იაპონელებმა „ინტერნეტზასავის“ ხელსაწყო შექმნეს
სულ ცოტა ხნის წინ, მაისში ინტერნეტ-სივრცე სენსაციურმა ცნობამ წალეკა: იაპონელმა სწავლულებმა მიაგნეს ხერხს და შექმნეს სპეციალური მოწყობილობა, რომლის გამოყენებითაც ინტერნეტკოცნა სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო.
ასე რომ, თუ გინდა, შენგან შორს მყოფ ადამიანს აკოცო და ამ კოცნის განცდა მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალურთან, ამაში ხელს ვერც მანძილი შეგიშლის და ვერც გარემოება, სადაც იმყოფები - მთავარია ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომი.
ისეთი მოწყობილობის შექმნაზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა ინტერნეტკოცნას, ტოკიოს ელექტროკომუნიკაციის უნივერსიტეტის სწავლულთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. მაშ ასე, როგორ უნდა აკოცო ინტერნეტით?
რასაკვირველია, ერთმანეთის ჟინით დამწვარ წყვილს საგანგებო მოწყობილობა უნდა ჰქონდეს, რომელსაც კომპიტერს უერთებენ. ეს კომპიტერისთვის განკუთვნილი, დაახლოებით საშუალო სიდიდის ყურთსასმენისოდენა სპეციალური პლასტმასის მილია, რომელსაც ბოლოში ოდნავ ფართო დაბოლოება აქვს და იაპონელთა მთელი საიდუმლო სწორედ ამ დაბოლოებაშია, რასაც ჯერ არ ამხელენ. სწორედ ეს ფართო ბოლო უნდა ჩაიდოს პირში, ვთქვათ, სიღნაღში მყოფმა თაკომ და ენით საათის ისრის მიმართულებით უნდა ატრიალოს ბურთულა, რომელიც მილშია დატანებული. ამ დროს იგივეს აკეთებს, ვთქვათ, კანბერაში მყოფი ჯონდო. მთავარია თაკოს და ჯონდოს ჰქონდეთ ინტერნეტი, იაპონელთა მიერ გამოგონებული მოწყობილობა, რომელიც სულ მალე თავისუფლად გაიყიდება და მოქმედება შეთანხმებულად უნდა დაიწყონ. სულ ეს არის: წყვილი სინქრონულად ატრიალებს ბურთულას ენით და ორივე გძნობს ზუსტად (ან თითქმის ზუსტად) იგივეს, რასაც იგრძნობდნენ, ეს მოწყობილობა რომ არ სჭირდებოდეთ და ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. როგორც იტყვიან, ყველაფერი გენიალური - მარტივია.
ალბათ, არ ღირს იმის ახსნა, რამდენად პოპულარული გახდება ხელსაწყო მთელ მსოფლიოში. ერთადერთი, რაზეც ჯერჯერობით ხელი არ მიუწვდებათ არც იაპონელ და არც სხვა ქვეყნის სწავლულებს - ინტერნეტით სექსია. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ სექსს ვგულისხმობ, თორემ ვირტუალური სექსი ისეთივე ძველია, როგორც ამ სტატიის ავტორის პროფესია. ემანდ, ცუდი არაფერი იფიქროთ, ჟურნალისტის პროფესიას ვგულისხმობ...
კომენტარი