პროკურატურა სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაესში ასაჩივრებს და ნიკა გვარამიასთვის კიდევ უფრო მძიმე სასჯელს ითხოვს
მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი ამბობს, რომ ბრალდების მხარე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება არ ეთანხმება და მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობას გულისხმობდა, ბრალის მეორე ნაწილში სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და გვარამიას ბრალი დაუმძიმა კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილში - სასამართლომ 50 000 ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეცვალა.
რაც შეეხება მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს მოსყიდვას იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას [სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილი] და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლომ აქაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და ნიკა გვარამია გაამართლა.
სწორედ ამ ნაწილს არ ეთანხმება პროკურატურა და ამბობს, რომ ამ ბრალდების "უტყუარი მტკიცებულებები" არსებობს, რომელსაც უზენაეს სასამართლოში წარადგენენ.
"სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება, ჩვენ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპოვებული გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრული ეჭვითა და სტანდარტით ადასტურებს სამივე პირს ჩადენილი აქვს ბრალად წარდგენილი ქმედება და გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე ხსენებულ პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში", - თქვა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარეც. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამია დღეს პატიმრობაში დატოვა და სასჯელიც დაუმძიმა. თუმცა, იმის გამო, რომ ერთმანეთს ემთხვევა, სასჯელის ვადა - 3 წელი და 6 თვე არ იზრდება.
კომენტარი