სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ ერთხელ მოვიდნენ, ძნელი იქნება ვაიძულოთ ისინი, ტერიტორია დატოვონ"

"არ გვინდა, დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში მარიონეტები ვიყოთ"- განაცხადა პოლონურ Warsaw Business ჟურნალთან ექსკლუზიური ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსაუფაშვილმა.

პოლონურ გამოცემასთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ დიდი გაკვეთილი მიიღო 2008 წელს, როცა რუსეთი დაგვესხა თავს.
"ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას კი დღემდე აქვს ურთიერთობა რუსეთთან და მოსკოვთან თანამშრომლობს. არც ერთ დასავლურ ქვეყანას არ მივუთითებ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ იმიტომ, რომ 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს. ზოგადად, რუსეთის საკითხთან მიმართებაში ახალი ხელისუფლება უფრო პრაგმატულია, ვიდრე მისი წინამორბედი. ვიცით, რომ რუსეთის გაღიზიანებით ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს უფრო გავურთულებთ მოსკოვთან ჩვენს სასარგებლოდ საუბარს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის განახლების შესაძლებლობა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გახსნილები ვართ დიპლომატიური შესაძლებლობების მოსასინჯად, რათა ახლო მომავალში სიტუაცია გავაუმჯობესოთ. პოლონეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვინც ამ პროცესშია ჩართული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული და ძალიან რთული იქნება რუსი ჯარისკაცების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა.
"თუ ერთხელ მოვიდნენ, ძნელი იქნება ვაიძულოთ ისინი, ტერიტორია დატოვონ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დიდ პროგრესს აღწევს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების საკითხში.
"ჩვენი საბოლოო მიზანი ჩვენი ხალხის კეთილდეობაა, ასე რომ, ჩვენს ევროკავშირელ კოლეგებს ვეუბნებით, რომ თუ ევროპაში საქართველოს მჭიდრო ინტეგრაცია დაგვიანებით მოხდება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ ცვლილებების შესრულებას, რასაც ევროკავშირი მოითხოვს ჩვენგან, ისევ და ისევ, ჩვენი და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100