ოლეგ მელნიკოვს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, ოლეგ მელნიკოვს უკრაინის, კერძოდ კიევის დარნიცკის რაიონულმა სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში იქნება განხილული მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხიც.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, კიევში 7 დეკემბერს დააკავეს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, დათა ახალაიას, აგრეთვე, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 დეკემბერს დაუსწრებლად შეუფარდა. არც ერთი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემ 2012 წლის 5 ოქტომბერს დატოვეს საქართველო, ალანიამ - 22 ოქტომბერს, ხოლო მელნიკოვმა 2010 წლის 2 დეკემბერს და მის შემდეგ ქვეყნის საზღვრები არ გადმოულახავთ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინა სასამართლო სხდომა 2013 წლის 16 იანვრისთვის ჩაინიშნა.
კუდ-ის მაღალჩინოსნები უფლებამოსილების გადამეტაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი. საქმე ეხება 2005 წელს პოლიციელების ცემას, რომლებსაც ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.
კომენტარი