ილია ჯაფარიძის მამა: რუსეთში ქართველების ცხოვრება შეუძლებელია
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა მოსკოვში ეთნიკური ნიშნით მოკლული ქართველის ილია ჯაფარიძის მამამ. მისი თქმით, რუსეთში ქართველების ყოფნა, პრაქტიკულად, სახიფათო გახდა. ილია ჯაფარიძე მოსკოვში 2009 წელს მოკლეს.
თავდაპირველად გამოძიება ეთნიკურ ნიადაგზე მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ, კვალიფიკაცია შეიცვალა და მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ილია ჯაფარიძის მშობლებმა რამდენიმე საჩივარი ზემდგომ ორგანოებში გაგზავნეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად რუსეთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.
ილია ჯაფარიძის მამა აცხადებს, რომ რუსეთში საცხოვრებლად არასდროს დაბრუნდებიან, სარჩელი კი შესაძლოა, ევროსასამართლოშიც გაგზავნონ. ჯაფარიძეების ოჯახი მოსკოვში 27 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
კომენტარი