სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელევიზიის წინ "პოლიეთილენის საძინებელი" მოწყობილია

ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ისევ რჩებიან „სახალხო კრების“ მხარდამჭერები. დაახლოებით 21.30 საათზე რეგიონებიდან ჩამოსულ ჯგუფებს საკვები და წვენი დაურიგეს. „მაესტროს“ ეთერში, პირდაპირი ჩართვის დროს, ჟურნალისტის ზურგსუკან რამდენიმე მამაკაცი ჩანდა, რომლებიც ხაჭაპურს მიირთმევდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, არც თავისუფლების მოედანზე, არც ტელევიზიის წინ, მომიტინგეებისთვის სამომავლო მოქმედების გეგმა არ გაუმხელიათ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, „სახალხო კრების“ ლიდერებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ მიტინგზე ხალხს დეტალურ სამოქმედო გეგმას გააცნობდნენ და კატეგორიულად მოითხოვეს, ყველა ამ გეგმას დამორჩილებოდა. მაგრამ რომ დაემორჩილო, უნდა იცოდე, რას ემორჩილები, „სახალხო კრების“ მომხრეებმა კი ჯერ არაფერი იციან.

ამ არცოდნამ და ბუნდოვანებამ ბევრს ენთუზიაზმი გაუქრო და აღტკინება დაუცხრო: ტელევიზიის წინ ხალხის რაოდენობა მცირდება. ამ დროისთვის იქ დაახლოებით ათასი ადამიანია დარჩენილი, მაშინ როცა მომიტინგეთა თავდაპირველი რაოდენობა 5 ათასს უახლოვდებოდა.

ხმის გამაძლიერებლებიდან ცუდი სმენადობა, აქციის დეტალების გასაიდუმლოება და წინასწარ გააზრებული, დაგეგმილი ნაბიჯების ნაცვლად სპონტანური ქმედება, აქციის მონაწილეთა შორის ნასვამი მამაკაცების აშკარა სიჭარბე – ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ ხალხს აქციაზე გული აცრუვებოდა.

ამის მიუხედავად, ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ ხალხის რაოდენობა საკმარისია პროტესტის გამოსახატავად, ხოლო ხვალ ხალხს კიდევ უფრო დიდი მასა შეუერთდება და „უზარმაზარი“ მიტინგი გაიმართება. ამ მიტინგის დაანონსებისას ბათიაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სწორედ ხვალ იგეგმება დეტალური სამოქმედო გეგმის გამოცხადება.

როგორც ჩანს, „სახალხო კრების“ ლიდერებს ხალხი აშკარად ეცოტავათ, რადგან თითქმის ყველა მათგანი გამოსვლაში მოქალაქეებს მათ გვერდით დგომისა და სახლებიდან გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

მომიტინგეთა რაოდენობის შესანარჩუნებლად „სახალხო კრების“ ლიდერებმა ორიგინალურ მეთოდს მიაგნეს: ტერიტორიას ზოლები შემოავლეს, რითაც, სიმბოლურად, თავიანთ „სამფლობელოდ“ ქცეული კოსტავას ქუჩა მოინიშნეს.

ზოოპარკის წინ მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან საღამოს, პირდაპირი ჩართვების დასრულების შემდეგ, ბადრი ბიწაძის ავტომანქანაში მანქანის მფლობელი და ირაკლი ბათიაშვილი ისხდნენ და სამომავლო გეგმებს განიხილავდნენ. მალე ბიწაძემ შენიშნა, რომ მანქანა ცნობისმოყვარე ჟურნალისტების ალყაში აღმოჩნდა. იმისთვის, რომ მათი ხმა მანქანიდან არ გასულიყო, ბადრი ბიწაძემ ძრავა ჩართო.

ჩვენი ჟურნალისტების ცნობით, ღამისმთეველ მომიტინგეებს შორის უმრავლესობას რეგიონიდან ჩამოსული ნასვამი მამაკაცები შეადგენენ. მათმა უმრავლესობამ ფართო პოლიეთილენის ნაჭრები პირდაპირ შუა ქუჩაში დააფინა და მოვლენების განვითარების მოლოდინში დასასვენებლად წამოწვა.

მოხალისე ღამისმთეველთა შორის უმრავლესობა ისინი არიან, ვინც რეგიონებში ცხოვრობენ და თბილისში ღამის გასათევი არ გააჩნიათ, სასტუმროში მოწყობის ხარჯები კი „სახალხო კრების“ დეტალურ გეგმაში, როგორც ჩანს, შეტანილი არ არის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100