გიორგი ვაშაძე - ოთხშაბათს სესია გავაუქმებინეთ, ხუთშაბათს რკინის ბარიკადებით თვითონ ჩაკეტეს პარლამენტი, დღეს ჩვენს ნაცვლად მათ მოუწიათ ღამის გათენება - ძალიან მაგრად მივდივართ
ოთხშაბათს გავაუქმებინეთ სესია, ხუთშაბათს რკინის ბარიკადებით თვითონ ჩაკეტეს პარლამენტი, დღეს ჩვენს ნაცვლად მათ მოუწიათ ღამის გათენება, ძალიან მაგრად მივდივართ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის წინ იმყოფება.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციას უნდა, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები გაიმართოს.
„ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ერთ კონკრეტულ ადამიანს. ახლა გამოდიან და ამბობენ, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო, უბრალოდ ამას ხალხი ვერ გრძნობს და ოპოზიცია კრიტიკულად აფასებსო. სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე შევედი, მილიონი ადამიანი სამუშაო ადგილს ეძებს, 200 ათასზე მეტი ბავშვი მშიერია და არ იცის რა უნდა ჭამოს, ხალხი გარბის ქვეყნიდან. თვითონაც გვეუბნებიან, რომ ევროკავშირში სამუშაო კვოტებს ავიღებთო. ევროკავშირში სამუშაო კვოტები არ არის სახელმწიფოს მიზანი. სახელმწიფოს მიზანი არის აქ შექმნას სამუშაო ადგილები. რა გვინდა, რომ ქვეყანა იყოს მხოლოდ პენსიონერების და ბავშვების, დანარჩენი ოჯახები დავშალოთ ფაქტობრივად და მშობლები მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმისთვის, რომ შვილებს ელემენტარულად აჭამონ? მე ასეთ საქართველოში არ მინდა ცხოვრება. ამისთვის ვიბრძვით, რომ თითოეულ სოფელსა და ქალაქს თავისი განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს და ადამიანს დასაქმების შესაძლებლობა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მსგავსი დისკომფორტის შექმნას იქამდე აპირებენ, ვიდრე ისინი ხალხს არ მოუსმენენ.
კომენტარი