როლანდ ახალაია: „ჩემი შვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებ!“
სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებასთან, სადაც დღეს თავდაცვისა და შს ექს–მინისტრი ბაჩო ახალაია გადაიყვანეს, ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილნი.
ბაჩო ახალაიას მამა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია აცხადებს, რომ მომხდარით გაოგნებული: „ასეთ რამეს ვერაფრით წარმოვიდგენდი, იმის მიუხედავად, რომ წულუკიანი ბაჩოს სახალხოდ ეძახდა მკვლელს. ბაჩო ამ ხელისუფლების პირადი მძევალია და ჩემი შვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებას ვაკისრებ!“, – განაცხადა ბაჩო ახალაიას მამამ და ჟურნალისტებს მიმართა შეკითხვით, ახლა რატომ არ აპროტესტებენ არაფერს, როცა აშკარად ირღვევა კანონი.
როლანდ ახალაია ყოფილი შს მინისტრის მიმართ აღძრული საქმის დეტალებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროკურორობის ოცდაათწლიანი სტაჟის განმავლობაში ასე „შეკერილი“ საქმე ჯერ არ უნახავს:
„ჯერაც შოკში ვართ და სამოქმედო გეგმაც ვერ დაგვისახავს. ასე არ ხდება თვით ყველაზე იაფფასიან სერიალებშიც კი. მაინტერესებს, რომელი კანონის ფარგლებში ჯდება ეს გადაწყვეტილება და როგორ მოხდა, ასეთი აწყობილი სისტემა ერთ თვეში რომ ჩამოინგრა?!".
ბაჩო ახალაიას გადაყვანას მე–7 საპყრობილეში მისი ადვოკატიც გამოეხმაურა:როგორც მან ჟურნალსიტებს განუცხადა, ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით ხდება და სხვას არაფერს უკავშირდება. ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორია თავად ბაჩო ახალაიას პოზიცია, ადვოკატმა უპასუხა: „რა უნდა თქვას პატიმარმა, რომელიც იმყოფება იქ, სადაც არ უნდა იყოს?“
კომენტარი