სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპირველაპრილო, ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი...

წელიწადში ერთხელ შეიძლება მოიტყუო, ან მოტყუებული დარჩე და ამით არაფერი დაშავდეს. პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან თუნდაც, მთელი მსოფლიოს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ეს არის დღე, როცა ტყუილების გარემოცვაში ადამიანი თავს მოტყუებულად არ გრძნობს. „სულელების დღის“ წარმოშობის დრო და ადგილი უცნობია. ზოგადად კი „კეთილი ტყუილების“ დღე ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.

ვარაუდობენ, რომ თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიაობისას იმართებოდა. დიდ ბრიტანეთში, უძველესი დროიდან პირველი აპრილი დღესასწაულად ითვლებოდა და მე–18 საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა.

ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია საფრანგეთიდან გავრცელდა, ამ ცნობას კი 1508 და 1539 წლების სხვადასხვა ფრანგული და დანიური წყაროები ადასტურებენ.
საფრანგეთმა ახალი წლის პირველ იანვარს აღნიშვნა დააკანონა. ჩარლზ მეცხრემ ეს ბრძანება 1564 წელს, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლამდე რამდენიმე წლით ადრე გასცა. აქედან გამომდინარე, ახალი წლის აღნიშვნა პირველი იანვრის წესად გადაიქცა, რაც მანამდე პირველი აპრილის „მოვალეობა“ იყო. აღნიშნული ცვლილება მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გააპროტესტა და ამის გამო, პირველ აპრილს ერთმანეთს „ყალბ“ საჩუქრებს უგზავნიდნენ.

მეოცე საუკუნის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა კი ამ ტრადიციას უფრო ფართო მასშტაბის სახე მისცა. ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით, შესაძლებელი გახდა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის „გაბითურება“ ერთი „უწყინარი“ ხუმრობით. ასეთ „მედია ტყუილებს“ კი საფუძველი BBC– მ ჩაუყარა.

1957 წელს ავტორიტეტულმა სატელევიზიო შოუმ “Panorama” გამოაცხადა, რომ თბილი ზამთრის წყალობით, შვეიცარიის ფერმერები სპაგეტის ორჯერ გაზრდილ მოსავალს იღებდნენ. ტექსტს ფოტო მასალაც ახლდა და სწორედ ამან განაპირობა ინფორმაციის სისწორეში საზოგადოების დარწმუნება. BBC – ის ოფისში ზარები არ წყდებოდა – ხალხს სპაგეტის საკუთარი ხე მოუნდა. ოფისიდან კი სრულიად დამაჯერებლად პასუხობდნენ: „ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში მოათავსეთ და უკეთეს მოსავალს აიღებთ“.

1976 წელს BBC– ის Radio-2 – ის პირდაპირ ეთერში მიწვეული იყო ასტრონომი პატრიკ მური. მან ბრიტანეთის მოსახლეობას პირდაპირ ეთერში აცნობა, რომ ზუსტად 21:47 წუთზე მოხდებოდა უნიკალური ასტრონომიული მოვლენა, რომლის განცდა სახლიდან გაუსვლელად იყო შესაძლებელი. მითითებული დროისათვის პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც დროებით გრავიტაციულ სწორებას გამოიწვევდა და დედამიწის მიზიდულობის ძალაზეც მოახდენდა გავლენას. ასტროლოგმა მსმენელებს უთხრა, რომ თუ ზუსტად ამ დროს ახტებოდნენ, რამდენიმე მილიწამით ჰაერში გაჩერდებოდნენ. 21:47 საათის შემდეგ ოფისში ხალხმა იწყო რეკვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მართლაც მოახერხეს ჰაერში გაჩერება.

2002 წელს ბრიტანულმა სუპერმარკეტმა გამოაქვეყნა რეკლამა ჟურნალში “The sun”. რეკლამა „გენმოდიფიცირებული სასტვენიანი“ სტაფილოების გაყიდვაში შესვლის ამბავს გვამცნობებდა. რეკლამის მიხედვით, ახალი ჯიშის სტაფილოებს, ზრდის დროს ცალ მხარეს ხვრელი (სასტვენი) რჩებოდათ, სასტვენი კი სტაფილოს მოხარშვას დიასახლისს სტვენით ამცნობდა. შედეგმაც არ დააყოვნა და სუპერმარკეტიდან უამრავი იმედგაცრუებული მომხმარებელი შინ ჩვეულებრივი სტაფილოებით დაბრუნდა.

2005 წელს კომპანია „GOOGLE”–მა მსოფლიოს საკუთარი გამაგრილებელი სასმელის – Google Gulp–ის გამოშვება ამცნო. საზოგადოების ყურადღება კი იმან მიიპყრო, რომ ახალი სასმელი მის მომხმარებელს ინტელექტის კოეფიციენტის ამაღლებას ჰპირდებოდა.

ხუმრობა კარგია, ის ხომ სიცილის გამომწვევია და თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, სიცილი ცხოვრებას გვიხანგრძლივებს. პირველი აპრილიც ამიტომაა დადებითად დამუხტული დღე, მაგრამ სწორედ იმ ფაქტორის გამო, რომ ეს დღე „ტყუილების დღედ“ ითვლება, ყოფილა შემთხვევები, როცა რეალობაც ხუმრობად ჩაუთვლია საზოგადოებას.

1946 წლის 1 აპრილს ჰავაის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმა 165 ადამიანი იმსხვერპლა. ეს ტრაგედია კი იმიტომ დატრიალდა, რომ ხალხს რადიოტალღებით მოსმენილი გაფრთხილებები ტყუილი და საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა. ისინი არც ცნობადი სახეების გარდაცვალებას იჯერებენ ამ დღეს და ხშირად, მსოფლიო დონის სენსაციური ამბებიც უყურადღებოდ დაუტოვებიათ.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მედიასაშუალებებში სახუმარო სიჟეტების გაშვება აკრძალულია. თუმცა აკრძალვა საქართველოს მედიასივრცეს არ ეხება და ჩვენი ქვეყნის გაზეთები, სხვა სახის ბეჭდური გამოცემები და ტელევიზიებიც არ არღვევენ პირველი აპრილის ტრადიციას.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კარგად ახსოვს 2009 წლის 1 აპრილს გადაცემა „პატრულის“ მიერ გავრცელებული „ახალი მბები“. თურმე ყვავილებით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა, მართვის მოწმობის აღება კი გარკვეული საფასურის გადახდით ყოფილა შესაძლებელი. ამავე გადაცემაში გავიდა ვიდეომასალა, როგორ „გარბოდნენ“ ცხოველები და ქვეწარმავლები თბილისის ზოოპარკიდან, პოლიციის თანამშრომლები კი ხალხს ვარაზისხევზე ფრთხილად ასვლას სთხოვდნენ, რადგან გაქცეული ავაზა არ ჰყავდათ დაჭერილი. ამ გადაცემის ნახვის შემდეგ ბევრს არ გახსენებია, რომ 1 აპრილი იყო და შეშინებული მოსახლეობა პატრულში ამ ამბების დასაზუსტებლად უფრო რეკავდა, ვიდრე კრიმინალური შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.

პირველი აპრილი ის დღეა, როცა საზოგადოების უმრავლესობა მაქსიმალურად ბევრი, ძირითადად, უწყინარი ტყუილის თქმას ცდილობს. ეს არის დღე, როცა თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ერთი და იგივე საქმითაა დაკავებული – ისინი იტყუებიან. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთისთვის 1 აპრილი აბსოლუტურად ჩვეულებრივი დღეა, იგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც, მაინც რჩება უწყინარი ტყუილების დღედ. დღედ, როცა ადამიანმა ეჭვის თვალით უნდა შეხედოს ყველა სენსაციურ ცნობას, მიუხედავად იმისა, რამდენად კომპეტენტური და ავტორიტეტული წყარო ავრცელებს მას...

presa.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100