოს. ის ამტკიცებდა, რომ ნატო-ს უსაფრთხოების სისტემის აღმოსავლეთით გაფართოვება ხელს შეუწყობდა ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილიზაციას და განამტკიცებდა მშვიდობის შენარჩუნების შანსებს.

1993 წელს, Rand Corporation-ის ორ თანამშრომელთან სტივენ ლარაბისთან და რიჩარდ კუგლერთან ერთად ასმუსმა ექსპანსიის მხარდამჭერი საკუთარი არგუმენტები შემდგომში ძალიან გავლენიან პუბლიკაციაში ჟურნალ Foreign Affairs-ში ჩამოაყალიბა.

„ნაციონალიზმმა და ეთნიკურმა კონფლიქტებმა უკვე გამოიწვია ორი ომი ევროპაში“ – წერდნენ სტატიის ავტორები – „მოხდება თუ არა მესამე ომი ვეროპაში დამოკიდებული იქნება დასავლეთის უნარზე მოიკრიბოს პოლიტიკური ნება და აამოქმედოს თავისი სტრატეგიული აზროვნება, რათა პოტენციური არასტაბილურობისა და კონფლიქტების მიზეზები გააქროს – ვიდრე გვიანი არ არის“.

სტატია სენსაციად იქცა ევროპის საგარეო პოლიტიკური ინსტებლიშმენტისთვის და ამერიკაში პოლიტიკური ბრძოლის პროვოცირება მოახდინა.

ისინი ვინც არ ეთანხმებოდნენ ასმუსს (მათ შორის იყო გამოჩენილი დიპლომატი და ისტორიკოსი ჯორჯ კენანი) აცხადებენ, რომ ნატო-ს გაფრთოვება მხოლოდ ხელს შეუწყობდა ცივი ომის ბნელი საზღვრების აღმოსავლეთისკენ გაფართოვებას, გამოიწვევდა რუსეთის გაღიზიანებას და რისხვას და საგრძნობლად არ გააუმჯობესებდა სიტუაციას უსაფრთხოების სფეროში.

„ვფიქრობ სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ გაფართოვებას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე მომხრე“ – განაცხადა სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ სტროუბ ტელბოტმა, დღეს ბრუკინგსის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა – „არგუმენტთა უმრავლესობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ეს რუსებს არ მოეწონებოდათ, რაც რეალობას შეესაბამებოდა. მათ ეს არც მაშინ მოეწონათ და არც დღეს მოსწონთ“.

Foreign Affairs-ის სტატიამ დაარწმუნა ტელბოტი იმაში, რომ ასმუსი სახელმწიფო დეპარტამენტის რიგებში ნატო-ს გაფართოვების საკითხებში წამყვან მრჩევლად უნდა აეყვანა. ასმუსი ამ თანამდებობაზე 1997-2000 წლებში მუშაობდა.

გაფართოვების მხარდამჭერებმა მოკავშირეთა დიდი რაოდენობა მოიმხრეს, მათ შორის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი ჯორჯიის შტატიდან ნიუტ გინგრიჩი, რომელმაც ნატო-ს გაფართოვების საკითხი საკუთარ წიგნში ჩართო „Contract with America“ („კონტრაქტი ამერიკასთან“ (1994 წ)). ტელბოტის თქმით, მალე შემდეგი მოსაზრება დამკვიდრდა – „ჩვენ ვერ მივცემთ რუსეთს იმის უფლებას, რომ ვეტო დაადოს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ალიანსში გაწევრიანებას“.

1998 წელს აშშ-ს სენატმა ხმათა უმრავლესობით (80 19-ის წინააღმდეგ) იმ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელმაც პოლონეთს, უნგრეთს და ჩეხეთს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისცა.

2004 წელს ნატო ისევ გაფართოვდა, როდესაც ალიანსში ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ-ევროპის მთელი რიგი ქვეყნები გაწევრიანდა, მათ შორის სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა. 2009 წელს ბლოკს ალბანეთი და ხორვატია შეუერთდნენ.

ასმუსი, რომელიც უშუალოდ ეხმარებოდა ამ ქვეყნებს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, მიღებული აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროპული სახელმწიფოების რამდენიმე ჯილდო.

მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატის დენიელ ფრიდის თქმით, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს პოლონეთში ელჩად მუშაობდა, რონალდ ასმუსმა იმ ძალისხმევათა ინტელექტუალური საფუძველი უზრუნველყო, რომელთა განხორციელებაც კლინტონის დროს დაიწყო და გაგრძელდა უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პირობებში. ფრიდმა ამას „ორპარტიული საქმე“ უწოდა და თავის ელექტრონულ წერილში დაწერა, რომ „ყველაფერი დაიწყო, როგორც იზოლირებული და არაპოპულარული იდეა, მაგრამ გადაიქცა აშშ-ს და ნატო-ს პოლიტიკად, რომელსაც დღეს იმდენად წარმატებულად მიიჩნევენ, რომ ცოტას თუ შეუძლია იმის გახსენება, თუ რამდენად არაერთგვაროვნად მოსჩანდა ეს იდეა მაშინ“.

რონალდ ასმუსი 1957 წლის 29 ივნისს ქალაქ მილუოკში გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მედისონში, ვისკონსინის უნივერსიტეტში სწავლის დროს მან ბერლინში იმოგზაურა, რომელიც იმ დროს კომუნისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ და დემოკრატიულ დასავლეთად იყო გაყოფილი.

„რეალობა მისი ეკლიანი მავთულებით, კოშკურებით, რომლებზეც ავტომატიანი ადამიანები იდგნენ, ძაღლებით და სროლაზე ბრძანებებით, ჩემთვის იმ უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად იქცა, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება და მომავალი კარიერა“ – წერდა ასმუსი თავის ქრონიკაში „Opening NATO’s Door“ („ნატო-ს კარის გაღება“) ალიანსის გაფართოვებასთან დაკავშირებულ მოვლენაზე, „მარტივად თუ ვიტყვი, ამ რეალობამ შემძრა“.

უნივერსიტეტში მან სპეციალობა შეიცვალა და საინჟინრო საქმის ნაცვლად ისტორია და საერთაშორისო ურთიერთობები არჩია. მოგვიანებით მიიღო მაგისტრის და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ევროპულ თემატიკაზე ჯონ ჰოფკინსის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ფუნდამენტური საერთაშორისო კვლევების სკოლაში.

2002 წელს ასმუსი გახდა ვაშინგტონში მარშალის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მოგვიანებით ის სათავეში ჩაუდგა ფონდის ბრიუსელის განყოფილებას, ხოლო 2010 წელს გამოაქვეყნა წიგნი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში ინტერვენციაზე, სახელწოდებით „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ (A Little War That Shook the World).

რონალდ ასმუსს დარჩა მეუღლე ბარბარა ვილკინსონი და ვაჟი ერიკი, რომლებიც ბრიუსელში ცხოვრობენ, დედა კრიტინ შრიოდერ ვიტკე, რომელიც ჩრდილოეთ-კაროლინის ქალაქ როლში ცხოვრობს და ორი ძმა.

foreignpress.ge


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100