ოდესელები ორი კვირის განმავლობაში ლუდით „გაიჭყიპებიან“
შემოდგომაზე სამხრეთ პალმირაში ორი უდიდესი ფესტივალია დაგეგმილი, რომელიც ამ მარადიულ სასმელს ეძღვნება. პირველი სტარტს 15 სექტემბრიდან აიღებს „რივეირაში“ და ოთხი დღის განმავლობაში ერთ–ერთი ფირმა ოდესელებს ლუდითა და ლუდთან შესაფერისი სასუსნავებით გაუმასპინძლდება.
„ეს პირველი ფესტივალია, ამიტომაც, ჯერჯერობით, უკრაინული ლუდის კორპორაციებიდან მხოლოდ ორი მონაწილეობს. მათ გარდა, ფესტივალს კიდევ ორი ლუდის მწარმოებელი, ადგილობრივი ფირმა უმასპინძლებს“, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი, ოლგა ტარასოვა.
ფესტივალის პროგრამაში, რასაკვირველია, შედის კონკურსები – ვინ უფრო მეტს და უფრო სწრაფად დალევს ლუდს – შესაბამისი პრიზებით, ხოლო იმ გერმანელების შთამომავლები, რომლებიც ოდესაში კარგა ხნის წინ დასახლდნენ და ლუდის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ფესტივალის მონაწილეებს ნაციონალური სიმღერებითა და ლუდის სმასთან დაკავშირებული სხვა რიტუალებით გაართობენ. რასაკვირველია, ფესტივალს დაამშვენებენ ლუდის მოყვარული და სანახევროდ შიშველი მკერდსავსე უკრაინელი ლამაზმანებიც.
უკვე მეორე დღეს, ანუ, 16 სექტემბრიდან კი პირდაპირ ქალაქის ცენტრში მეორე ფესტივალი დაიწყება. ორგანიზატორები იუწყებიან, რომ ფესტივალის ერთ, ყველაზე იღბლიან მონაწილეს სუპერპრიზი – ნახევარი ტონა ლუდი ელოდება...
კომენტარი