სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტუდენტური პრობლემები - რა ხდება თსუ-ში?

რამდენად მაღალია საქართველოში განათლების დონე? არის თუ არა, სწავლის საფასური და მიღებული ცოდნა ერთმანეთთან შესაბამისობაში? რა პრობლემებს აწყდებიან სტუდენტები, როდესაც ისინი დასაქმებას სწავლის პარალელურად ცდილობენ? რამდენად რთულია სტიპენდიანტის სტატუსის მიღება...

ჩვენ გვაქვს კითხვები, რადგან არსებულ პრობლემებზე საუბრის დაწყებას ვცდილობთ. რეალური პასუხების მიღება კი მხოლოდ მათგან შეიძლება, ვისაც ეს პრობლემები უშუალოდ ეხება, ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს რამდენიმე სტუდენტთან:

სანდრო ტაბატაძე თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მე-3 კურსის სტუდენტი.

- „სანდრო, როგორ ფიქრობ, მოდის თუ არა, საქართველოში სწავლის გადასახადი და მიღებული განათლება ერთმანეთთან შესაბამისობაში?

- საერთაშორისო მასშტაბით, 2250 ლარი წელიწადში დაბალი გადასახადია, თუმცა, თუ მას მიღებულ განათლებას შევადარებთ, ის შეუსაბამოდ მაღალი გამოდის, რამდენიმე მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, უნივერსიტეტს 2250 ლარი სტუდენტის ერთწლიანი მომსახურეობა ნამდვილად არ უჯდება, რასაც თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან მივყავართ.

სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს სწავლების თანამედროვე მეთოდები და საგამოცდო სისტემაც მხოლოდ ფაქტობრივ საკითხებზეა ორიენტირებული და არა ინფრომაციის ტრანსფორმაციაზე. რაც შეეხება სილაბუსებს, მეტწილად კარგადაა შედგენილი, თუმცა, სამწუხაროდ, სწავლების მეთოდები საკმაოდ მოძველებული, ფაქტებზე ორიენტირებული და კონკრეტულია.

- რამდენად არის სწავლებისთვის აუცილებელი ლიტერატურა ხელმისაწვდომი?

- გააჩნია მეცნიერებას, ზოგიერთ მიმართულებაზე გაცილებით მეტი აკადემიური ლიტერატურაა ნათარგმნი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ სახელმძღვანელოების ნაწილია ხელმისაწვდომი ქართულად, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კარგი იქნება თუ უფრო მეტი აკადემიური ნაშრომები იქნება“.

„მარიამ ახალაური ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტი გახლავთ.

- მარიამ, უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორის არსებობის გამო, საკმაოდ რთულია ისეთი სტუდენტის პოვნა, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობასაც ახერხებს, მაგრამ შენ ეს მაინც შეძელი. რა სახის პრობლემებთან გიწევდა გამკლავება ?

- პირველი სემესტრი უნივერსიტეტში მხოლოდ სწავლითა და არსებულ სიტუაციაში, გარემოში გარკვევით შემოიფარგლებოდა. შემდეგ ეტაპზე ყოველივე ახალი რუტინად იქცა.

ძალიან მინდოდა სწავლის პარალელურად დამატებითი პრაქტიკული გამოცდილების მიღება, ყოველდღიური საქმიანობის გამრავალფეროვნება და ჩემს სფეროში წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

დავიწყე სტაჟირებებისა და ვაკანსიების ძიება, თუმცა, ეს ყველაფერი ასეთი მარტივი არ აღმოჩნდა. ამ ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ რთული იყო და მთავარ პრობლემას დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული გრაფიკისა და სასწავლო ცხრილის შეუთავსებლობა წარმოადგენდა.

უნივერსიტეტში საგნები დროის მიხედვით არეულადაა გადანაწილებული და შეუძლებელია სასწავლო ცხრილი ისე შეადგინო, რომ სწავლის პროცესი მხოლოდ დღის ერთ ან მეორე ნახევარს მოიცავდეს.

ამის გამო რამდენიმე ვარიანტზე უარი ვთქვი, რადგან შეუძლებელი იყო დამეკმაყოფილებინა დამსაქმებლის მოთხოვნები და ნახევარგანაკვეთზე მომეხერხებინა მუშაობა.

რამდენჯერმე პრობლემა შემექმნა სტაჟირების დაწყების შემთხვევაშიც. ხშირად, ცხრილში საგნები ისე გადანაწილდება, რომ დღის განმავლობაში ლექციებს შორის გვიწევს რამდენიმესაათიანი შუალედები.

ეს შუალედები არც იმდენად დიდია, რომ მოახერხო უნივერსიტეტიდან გასვლა, მუშაობა და არც იმენად პატარა, რომ არ შექმნას დისკომფორტი.

შედეგად, შესაძლოა გქონდეს მხოლოდ ორი ლექცია, მაგრამ დაგეკარგოს მთელი დღე და ვერ მოახერხო სტაჟირებისთვის აუცილებელი კვირის საათების შევსება.

- როგორ მოახერხე არსებულ პრობლემებთან გამკლავება?

- თითქოს, ორი გზა მრჩებოდა: ან სწავლა, ან მუშაობა. ჩემთვის, პიროვნულად წარმოუდგენელი იყო სწავლასა და უნივერსიტეტში სიარულზე უარის თქმა. ძალიან დიდი შრომისა და ძიების შემდეგ მოვახერხე მომეძებნა სამსახური, რომელიც მაქსიმალურად მოერგებოდა ჩემს გრაფიკს.

მიუხედავად ამისა, ახლაც ვაწყდები პრობლემებს გამოცდების პერიოდსა თუ დამატებითი პროექტების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყოველი ახალი სემესტრის დაწყება ახალ პრობლემებთანაა დაკავშირებული. გასული სემესტრისა და ახალი სემესტრის ცხრილი აბსოლუტურად განსხვავებულია, რასაც ხშირად გამოუვალ მდგომარეობამდეც კი მივყავარ“.

ანა ურუშაძე უკვე მესამე სემესტრია, რაც თსუ-ს სტიპენდიატია. ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე სწავლობს.

- ანა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უკვე მესამე სემესტრია, რაც თსუ-ს სტიპენდიანტი ხარ. რამდენად რთული იყო სტიპენდიანტის სტატუსის მოპოვება?

- ჩემი აკადემიური მოსწრებიდან და ქულებიდან გამომდინარე, უფრო დიდი ხნის წინ უნდა მქონოდა სახელმწიფო სტიპენდია, მაგრამ ვინაიდან თსუ-ში მისი მოპოვების განსხვავებული და შედარებით გართულებული პროცედურები არსებობს, სტიპენდიის აღება მხოლოდ მეორე კურსის ბოლოს მოვახერხე.

თავდაპირველად, როდესაც მაღალი საშუალოსა და ჯიპიეის მიუხედავად, სიის გარეთ ვრჩებოდი და ვერ ვაკმაყოფილებდი შესაბამის მოთხოვნებს, არადა, ჩემი დაკვირვებით ქულებით სიაში უნდა ვყოფილიყავი, ძალიან დიდ იმედგაცრუებასა და გულისტკივილს ვგრძნობდი.

ვიცი, რომ სხვა უნივერსიტეტებში თავად ადმინისტრაცია არჩევს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს და ისე უნიშნავს სტიპენდიას, მაგრამ ჩვენთან ეს საკმარისი არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ სემესტრში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა იკლებს, მაგალითად, თუ თავიდან მათი რაოდენობა 100- მდე იყო, წელს 84 სტუდენტიანისია შედგა, რის გამოც ძალიან ბევრი სტუდენტი სტიპენდიის აღების შანსს კარგავს.

ასევე პრობლემაა ისიც, რომ სტუდენტმა სტიპენდიის მოსაპოვებლად თავად უნდა შეიტანოს განაცხადი და ამისთვის გარკვეული პერიოდია გამოყოფილი, რაც უმეტესად სამი დღით განისაზღვრება. ხშირად მინახავს ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ რეალური შანსი, თუმცა, დროის გადაცილების გამო ვერ მოახერხეს სტიპენდიის აღება.

ბოლოს გადავწყვიტე ტაქტიკა შემეცვალა და მოვრგებოდი იმ მოთხოვნებს, რაც არსებობდა სტიპენდიატის სტატუსის მოსაპოვებლად. გავარკვიე, რომ გარდა მაღალი აკადემიური მოსწრებისა, აუცილებელი ყოფილა სამეცნიერო საქმიანობაც, რაშიც იგულისხმება სემესტრულად კონფერენციებში მონაწილეობის მიღება და სამეცნიერო ნაშრომების წერა.

გამოცდილება ნელ-ნელა შევიძინე, ბევრ სტუდენტურ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა და შესაბამისად დაგროვილი ქულები საკმარისი აღმოჩნდა სტიპენდიის მოსაპოვებლად.

- საუბრისას სამეცნიერო საქმიანობა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება ახსენე. სად არის შესაძლებელი მიმდინარე კონფერენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, არსებობს თუ არა, საინფორმაციო ცენტრი?

- სამწუხაროდ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ინფორმაციის ნაკლებობაა. მე მხოლოდ მეორე კურსზე გავიგე თუ რა იყო საჭირო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მიმაჩნია, რომ უფრო მეტი საინფორმაციო შეხვედრა უნდა ტარდებოდეს და მეტი ბუკლეტი გაიცემოდეს სტუდენტებისთვის, რათა ყველა მსურველს ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია სტიპენდიის მოპოვების პროცედურებზე და ზუსტად იცოდეს, რა და როგორ უნდა გააკეთოს.

თავად სამეცნიერო საქმიანობასაც რომ შევეხოთ, როცა მოთხოვნა არის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და რეალურად, ეს სფერო სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და შესაბამისია, ვიჩაგრებით ერთგვარად, ჟურნალისტები.

კრიტერიუმების ცვლილების შემდეგ სტატიები და სიუჟეტები აღარ ითვლება და მხოლოდ კონფერენციები და სამეცნიერო პუბლიკაციები დარჩა კრიტერიუმებში.

სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ უნდა მოეწყოს უფრო ბევრი კონფერენცია და უნდა არსებობდეს ლიცენზირებული სამეცნიერო ჟურნალი, სადაც პუბლიკაციების გამოქვეყნება იქნება შესაძლებელი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100