„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით „ფრანის“ საახალწლო კონცერტი გაიმართება
28 დეკემბერს, ზესტაფონში და 29 დეკემბერს, ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები და ჯგუფ „ფრანის“ კონცერტი გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საახალწლო ღონისძიებები საბავშვო კალენდრების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოებასაც ითვალისწინებს. ეს არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც ბოლო წლებია, ტრადიციულად ტარდება ჭიათურასა და ზესტაფონში, ასევე მუნიციპალიტეტების სოფლებში.
„კონკურსის მიმდინარეობისას, კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები სამთო და მეტალურგიის თემაზე ნამუშევრებს წარმოადგენენ. როდესაც გამოვლინდებიან საუკეთესო ნამუშევრების ავტორები, მერე ამ ბავშვების ნახატებით წლის კალენდარი გამოიცემა“, – განმარტავენ კონკურსის ორგანიზატორები.
წლეულსაც ტრადიცია არ დაირღვა და ასეთი კონკურსი ჩატარდა.
გამარჯვებული მოსწავლეები ჭიათურასა და ზესტაფონში დაგეგმილ ზემოხსენებულ საახალწლო ღონისძიებებზე დაჯილდოვდებიან და მათ „ჯორჯიან მანგანეზი“ სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.
ღონისძიებებს გაუძღვება მსახიობი მაკა შალიკაშვილი. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, რეგიონისთვის ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენი კომპანია ყოველთვის ხელს უწყობს, რომ რეგიონში რაც შეიძლება მეტი სადღესასწაულო განწყობა და სიახლე სუფევდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
კომენტარი