მთავრობის ახალი წევრების ვინაობა უკვე ცნობილია
თავდაპირველად პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უკვე დაასახელეს მთავრობის ახალი წევრების ვინაობა, რომელთა შესახებ ცნობა საქართველოს პარლამენტს უკვე გაეგზავნა.
ცნობილი გახდა, რომ ჩატარდა შემდეგი საკადრო ცვლილებები: შს სამინისტროს სათავეში ბაჩო ახალაია ჩაუდგება, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი გახდება, განათლების მინისტრად ხატია დეკანოიძეს წარადგენენ, ხოლო დევნილთა და განსახლების მინისტრად პარლამენტს დალი ხომერიკის კანდიდატურა წარედგინება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი შვიდგვერდიანი მთავრობის სამოქმედო გეგმა პარლამენტის ბიუროზე უკვე განიხილება.
ვანო მერაბიშვილი ფრაქციების წევრებსაც შეხვდება. მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემდეგ შს მინისტრის თანამდებობა ვაკანტური გახდა.
ამ თანამდებობაზე წარდგენილი ბაჩო ახალაია მანამდე თავდაცვის მინისტრი იყო, ახალაიას შემცვლელად წარდგენილი დიმიტრი შაშკინი კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად წარდგენილი ხატია დეკანოიძე ეროვნული საგამოცდო ცენტრის დირექტორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მაია მიმინოშვილი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
რაც შეეხება დევნილთა და განსახლების მინისტრად წარდგენილ დალი ხომერიკს, ის მანამდე აფხაზეთის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა. დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის სახელით მაჟორიტარად იყრის კენჭს მესტიაში.
კომენტარი