თამთა ლიპარტელიანის ძებნა გრძელდება
კუნძულ უტეიაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაკარგული ქართველი გოგონას, 23 წლის თამთა ლიპარტელიანის ძებნა გრძელდება. საქართველოს სოციალისტური პარტიის ახალგაზრული ფრთის ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, ნორვეგიაში ადგილობრივი ახალგაზრდა ლეიბორისტების მიწვევით გაემგზავრა. როგორც ცნობილია, მასთან ერთად მეორე გოგონა, ნათია ჩხეიტიანიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, ოსლოს პოლიცია, თამთას შესახებ, არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. უკვე ნორვეგიაში იმყოფებიან გოგონას მშობლები, რომელნიც იქ გუშინ გადაფრინდნენ და შვილის ძებნის პროცესში ჩართვას თავად აპირებენ. დაკარგულების რიცხვის შესახებ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება, განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებს. რამდენიმე დაკარგული, ამოცნობის შემდეგ, გარდაცვლილთა სიას მიემატა. ამოცნობის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
უტეია პატარა კუნძულია, რომელიც ტიურიფორიდის ტბაში მდებარეობს. უახლოეს ნაპირამდე, 600 მეტრია. დატრიალებული საზარელი სასაკლაოს დროს, კუნძულზე მყოფმა ბევრმა მოზარდმა, გაქცევა ცურვით სცადა. ცნობილია, რომ თამთა ლიპარტელიანმა ცურვა არ იცოდა. გოგონას ძებნაში საქართველოს საკონსულოცაა ჩართული. კონსული ნინო ქოჩორაშივილი, რომელიც შვებულებაში იმყოფებოდა, ნორვეგიაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
კომენტარი